ეკონომიკასაზოგადოება

სანქციების გამო WorldRemit-მა საქართველოში გზავნილები შეაჩერა

1 მარტი, 2022 • 12562
სანქციების გამო WorldRemit-მა საქართველოში გზავნილები შეაჩერა

ფულადი გზავნილების ერთ-ერთმა სერვისმა, WorldRemit-მა, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მიმართულებით გადარიცხვები შეაჩერა.

ამის მიზეზი უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებული სანქციებია.

რა ხდება?

WorldRemit-ის სერვისის მომხარებლებმა 28 თებერვალს კომპანიისგან მიიღეს იმეილი, რომლითაც კომპანიამ  საქართველოს მიმართულებით გადარიცხვებში შეფერხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ნეტგაზეთისთვის“ მომხმარებლის მიწოდებული იმეილის თანახმად, „საქართველოს მიმართულებით ყველა ფულადი ტრანსფერი ამჟამად შეჩერებულია“.

ამასთან, კომპანია პირობას დებს, რომ თუკი მომხმარებლებს ტრანსფერი ახალი გაკეთებული აქვთ და ჯერ ადრესატამდე არ მისულა, თანხა ანგარიშზე სამი დღის განმავლობაში დაუბრუნდებათ.

მომხმარებლის კითხვაზე, რას უკავშირდება შეფერხება, კომპანიის წარმომადგენლობამ უპასუხა, რომ „საქართველოს მიმართულებით სერვისი დროებით შეაჩერეს რუსეთთან მიმდინარე პრობლემის გამო“.

დამაზუსტებელ კითხვაზე WorldRemit-იდან მას მისწერეს, რომ საქართველოსთან ერთად, შეფერხება ეხება სომხეთს, მოლდოვას, ყირგიზეთს, ბელარუსსა და ტაჯიკეთს.

რა არის შეფერხების მიზეზი?

რაც შეეხება პრობლემის წყაროს: ეს, სავარაუდოდ, უკავშირდება შეერთებული შტატებისა და პარტნიორების მიერ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებს.

კომპანია WorldRemit გაერთიანებულ სამეფოშია დარეგისტრირებული და 130 ქვეყანაში ოპერირებს, სადაც 70 სხვადასხვა ვალუტაში ცვლის თანხებს.

თუმცა მას ჰყავს ადგილობრივი პარტნიორი, როგორც WorldRemit-ში განმარტავენ, კომპანია Rapida, რომელმაც:

„გადაწყვიტა, დროებით შეაჩეროს სერვისი, რათა თავი აარიდოს მომავალ კონფლიქტებსა თუ პრობლემებს, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ტრანზაქციებზე, იმის გათვალისწინებით, რომ ის[Rapida] მდებარეობს რუსეთში“.

გზავნილები საქართველოს ეკონომიკაში

უცხოეთიდან გზავნილები მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკაში და მისი მოცულობა ყოველწლიურად იზრდება.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 168.8 მლნ აშშ დოლარი (520.1 მლნ ლარი) შეადგინა.

ეს რიცხვი 12.7%-ით, ანუ 19.1 მლნ აშშ დოლარით მეტი იყო, ვიდრე 2021 წლის იანვარში.

წყარო: ეროვნული ბანკი

რაც შეეხება წლების განმავლობაში არსებული დინამიკას, – ფულადი გზავნილების შემოდინება 2009 წლიდან ასე იზრდებოდა:

წყარო: geoeconomics/ეროვნული ბანკი/IDFI

გარდა WorldRemit-ისა, მსოფლიოში გზავნილების არაერთი სერვისი არსებობს, თუმცა საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ამ სერვისსაც იყენებს RIA-სთან და სხვებთან ერთად, – როგორც გადარიცხვების ერთ-ერთ ყველაზე იაფ სერვისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი