ეკონომიკასაზოგადოება

ეროვნული ბანკი: VTB ბანკი გადახდისუნარიანია და მეანაბრეების ინტერესებიც დაცულია

25 თებერვალი, 2022 • 6549
ეროვნული ბანკი: VTB ბანკი გადახდისუნარიანია და  მეანაბრეების ინტერესებიც დაცულია

დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს ევროვნული ბანკი  განცხადებას ავრცელებს „ვითიბი ბანკთან“ დაკავშირებით მას შემდეგ, რაც აშშ-მა სანქციები აამოქმედა. ეროვნული ბანკის ცნობით, “პოტენციური რისკების განეიტრალების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს სს “ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“ ერთად ადრევე ჰქონდა შემუშავებული სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა”:

“ბოლო დღეებში უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას, მათ შორის “ვითიბი ბანკის“ ჯგუფს და მის წევრ სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სანქციები დაუწესა.

აღნიშნული, აქამდე დაწესებულ სანქციებთან ერთად, გულისხმობს რუსული მსხვილი ბანკებისათვის დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა ვალუტებში ოპერაციების შეზღუდვას, რომელიც 26 მარტიდან სრულად ამოქმედდება. პოტენციური რისკების განეიტრალების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს სს “ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“ ერთად ადრევე შემუშავებული ჰქონდა სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა.

შედეგად, როგორც ბანკი, ისე სებ-ი დღევანდელი სიტუაციისთვის სრულიად მზად არის. ბანკი გადახდისუნარიანია და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული. სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია“, აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინებით, აგრძელებს ოპერირებას. დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სებ-ი მზად არის, ბანკი შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოს”, – ნათქვამია სების 25 თებერვალს გავრცელებულ ცნობაში.

25 თებერვალს სების შემდეგ განცხადება „ვითიბი ბანკ ჯორჯიამაც“ გაავრცელა:

” სს ,,ვითიბი ბანკ ჯორჯიას“, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, სანქციების დაწესების შემთხვევაში, შემუშავებული ჰქონდა სამოქმედო გეგმა. შესაბამისად, ბანკი მომზადებული შეხვდა აღნიშნულ სანქციებს. ამასთან, ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, სები მზად არის, უზრუნველყოს ბანკი შესაბამისი რესურსით.

გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დაწესებული სანქციები არ ითვალისწინებს ბანკის საქმიანობის შეჩერებას. ბანკის ნებისმიერ კლიენტს შესაძლებლობა ექნება, სურვილის შემთხვევაში, გადარიცხოს საკუთარი სახსრები სხვა ბანკში ან გაიტანოს ნაღდი ფულის სახით, ან განახორციელოს გადახდები. ასევე, დეპოზიტებს ჩვეულებრივ დაერიცხებათ სარგებელი შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში და ოდენობით. ამგვარად, არ დაზარალდება არცერთი მომხმარებელი, მიუხედავად იმისა, თუ რომელი საბანკო პროდუქტით სარგებლობს იგი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი