ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები 10.7%-ით გაიზარდა და 321.55 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამ თანხის 63.3% ევროპასა და ამერიკაზე მოდის.

წლის დასაწყისიდან 8 თვეში საქართველოში გადმორიცხულია 2,373.6 მლნ აშშ დოლარი.

სებ-ის სტატისტიკით, გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.9%-ს შეადგენს, შესაბამისი 144.3 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 11.7%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალი წილით მთლიან ფულად გზავნილებში იტალია, გერმანია და საბერძნეთი გამოირჩევა.

ფულადი გზავნილები ზრდადია შეერთებული შტატებიდან. კერძოდ, აგვისტოში აშშ-დან საქართველოში 59.3 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.8%-ით მეტია.

კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. აგვისტოში რუსეთიდან ფულადი გზავნილები წლიურად 2.9%-ით შემცირდა და 41.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით. წყარო: ეროვნული ბანკი

2025 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 35.7 მლნ აშშ დოლარი (96.4 მლნ ლარი) გაიგზავნა. რაც 2024 წლის აგვისტოს (33.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.8% მეტია.