ეკონომიკა

ლარი მყარდება – რატომ არ იაფდება პროდუქცია

8 თებერვალი, 2022 • 3700
ლარი მყარდება – რატომ არ იაფდება პროდუქცია

8 თებერვლის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.94 ლარია, ხოლო ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში დოლარის შეძენას, როგორც წესი, კიდევ უფრო იაფად, დაახლოებით 2.92 თეთრად შეძლებთ.

მიუხედავად ლარის გამყარებისა, საქართველოში პროდუქტებზე, მათ შორის, როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილზე წარმოებული პროდუქტების შემთხვევაში, ფასები არ შემცირებულა, უმეტეს შემთხვევაში კი პირიქით, გაიზარდა.

რატომ არ იაფდება პროდუქტები მაშინ, როდესაც ეროვნული ვალუტა მყარდება? – ეკონომიკის მკვლევრების ნაწილის თანახმად, ამას განაპირობებს რამდენიმე მიზეზი, მათ შორის საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის ფასების ზრდა, ბიზნეს-ასოციაციების განცხადებით კი, პროდუქტები მომავალშიც გაძვირდება.

„ფასები კიდევ გაიზრდება“

ნეტგაზეთი დაუკავშირდა „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირისა“ და „პურის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელებს, რათა მათთვის ეკითხა, მოსალოდნელი იყო, თუ არა ორ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტზე – პურსა და საწვავზე ფასების შემცირება.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის დირექტორის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასი გაიზარდა, რაც მომავალში საქართველოშიც გააძვირებს ფასებს, თუმცა ლარის კურსის გამყარების გამო გაძვირება შედარებით ნაკლები პროცენტით მოხდება.

„მოსალოდნელი იყო 40-თეთრიანი ფასების მატება, მაგრამ ლარის გამყარების გამო მატება იქნება ალბათ 20-25 თეთრი.

იმას, რომ საწვავი არ გაძვირდა, ნაწილობრივ ხელს უწყობდა ის, რომ ლარი მყარდებოდა. ასევე ხელს უწყობდა ისიც, რომ დეკემბრის თვეში შემოტანილი იყო პროდუქციის მნიშვნელოვანი მოცულობა, ხოლო იანვარში შედარებით ნაკლებია მოხმარება“, – აცხადებს მთვრალაშვილი.

მისივე განცხადებით, ბენზინის ფასი 2022 წლის დასაწყისიდან გაზრდილია 144 ამერიკული დოლარით და შეადგენს 895 აშშ დოლარს 1 ტონაზე, რაც 19= პროცენტიანი მატებაა. ასევე, 22 პროცენტით გაიზარდა დიზელის ფასი და ამჟამად 1 ტონა დიზელი 826 დოლარი ღირს.

1 ბარელი ნავთობის ფასების ცვლილება 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის 7 თებერვლამდე/ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe

2021 წლის ნოემბრიდან დღემდე, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent-ის ტიპის  ბარელ ნავთობზე ფასი დაახლოებით 10 დოლარით გაიზარდა.

„იმდენად არის ფასები გაზრდილი მსოფლიოში, რომ გარდაუვალია… ჩვენთანაც გაიზრდება“, – აცხადებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის დირექტორი.

ამჟამად 1 ლიტრი რეგულარის ტიპის საწვავი საქართველოში 3.07-დან 3.13-ლარამდე მერყეობს.

„პურის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, მსოფლიო ბაზრებზე გაზრდილია ხორბლის ფასი.

„ერთი ტონა ხორბალი არასოდეს ყოფილა ასე ძვირი, როგორიც ახლაა. ნიუ-იორკისა და პარიზის ბირჟებზე დაფიქსირდა 350 დოლარი ერთ ტონაზე“, – აცხადებს მალხაზ დოლიძე.

მისივე განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებლის, რუსეთის მიერ დაწესებული ტარიფის ოდენობა და საქართველოში ხორბლის გადამუშავებისთვის საჭირო ენერგიის და წყლის გადასახადები გაზრდილია, ლარის კურსის გამყარება მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.

„ხორბლის შემოტანისთვის ყველაზე ადვილი და ხელმისაწვდომი გზა არის რუსეთიდან. ხორბალზე საბაჟო გადასახადი თითქმის 100 დოლარამდე მიიყვანეს, რამაც ის გააძვირა.

ასევე გაძვირებულია ენერგომატარებლებიც, რამაც გადამუშავების ხარჯი გააძვირა. ელექტროენერგია ღირდა 22 თეთრი და გახდა 33, წყალი, რომლითაც ხორბალი ირეცხება, ღირდა 4.40 ლარი და გახდა 6.51 თეთრი. ამას რომელი ლარის გამყარება უშველის?!“, – აცხადებს მალხაზ დოლიძე.

რატომ არ მცირდება ფასები, როცა ლარი მყარდება 

2021 წლის აპრილში ლარის რეკორდულად გაუფასურების შემდეგ, როდესაც ამერიკული დოლარი დაახლოებით 3.45 ლარი ღირდა, ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო, შემდეგ კი სტაბილურობა შეინარჩუნა და  1 აშშ დოლარის ღირებულება საშუალოდ 3.10 ლარამდე შემცირდა.

ბოლო ორ კვირაში ლარი კიდევ უფრო სწრაფად გამყარდა, მაგრამ გასული წლის აპრილიდან მოყოლებული დღემდე ფასები პროდუქტებზე არ შემცირებულა და ხშირ შემთხვევაში გაიზარდა კიდეც.

ლარის გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებით 2021 წლის პირველი იანვრიდან დღემდე 

საქსტატის მონაცემების თანახმად, მაგალითად, 2022 წლის იანვარში, წინა წელთან შედარებით, ბოსტნეული 23.3 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 20.5 პროცენტით, ზეთი და ცხიმი – 19.6 პროცენტით. ასევე გაძვირდა საწვავიც.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის, დავით კეშელავას თანახმად, როგორც წესი, პროდუქციის ფასების კლებაზე პოზიტიური გავლენა აქვს ლარის გამყარებას, თუმცა საქართველოში პროდუქციის ფასებს, გარდა ეროვნული ვალუტის კურსისა, მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასებიც განაპირობებს.

„მსოფლიოში პროდუქციაზე ფასები იზრდება, ამ შემთხვევაში საინტერესოა, რომელი ეფექტი უფრო ძლიერია, საერთაშორისო ბაზარზე ფასების გაზრდის ეფექტი, თუ ფასების ნომინალური შემცირების ეფექტი გაცვლითი კურსის გამყარების გამო.

პროდუქტების მიხედვით განსხვავებული იქნება ეს ეფექტები, მაგრამ, როგორც ჩანს, ალბათ ფასები მსოფლიოში იმაზე უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ფასების ნომინალური გამოხატულება მცირდება გაცვლითი კურსის გამყარების გამო.

ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. წლიური ინფლაციის დათვლისას პროდუქტების დიდ ნაწილზე მართლაც გაზრდილია ფასები მსოფლიოში, მათ შორის, საწვავზე და საკვებ პროდუქტებზე“, – აცხადებს დავით კეშელავა.

ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით ვალუტის გადამცვლელ ერთ-ერთ პუნქტში/ 7 თებერვალი 

მისი განცხადებით, გაცვლითი კურსის ცვლილებას პროდუქციის ფასებზე ყოველთვის აქვს დროში დაყოვნებული ეფექტი.

„ფასები არ უნდა იზრდებოდეს ან მცირდებოდეს ძალიან სწრაფად, რადგან ეს დაკავშირებულია უკვე შეძენილ მარაგებთან.

ჩვენს შემთხვევაშიც ამის გავლენაც დროში დაყოვნებული იქნება.

როგორც ჩანს, მსოფლიო ბაზარზე გაზრდილი ფასების ეფექტი უფრო ძლიერია და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლარის გაცვლითი კურსი ხელს უწყობს იმას, რომ კიდევ უფრო მაღალი არ არის პროდუქციის ფასები.

სწორედ ეს მიზეზები განაპირობებს იმას, რომ ჯერჯერობით ლარის გამყარების ეფექტს ვერ ვხედავთ ფასებზე“, – განაცხადა დავით კეშელავამ.

მისივე განცხადებით, მომავალში პროდუქტებზე ფასები არ შემცირდება, თუმცა მნიშვნელოვანია, თუ რამდენად დიდი იქნება ინფლაციის ზრდის მაჩვენებელი.

„ეკონომიკას ახასიათებს, რომ ფასები მუდმივად იზრდება. ჩვენ გვაინტერესებს, ინფლაცია როგორ შეიცვლება. ფასები გაიზრდება ნელი ტემპით, როგორც ეს მიზნობრივ მაჩვენებელში გვაქვს (ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციური მაჩვენებელი 3 პროცენტია), თუ გაიზრდება ისე, როგორც ახლაა – 13.9 პროცენტი.

იმ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გათვალისწინებით (10.5 პროცენტი) , რაც ახლა გვაქვს, იმ დაშვებით, რომ მსოფლიოში მიწოდების ჯაჭვები აღდგება, ინფლაციის მაჩვენებელი ალბათ წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს შემცირებას, თუმცა ეს ვარაუდი ბევრ დაშვებაზეა დამოკიდებული, როგორიცაა პანდემია და პოლიტიკური სიტუაცია რეგიონში. მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ რეგიონში სიმშვიდე იქნება და პანდემიური სიტუაცია დასტაბილურდება, მაშინ უნდა ველოდოთ, რომ წლის მეორე ნახევარში მსოფლიოში ფასები ნაკლები ტემპით გაიზრდება და, შესაბამისად, გადმოვა ჩვენს მაჩვენებელზეც, თუმცა ეს პროგნოზები ბევრ ისეთ დაშვებაზეა დამოკიდებული, რომელიც მართლაც შესრულდება, ან არა“,- განაცხადა კეშელავამ.

ლარის გამყარების მიზეზები

დავით კეშელავას განცხადებით, ლარის გამყარებაზე გავლენას ახდენს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება და ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა.

„საგადასახდელო ბალანსში ძირითადად დადებითი ტენდენციები გვაქვს. აქ ვგულისხმობ ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას, რომელმაც ნაწილობრივ გადაფარა იმპორტის ზრდა და სავაჭრო ბალანსი იმაზე უფრო ნაკლებად უარესდება, ვიდრე შეიძლება, რომ გაუარესებულიყო ეკონომიკური აღდგენის პროცესში.

ამას ემატება გზავნილების ნაკადები, აქაც ზრდა გვაქვს წინა პერიოდთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ჩამორჩება 2019 წლის მაჩვენებელს, ტურიზმიც გაზრდილია 2020 წელთან შედარებით.

ამას ემატება უცხოურ ვალუტაში აღებული ვალიც. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ქვეყანაში შემოსული უცხოური ვალუტის ნაკადები გაიზარდა“, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბრისას კეშელავა.

ISET-ის ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის მიხედვით, ლარის გამყარებას ხელს უწყობს მკაცრი მონეტარული პოლიტიკაც.

„ჩვენ საკმაოდ მაღალი ინფლაცია გვაქვს დიდი ხანია, ამაზე ეროვნული ბანკის რეაქცია არის ის, რომ საკმაოდ დიდი ხანია ვართ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პირობებში, როდესაც ძალიან მაღალია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი – 10.5 პროცენტი, რაც მოქმედებს ფულის მიწოდებაზე. მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ვალუტის გამყარებისკენ აჩენს წნეხს“, – აცხადებს იგი.

მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში ლარის სწრაფად გამყარება უფრო მეტად აიხსნება ბაზრის რეაქციით. კეშელავას თანახმად, შესაძლოა ეს გამყარება დროებითი მოვლენა იყოს და ლარი კვლავ სტაბილურ ნიშნულს დაუბრუნდეს.

ადამიანები როდესაც ხედავენ, რომ გაცვლითი კურსი მყარდება, ცვლიან დოლარს ლარში. ლარის ბოლოდროინდელი გამყარება უფრო მოლოდინებთან დაკავშირებული უნდა იყოს, ვიდრე ფუნდამენტური ფაქტორით გამოწვეული“, – მიაჩნია დავით კეშელავას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი