ეკონომიკა

კანონპროექტი ბიზნესისთვის თუ ბიზნესის წინააღმდეგ

18 თებერვალი, 2010 • 1532
კანონპროექტი ბიზნესისთვის თუ ბიზნესის წინააღმდეგ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდება. დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ  შემოსავლების სამსახური კერძო ბიზნესის კონკურენტი გახდება, ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაიას აზრით კი ეს ცვლილება ბიზნესზე ცუდად აისახება.

კანონპროექტის მეორე მოსმენა საქართველოს პარლამენტში უკვე შედგა, მესამე მოსმენა კი მომდევნო კვირას არის დაგეგმილი.

კანონპროექტის მიხედვით, ახალი  საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ანგარიშვალდებული იქნება  ფინანსთა სამინისტროს წინაშე, თუმცა მას ექნება პირადი ანგარიში და დამოუკიდებელი ბალანსი. შემოსავლების სამსახური ამიერიდან აღარ იქნება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებელი.  

შემოსავლების სამსახურის უფროსს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს, ხოლო დანიშნული პირი  თავად განკარგავს  სამსახურის სახსრებს და ქონებას, ასევე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ  აქტებს.
გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი ფუნქცია მომსახურების გაწევა იქნება.  თუ რა მომსახურებაზე შეიძლება იყოს საუბარი, კანონპროექტში დაკონკრეტებული არ არის. მიუხევადად იმისა, რომ პირველი მოსმენის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა სწორედ ამ მომსახურების დეტალურ გაწერას ეხებოდა, ის გათვალისწინებული არ იქნა.
”მომსახურებათა ჩამონათვალი პროექტის თანახმად გაკეთდება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში”, – ნათქვამია კანონპროექტის შენიშვნების გათვალისწინების გრაფაში.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვახტანგ ბალავაძე ”ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს, რომ კონკრეტული მომსახურეობის ჩაწერა არ მიაჩნია სწორად:  ”მიმართულება არის ის, რომ მომსახურება გასწიოს შემოსავლების სამსახურმა”.

თუმცა, საკითხი, რომელიც აქტიურად განიხილებოდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საბაჟო საბროკერო ფირმებს ეხებოდა. ბალავაძე ამბობს, რომ საბროკერო ფირმებს, რომლებიც კლიენტებს საბაჟო დეკლარაციებს უმზადებდნენ, არ ჩამოერთმევათ ეს უფლება. თუმცა, მსგავსი ტიპის მომსახურებას უკვე შემოსავლების სამსახურიც განახორციელებს.
დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ  შემოსავლების სამსახური კერძო ბიზნესის კონკურენტი გახდება:

”აქ ტრიალებს უზარმაზარი ფული.  საბროკერო ფირმებს, რომლებიც ემსახურებიან როგორც იმპორტიორებს, ასევე ექსპორტიორებს, ძალიან დიდი შემოსავალი აქვთ. სახელმწიფოს ამ თანხის მითვისება უნდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.”

თუმცა, ბალავაძე ფიქრობს, რომ ბაზარი დიდია და ეს კონკურენცია კერძო ფირმებს არ შეაწუხებს.
”თუ ვსაუბრობთ მცირე შემომტანზე, მას ურჩევნია პირადად მივიდეს საბაჟოსთან,  თუ, რა თქმა უნდა, საბაჟოს ექნება მსგავსი ტიპის მომსახურება. თუ ბიზნესი ცოტა მსხვილია, მას ჰყავს საბროკერო კომპანია, რომელიც დეკლარაციას უკეთებს.  ბაზარი დიდია და ყველას თავისი კლიენტი ჰყავს.”

ერთ-ერთი მოქმედი საბროკერო ფირმის წარმომადგენელი, ბორის ლაბარტყავა შიშობს, რომ ეს ცვლილება მის ბიზნესს დააზარალებს.
 ”პრივილეგირია ვის ექნება, მე თუ იმას (შემოსავლების სამსახურს)  არ ვიცი. ჩემთან უფრო ჩაეძიებიან ყველაფერს   თუ იმასთან (საშემოსავლო სამსახურთან). თვითონ თუ დაბეჭდავს დეკლარაციას, პრობლემატური საკითხი იქნება.  ეს (კლიენტების რაოდენობა) დამოკიდებული  იქნება იმაზე,  ვის უფრო მეტი პრობლემა ექნება დეკლარაციაზე.”
გარდა საბროკერო ფირმებთან დაკავშირებული განსხვავებული აზრისა, ეკონომიკის ექსპერტები და პოლიტიკოსები კანონპროექტის სხვა ხარვეზებზეც საუბრობენ. მათ შორის ერთ-ერთი თავად  მთავარი ცვლილებაა. არის თუ არა პოზიტიური შემოსავლების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთება.

ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ ამ სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაქცევა, არ იქნება პოზიტიური ცვლილება:
”ეს არის სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ფუნქციები. ამ ფუნქციების გასხვისება, დელეგირება არ უნდა იყოს შესაძლებელი.”

”შემოსავლების სამსახური უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუტი , ყველა შემთხვევაში უნდა იყოს, – ამბობს ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია.  – ამის საჯარო ინსტიტუტად გადაკეთებას არ მოყვება დადებითი შედეგი.”

ფინანსთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ”კანონპროექტის ამოსავალი წერტილი  გადასახადის გადამხდელთათვის პროცედურების გამარტივებაა: უშუალობა და სამართლიანობა მათთან მიმართებაში, მათი დაჯარიმების ალბათობის შემცირება, მათთვის იმპორტის განხორციელების გაადვილება, ზედმეტი ხარჯის და  გაუგებრობების თავიდან აცილება.”
გაუმარტივდებათ თუ არა გადასახადის გადამხდელებს რიგი  პროცედურები, კანონის ამოქმედების შემდეგ გახდება თვალსაჩინო. თუმცა, მანამდე ეკონომიკის ექსპერტ დავით ნარმანიას თავად სამსახურის დამოუკიდებლობაში შეაქვს ეჭვი.
”თუ ჩვენ მივდივართ იმ პოლიტიკისკენ, რომ ეს სამსახური იქნება ცალკე, ანგარიშვალდებულება უნდა იყოს არა მთავრობის ან ფინანსთა სამინისტროს წინაშე, არამედ პარლამეტის წინაშე. ”

მისი თქმით, კარგი იქნება თუ ფინანსთა სამინისტრო პოლიტიკას განსაზღვრავს, ხოლო შემოსავლების სამსახური  მხოლოდ აღასრულებს.

” მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ის, რომ კანონი იყოს მკაფიო. დღეს ჩვენი კანონმდებლობა არ არ არის ასეთი ნათელი.”
ის, რისი თქმის საშუალებასაც ამჟამად კანონპროექტი იძლევა, რამდენიმე პუნქტია, რომელზეც განსხვავებული აზრები ისმის.

სადავო თემა სამსახურის დაფინანსება გახდა. კანონპროექტში მითითებულია სამსახურის დაფინანსების რამდენიმე წყარო, მათ შორის: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები, სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისთვის დადგენილი საფასური და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.
კანონპროექტში გაწერილია, რომ სამსახურის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებულ საფასურს საქართველოს მთვარობა დაადგენს.

”ეს გააძვირებს მომსახურებას კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის, იმპორტიორებისთვის, ექსპორტიორებისთვის”,– ამბობს ცაგარეიშვილი.

ჯგერენაია კი ფიქრობს, რომ ეს ცვლილება ბიზნესზე ცუდად აისახება.

”დაინტერესება არ ჰქონდა შემოსავლების სამსახურს. ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.  დღეს, რადგან ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ხდება , დამოუკიდებელი იურიდიული პირი, შემოსავალი უნდა ჰქონდეს.  და საიდან უნდა ჰქონდეს – მოსაკრებლიდან. ამ სამსახურს მოსაკრებლის მოსაზიდად პირადი მოტივაცია ექნება, რაც ბიზნესს ჩააყენებს უხერხულ მდგომარეობაში ”, – ამბობს ჯგერენაია.

ბალავაძე დამატებითი გადასახადების შესახებ არ საუბრობს. ის აცხადებს, რომ ”მომსახურეობის გადასახადი ეს ჩვეულებრივი ფორმაა, მაგალითად,  რასაც ჩვენ ვიხდით პასპორტის აღებისას.”

ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე ფიქრობს, რომ ქრთამის აღების ლეგალიზაციის საფრთხე არსებობს.
”თუკი შემოსავლები დამოკიდებული იქნება ამოღებულ გადასახადებზე, ეს, ცუდი გაგებით, მოტივაციას გაუჩენს ადმინისტრაციულ ჯგუფს, უსამართლო დარიცხვები აწარმოოს, რომ მერე იქიდან ხელფასზე დანამატი გაუჩნდეს“, – ამბობს ვეფხვაძე.

”ეს ვერ იქნება ქრთამის საშუალება, არც ერთი სსიპ-ის შემოსავალი არ არის დაფარული. რაც შეეხება იმას, თუ ვის უნდა ჰქონოდა ხელფასისა  და  პრემიის გაცემის უფლება -შემოსავლების სამსახურის უფროსს  თუ ფინანსთა მინისტრს, ამაზე გვქონდა პარლამენტში საუბარი”, – ამბობს ვახტანგ ბალავაძე.

შემოსავლების სამსახური, კანონპროექტის მიხედვით, ახალი სტატუსს  კანონის ძალაში შესვლიდან, ანუ 2010 წლის 1 აპრილიდან მიიღებს. ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ამ დრომდე მუშაობს შემოსავლების სამსახურში, იგივე თანამდებობებზე დაინიშნებიან უკვე გარდაქმნილ  უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი