ეკონომიკა

სტიქიისგან დაზარალებული ბიზნესკომპანიები

30 ივნისი, 2015 • • 1557
სტიქიისგან დაზარალებული ბიზნესკომპანიები

“ვაკის ხორცპროდუქტების” გენერალური დირექტორი ლევან ჩხაიძე ამბობს, რომ სტიქიის შედეგად ადიდებულმა ვერემ მისი კომპანიის მთავარი აქტივი – სათაო საწარმო 100%-ით გაანადგურა:

 

“საწარმო სვანიძის 15-ში იყო გაანლაგებული და 1961 წლიდან მუშაობდა. მანდ ხდებოდა ყველაფრის წარმოება, რასაც “ვაკის ხორცპროდუქტები” უშვებდა.”

 

საწარმოს ტერიტორიაზე სტიქიიდან ორი კვირის შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები ისევ გრძელდება. ხდება დანადგარების შლამისაგან გაწმენდა:

 

“ვიდრე დანადგარებს არ შევამოწმებთ, ვერ ვიტყვით, ზარალი რამდენია. არც საწარმოს ქონება და არც  დანადგარები დაზღვეული არ გვქონდა. ფინანსური დანაკარგი, რაც კომპანიას ნედლეულის და პროდუქციის დაზიანებით მიადგა, 2,3 მლნ ლარია,”- ამბობს საწარმოს ხელმძღვანელი.

 

კომპანიას მხოლოდ 4 ავტომანქანა ჰქონდა დაზღვეული, რომლითაც პროდუქციის დისტრიბუციას ახდენდა. ლევან ჩხაიძე ამბობს, რომ სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგმა” ზარალი 100%-ით დაფარა.

 

კომპანიის დირექტორი მთავრობისგან საგადასახადო შეღავათებს ელოდება:

 

“სტიქიის პირველ დღეებში იყო საუბარი, რომ მთვარობა დაგვეხმარებოდა, თუმცა ჯერ კონკრეტილი არაფერია.”

 

ფინანსურ ზარალს ითვლის  “ართ თაიმი”. კომპანიის კუთვნილი შვეიცარული საათების ორი მაღაზია, რომელიც კოსტავას ქუჩაზე მდებარეობდა, სტიქიის შედეგად მოვარდნილმა წყალმა გაანადგურა:

“სრულად განადგურდა ინვენტარი, პროდუქცია და მარაგი. მაღაზიის ქვეშ  გვქონდა საწყობი, რომელიც ბოლომდე დაიტბორა და შლამით დაიფარა. პროდუქცია და “ართ თაიმის” ”მაღაზია არ გვქონდა დაზღვეული. რამდენია  მთლიანი ზარალი, არ ვიცით. მაღაზიების და საწყობის გაწმენდა სრულად ჯერ არ მომხდარა. ჩვენ ბრენდებს ვყიდით და ფასები 400 ლარიდან 3 000 ლარამდეა,” – ამბობს  “ართ თაიმის”  მარკეტინგის მენეჯერი ნინო თალაკვაძე.

 

“ართ თაიმს” სადაზღვევო  კომპანია “ალდაგში” მხოლოდ  შვეიცარული საათების “სვოჩის” მაღაზია და პროდუქციის ნაწილი ჰქონდა დაზღვეული:

 

“ალდაგს” ინფორმაცია მივაწოდეთ. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და იმედი გვაქვს, კომპანია გვერდში დაგვიდგება. მთავრობაც დაგვპირდა შეღავათებს, თუმცა საგადასახადო სამსახურიდან ჯერ არავინ მოსულა ” – მბობს თალაკვაძე.

 

ფინანსური ზარალი უკვე დათვალა კომპანია “კოლორადომ”, რომელსაც სტიქიამ მცირე ტოპოგრაფიული საწარმო 100%-ით გაუნადგურა:

 

“ჩიქოვანის 30-ში მდებარეობს ჩვენი ოფისი. მანდ დაგროვდა წყალი და შენობაში შემოვარდა. ჭერამდე 20 სანტიმეტრი აკლდა. 100%-ით განადგურდა ტოპოგრაფიისთვის საჭირო დანადგარები. ზარალი პირველადი გათვლებით 250 ათასი ლარია. სტამბისთვის საჭირო დანადგარი ვიყიდეთ “თიბისი ლიზინგით”. ამ შემთხვევაში მზღვეველი კომპანია “ალდაგი” გვიყიდის ახალ დანადგარს, მაგრამ “თიბისი ლიზინგის”  დარჩენილი თანხა უნდა გადავიხადოთ,” – ამბობს კომპანიის ფინანსური დირექტორი  მიხეილ დგებუაძე.

 

მეწარმე ამბობს, რომ მძიმე  ფინანსური ზარალის ფონზე გადასახადების გადავადების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს უკვე მიმართა:

 

“საბანკო ანგარიში დაგვებლოკა, ამის გამო გადასახადი ვერ გადავიხადეთ.  შემდეგ შემოსავლების სამსახურს მივმართეთ და ანგარიშზე ინკასო მოგვეხსნა.”

 

მეწარმე ამბობს, რომ მთავრობამ სტიქიით დაზარალებული ბიზნესისთვის საგადასახადო შეღავათები უნდა დააწესოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ბიზნესები დაიხურება.  

 

ზარალს ითვლიან სადაზღვევო კომპანიებიც, სადაც მეწარმეებმა ქონება და პროდუქცია დააზღვიეს. “ჯიპიაი ჰოლდინგში”, “ალდაგში” და “უნისონში” აცხადებენ, რომ ინფორმაციას ბიზნესისთვის ანაზღაურებული თანხის შესახებ მაშინ გაასაჯარობენ, როცა სტიქიით დაზარალებულ კომპანიებში ზარალის ზუსტი მოცულობა გახდება ცნობილი.

 

საქართველოს დაზღვევის სახელმწფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, 22 ივნისის მდგომარეობით, (დაზღვეული პრების) 160-მდე ავტო-სატრანსპორტო, კერძო და იურიდიული პირის ქონების ზარალი აღინიშნება, რამაც 3,5 მლნ ლარს გადააჭარბა.

 

რაც შეეხება ბიზნესისთვის მთავრობის მიერ დაპირებულ დახმარებას, შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ფინანსთა სმინისტრო ითვალისწინებს სტიქიით დაზარალებული გადასახადის გადამხდელების მდგომარეობას. 

 

“ის გადამხდელები, ვინც ვერ მოახერხებს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას დადგენილ ვადებში, გათავისუფლდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციებისგან.”

 

თუ რამდენი ბიზნესკომპანია დაზარალდა 2015 წლის თბილისის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად, შესაბამისი სია არ არსებობს. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ სტიქიით დაზარალებულმა ბიზნესმა შემოსავლების სამსახურს უნდა მიმართოს. შემოსავლების სამსახურში კი განმარტეს, რომ ჯერ მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ მიმართა. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი