ეკონომიკა

პროტესტი ბენზინის ქართულ ფასებს

22 თებერვალი, 2010 • 1619
პროტესტი ბენზინის ქართულ ფასებს

საწვავის ფასითუკმაყოფილო ავტომანქანის მფლობელები საინიციატივო ჯგუფს ქმნიან. მძღოლები მიიჩნევენ, რომ ქართულ ბაზარზე არსებული ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი. ბენზინის იმპორტიორებზე ზემოქმედების მიზნით ორგანიზატორები მოსახლეობას აქციებისკენ მოუწოდებენ. ორგანიზატორთა დევიზია _ “პროტესტი ბენზინის ქართულ ფასებს”.

ახალი მოძრაობის იდეა სოციალურ ქსელ _ “ფეისბუქში” დაიბადა. ჯგუფის, რომლის სახელწოდებაცაა: “პროტესტი ბენზინის ქართულ ფასებს” გარშემო საკმაოდ სწრაფი ტემპით იკრებს ინტერნეტის ქართველ მომხმარებელს. მისი გახსნიდან ორი კვირის შემდეგ ჯგუფს 2 250 წევრი ჰყავს. აქციისკენ მოწოდებას მისი უმტესობა აქტიურად ეხმიანება და აცხადებს, რომ მზად არის შეუერთდეს 6 მარტს დანიშნულ საპროტესტო აქციას. უკვე რამდენიმე კვირაა “ფეისბუქელი” მძღოლები თბილისში, “კუს” ტბაზე იკრიბებიან და მსჯელობენ ვარიანტებზე, რომელიც საწვავის იმპორტიორებს იძულებულს გახდის, გადახედონ ფასებს.
მასშტაბური აქციის წინ ჯგუფში გაერთიანებული ზოგიერთი ავტომფლობელი საკმაოდ ორგანიზებული აღმოჩნდა: “საჭიროა არააგრესიული, მაგრამ მკაფიოდ გამოხატული პროტესტის ფორმის მოძიება. სტიკერები, პოსტერები, მანქანებზე დავაკრათ, ყველა დაინახავს და შემოგვიერთდება”.

იმის გამო, რომ საწვავის ფასი ავტომატურად აისახება სხვა დანარჩენი სახის პროდუქტზე, აქციის ორგანიზატორები საზოგადოებას მოუწოდებენ, იმის მიუხედავად მოიხმარენ თუ არა ისინი ბენზინს, შეუერთდნენ პროტესტის იდეას.
ბექა კემულარია ჯგუფში _ “პროტესტი ბენზინის ქართულ ფასებს” მოდერატორის უფლებით სარგებლობს. ის ცდილობს, უფრო გასაგები გახადოს მათი არგუმენტები ფასის ხელოვნურად გაზრდის შესახებ: “საქართველოს მოსახლეობა თვეში მოიხმარს 60 000 000 ლიტრ ბენზინს. საშუალოდ, ერთ ლიტრ ბენზინზე გვპარავენ 50 თეთრს! 60 000 000X0.50= 30 000 000 ლარი!!! 30 მილიონ ლარს გვპარავენ ყოველ თვე!”

ეკონომისტ ლევან მარტაზის გამოთვლებიც ისეთივეა, როგორც “ფეისბუკელი” აქტივისტის. დღეისათვის საქართველოში იმპორტირებული ერთი ტონა საწვავის (ვითვლით რეგულარის ტიპის ბენზინის ფასს) ფასი არის 690 აშშ დოლარი. საქართველოში იმპორტირებული ერთი ტონა საწვავი ღირს 1180 ლარი. ამ მაჩვენებელს უნდა დავუმატოთ 250 ლარი, აქციზის გადასახადი. მიღებულ მაჩვენებელს უნდა დავუმატოთ ტრანსპორტირების ღირებულება _ 12 აშშ დოლარი, ანუ 21 ლარი. ასე რომ, ერთი ტონა ბენზინის ფასი არის 1451 ლარი.

ამის შემდეგ უნდა გადავიდეთ ერთი ლიტრი ბენზინის ფასის გამოთვლაზე. ერთი ტონა ბენზინი არის 1297 ლიტრი, ანუ ერთი ლიტრი ბენზინის ფასი არის, 1.12 ლარი. ამ თანხას უნდა დავუმატოთ მომსახურების ხარჯი (ქსელის თანამშრომლების ანაზღაურება ერთი თეთრი ლიტრზე და ცვეთის ხარჯი ერთი თეთრი ლიტრზე) _ ორი თეთრი. ასე რომ, ერთი ლიტრი ბენზინის ფასი არის 1.14 ლარი. მსოფლიო მასშტაბით დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საწვავით მოვაჭრე კომპანიების მოგება 3-5%-ს შეადგენს. ამის გათვალისწინებით, ერთი ლიტრი საწვავის თვითღირებულებას უნდა დავამატოთ 4-6 თეთრი. ერთი სიტყვით, საცალო ქსელში გასაყიდად გამზადებული საწვავის ფასი უნდა იყოს 1.2 ლარი. თუმცა სანამ პროდუქტი გაიყიდება, მას ემატება დამატებითი ღირებულების გადასახადი, პროდუქტის სარეალიზაციო ფასის 18-პროცენტი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღგ-ს თანხა გარკვეული პერიოდის შემდეგ უკან უბრუნდება კომპანიას.

დღგ-ს გადასახადი შემდეგს გულისხმობს: როდესაც კომპანია ყიდულობს პროდუქტს, ის იხდის ამ თანხას და ეს გადახდილი თანხა მას უბრუნდება. საცალო ქსელში გამოტანილი ბენზინი 1.2 ლარი ღირს. ამ თანხიდან 0.9 ლარზე კომპანიას უკვე გადახდილი აქვს დღგ და მას ეს გადასახადი უბრუნდება. იმ თანხის ნაწილი, რაც კომპანიამ პროდუქტის თავდაპირველ ფასს დაამატა, ანუ 0.3 ლარიდან უნდა დავითვალოთ 18-პროცენტი (როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, ეს არის აქციზის გადასახადი, ტრანსპორტირების და მომსახურების ხარჯი და კომპანიის მოგება). ანუ სარეალიზაციოდ გამოტანილ საქონელს დაემატება დღგ-ს გადასახადი. სხვაობა, დაბრუნებულ და დაუბრუნებელ თანხას შორის არის 0.054 ლარი. ეს თანხაც რომ დავამატოთ სარეალიზაციო ფასს, გამოდის (1.2+0.054) 1.254. ასე რომ, საქართველოში ერთი ლიტრი ბენზინი (რეგულარის ტიპის) უნდა ღირდეს 1.26 ლარი.

დღეს საქართველოში ამ ტიპის ბენზინის მინიმალური გასაყიდი ფასი, მსხვილ კომპანიებში, 1.75-იდან 1.80 ლარამდე მერყეობს. ანუ ამ ქვეყანაში, ბენზინში, მინიმუმ, 50 თეთრს იხდიან ზედმეტს.

ნავთობკომპანია “ვისოლის” ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ფასის განსაზღვრის დროს მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ საქართველოში ლარის კურსი მყარი არ არის: “მნიშვნლოვანია, რომ საწვავზე ფასი განისაზღვრება არამხოლოდ ნავთობზე საერთაშორისო ფასის და იმპორტის, არამედ ლარის კურსის, კომპანიის არსებული მარაგების და ისეთი გადასახადების გათვალისწინებით, როგორიცაა, აქციზი და დამატებითი ღირებულების გადასახადი. დამატებით, კომპანიას საწვავის შეძენის ხარჯების გარდა აქვს სხვა ხარჯები, როგორიცაა ხელფასის ხარჯები (ვისოლი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია სექტორში. კომპანიაში 2000-მდე ადამიანი მუშაობს), ბაზების, ავტოგასამართი სადგურების და ტექნიკური საშუალებების შენახვის ხარჯები”.

ამის მიუხედავად “ვისოლის” ადმინისტრაციამ 15 თებერვლიდან საწვავის ხუთი თეთრით გაიაფების შესახებ გააკეთა განცხადება. სოციალურ ქსელში გამოხმაურება ამ ფაქტს სასწრაფოდ მოჰყვა. მას ერთნი პრეცედენტად აფასებენ, როცა სამოქალაქო აქტივობას, მართალია, უმნიშვნელო, მაგრამ შედეგი მაინც მოჰყვა.

ქართულ ბაზარზე მონოპოლიის ერთ-ერთი მთავარი ფორმის _ კარტელის (მრეწველობის რომელიმე დარგის მსხვილ მეწარმეთა გაერთიანება მოგების გადიდებისა და ბაზარზე ბატონობის უზრუნველყოფის მიზნით) შესახებ დასკვნებს საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც“ დებს. ამ ორგანიზაციის შეფასებით, არავის უნდა გაუკვირდეს ის ფაქტი, რომ ბაზრის დაწვრილებითი შესწავლისა და ანალიზის შემდეგ აშკარად გამოჩნდეს იმპორტის მონოპოლია ან კარტელი, ან კიდევ სულაც ადგილი ჰქონდეს ფასების ზემოდან ქვემოთ ფიქსაციას.

ამ დასკვნას ზოგიერთი ექსპერტიც ეთანხმება. მათი განცხადებით, დღეს სამომხმარებლო ბაზრის სხვადასხვა სეგმენტი მონოპოლიზებულია მაღალი კონტროლირებადი ფასებით ერთი ან ერთმანეთთან გარიგებული რამდენიმე კომპანიის მიერ. ექსპერტთა თქმით, ნავთობპროდუქტების ბაზარი ამის კარგი მაგალითია.

მასალების გადაბეჭდვის წესი