ეკონომიკა

რატომ გაუფასურდა და გამყარდა ლარი

26 მაისი, 2015 • • 2569
რატომ გაუფასურდა და გამყარდა ლარი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ლარის კურსის ვარდნას და მოკლევადიან გამყარებას ექსპორტ-იმპორტის დისბალანსს, ფულადი გზავნილების შემცირებას და ტურიზმის სტატისტიკაში მომხდარ ცვლილებებს უკავშირებს:   

 

“25%-ით შემცირდა ექსპორტი წლიურად, 25%-ით – ფულადი გზავნილები და 0% გვაქვს ტურიზმში. ეს დანაკლისი არის წლიურად 800 მილიონიდან 1 მილარდ აშშ დოლარამდე. ამ თანხით ნაკლები ვალუტა  შემოდის ქვეყანაში. იმპორტის ჭრილში თუ გადავიყვანთ, ეს არის დაახლოებით იმპორტის 10%. იმპორტის 10%-ის შემცირება საკმარისი უნდა იყოს, რომ კურსზე დამატებითი ზეწოლა არ მოხდეს. იმპორტის კორექტირება უკვე სახეზეა, აპრილში იმპორტი შემცირდა 19%-ით, შესაბამისად, ლარმა გამყარება დაიწყო.”

 

ბანკებსა და  ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 100 დოლარის ყიდვა 228-229 ლარად არის შესაძლებელი, როცა გასული კვირის დასაწყისში 100 აშშ დოლარის ფასი 235 ლარი იყო. ლარმა აშშ დოლართან გამყარება 19 მაისიდან დაიწყო: 


“გასულ კვირას ლარის აშშ დოლართან 7 თეთრით  გამყარება სავალუტო ბაზარზე ერთჯერადმა მოთხოვნამ განაპირობა. თუმცა ბაზარზე შესაძლოა ლარის გამყარების ტენდენცია გამოიკვეთოს. აპრლში იკლო იმპორტმა 19%-ით, რამაც შეამცირა მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე. მაისში ეს ტენდენცია გაგრძელდა, თუმცა მონაცემები იქნება გვიან,”- ამბობს ეკონომიკის ცენტრის ხელმძღვანელი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.

 

ქვეყანაში უცხოური ვალუტის ძირითად წყაროს ექსპორტი, ფულადი გზავნილები, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენს.


რა შეიცვალა ამ პარამეტრებში, რომ 2014 წლის ნოემბრიდან ლარის კურსის ვარდნა და 2015 წლის მაისში გამყარება მომხდარიყო?


2014 წლის  ნოემბრიდან, როცა ლარმა გაუფასურება დაიწყო [1 აშშ დოლარი – 1,79 ლარი], სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2014 წლის ნოემბერში ექსპორტი 34%-ით შემცირდა; ფულადმა გზავნილებმა წინა წლის ოქტომბერთან შედარებით ნოემბერში 20 მლნ აშშ დოლარით იკლო და 104 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; 2014 წლის მე-4 კვარტალში, მესამესთან შედარებით, ინვესტიციები 507 მლნ აშშ დოლარიდან 349 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.


ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ძირითადი წყაროებიდან ქვეყანაში სავალუტო ნაკადები შემცირდა.


2015 წლის მაისში, 7-თვიანი გაუფასურების შემდეგ ლარმა აშშ დოლართან გამყარება დაიწყო. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 21 მაისს ლარი აშშ დოლართან 2,2545 ნიშნულზე გამყარდა, როცა 20 მაისს ლარი 2,3378 ნიშნულზე იყო.  

 

“ლარის გამყარება უკავშირდება იმპორტის შემცირებას. აპრილში იმპორტი შემცირდა 19%-ით [130 მლნ აშშ დოლარით]. ფაქტობრივად, იმ დოზით არის შემცირებული, რომ გადაფარა ექსპორტის და ფულადი გზავნილების შემცირება. ვიზიტორების და ტურიზმის მიმართულებით შედარებით გამოსწორებულია სიტუაცია,” – ამბობს საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ეკონომისტი ბესო ნამჩვაძე.


“იმპორტის შემცირება, რაც სავალუტო გადინებას ამცირებს, ამავდროულად გაზრდილია ტურისტების რიცხვი. შედარებით გაზრდილია ფულადი გზავნილებიც. წესით, ლარის კურსი გამყარების მიმართულებით უნდა წავიდეს. სავალუტო გადინებების შემცირება ხელს უწყობს ლარის კურსის სტაბილურობას,” –  ამბობს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილი.  


ოფიციალური სტატისტიკით აპრილში იმპორტი 19%-ით შემცირდა და 551 294,8  მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იანვარში იმპორტი – 0,8%, თებერვალში – 3,6%, მარტში 5%-ით შემცირდა.

 

აპრილში  ექსპორტი 21,4%-ით შემცირდა და 185 951,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იანვარში ექსპორტის კლებამ 30%, თებერვალში 22,6%; მარტში 30% შეადგინა.

 

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადმა გზავნილებმა 2015 წლის  აპრილში 91,090 მლნ აშშ დოლარი  შეადგინა [იანვარში – 75,450 მლნ აშშ დოლარი, თებერვალში 81,987 მლნ აშშ დოლარი, მარტში 91, 954 აშშ დოლარი].

 

ტურიზმის ეროვნული საგენტოს მონაცემებით, 2015 წლის აპრილში საქართველოში 394 455 ტურისტი შემოვიდა. იანვარში ეს მაჩვენებელი 304 213 ათასი იყო.

 

2015 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია საქსტატს ჯერ არ გაუსაჯაროებია.

 

“როცა ამ პარამეტრებმა გაუმჯობესება დაიწყო, ლარის გამყარება უფრო ადრე უნდა მომხდარიყო,” – მიაჩნია  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურს.

 

“ლარი არაბუნებრივად იყო გაუფასურებული. ეს ჩემი მოსაზრებაა. საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივმა კომიტეტებმა ეროვნული ბანკის მიერ 2014 წლის ანგარიშის შესახებ დადო არადამაკმაყოფილბელი დასკვნა. ეროვნულმა ბანკმა მისი მთავარი ფუნქცია, შეენარჩუნებინა ფასების და ლარის კურსის სტაბიულურობა, ვერ შეასრულა”.  

 

კრიტიკული შეფასებების მიუხედავად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ თუ ეკონომიკური პარამეტრები დადებითი მიმართულებიით არ შეიცვალა, ლარი აშშ დოლართან არ გამყარდება: 

 

“თუ ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკის ზრდა, ლარის კურსი იქნება გამყარების მიმართულებით. რაც შეეხება საშუალოვადიან პერიოდს, თუ აღარ გაღრმავდა ჩვენი სავაჭრო და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ჩვენ გავატარეთ შესაბამისი ღონისძიებები, ამ შემთხვევაში უკვე არსებული 30%-იანი გაუფასურება არის საკმარისი იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ვალუტის დანაკლისი. თუ შემოდინებები და ექსპორტი გაიზრდება და ტურიზმიდან გვექნება უკეთესი შედეგი, ეს ყველაფერი ლარზე გამყარების მიმართულებით მოახდენს გავლენას. ზოგადად უზარმაზარი გავლენა აქვს მოლოდინებს, მომხმარებლის ქცევას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაცია და განცხადებები იყოს გამართული და სწორი.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი