თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტი „არ არის სახელობითი და შეიძლება ოჯახის წევრმაც ისარგებლოს“.
ეს განცხადება ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს დეპუტატ ლილე ლიპარტელიანის კითხვაზე პასუხად გააკეთა.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემით, რომელიც თბილისის მერმა კახა კალაძემ თანამდებობაზე მეორედ არჩევიდან 54-ე დღეს გააცნო თბილისელებს, მოქალაქეთა ნაწილს მგზავრობის საფასურს უძვირებს, ან უბიძგებს, გამონახოს დამატებით რამდენიმე ასეული ლარი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადასახდელად.
დღეს მოქმედი ტარიფით, მეტროთი, ავტობუსითა და ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობა 50 თეთრი ღირს. შემდეგი 90 წუთის განმავლობაში ამ სამიდან რომელიმე ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა. 80 თეთრი ღირს ძველი, ყვითელი მიკროავტობუსებით მგზავრობა. მერია ამბობს, რომ 2022 წლის თებერვლიდან ქალაქში ასეთი მიკროავტობუსები არ იმუშავებენ.
სწორედ ამ თარიღიდან იცვლება დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემა.
ახალი სისტემის მიხედვით:
- ერთჯერადი მგზავრობა, ნაცვლად 50 თეთრისა, იქნება 1 ლარი. ამ შემთხვევაშიც, მომდევნო 90 წუთის განმავლობაში ნებისმიერი სხვა ტრანსპორტით მგზავრობა იქნება უფასო;
- ერთდღიანი ულიმიტო აბონემენტის ღირებულება იქნება 3 ლარი;
- ერთკვირიანი — 20 ლარი;
- სამთვიანი — 100 ლარი;
- ერთწლიანი — 250 ლარი;
ძალაში რჩება სოციალური შეღავათები. მაგალითად, სტუდენტებისთვის და პენსიონერებისთვის მგზავრობის საფასური 20 თეთრი დარჩება, სოციალურად დაუცველთათვის კი – 10 თეთრი. შეღავათების სია სრულად შეგიძლიათ იხილოთ მერიის ოფიციალურ საიტზე.
ვრცლად: