ეკონომიკა

ქართული ავიაკომპანიები რეგულარულ ფრენებს რუსეთის 7 ქალაქში შეასრულებენ

15 აპრილი, 2015 • • 1376
ქართული ავიაკომპანიები რეგულარულ ფრენებს რუსეთის 7 ქალაქში შეასრულებენ

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ფრენის სიხშირეები თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე განისაზღვრა – ზამთრის სანავიგაციო სეზონზე 18 სიხშირე თითოეული მხრიდან, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე  – 21 სიხშირე.

 

თბილისი–მოსკოვის გარდა შეთანხმება შედგა რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განახლების თაობაზე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის სხვა ქალაქებს შორისაც. კონსულტაციების შედეგად, რეგულარული ფრენები შესრულდება ქვეყნებს შორის საავიაციო სფეროში მოქმედი ხელშეკრულების დანართში განსაზღვრულ პუნქტებს შორისაც. კერძოდ, ქართულ ავიაკომპანიებს  უფლება ექნებათ, რეგულარული ფრენები განახორციელონ რუსეთის 7 ქალაქში – მოსკოვი, პეტერბურგი, სამარა, ეკატერინბურგი, სოჭი, როსტოვი და მინვოდი. ხოლო რუსულ კომპანიებს  – თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით. 

 

“რაც შეეხება ფრენის სიხშირეებს სხვა ზემოთჩამოთვლილ ქალაქებს შორის, აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში სიხშირეები იქნება შეუზღუდავი, როგორც ეს იყო ქვეყნებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამდე” – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. 

 

ეკონომიკის სამინსტროს ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ მონაცემების თანახმად, 2014 წლის ნოემბრის თვიდან 2015 წლის თებერვლის ჩათვლით, სულ მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  49%-ით გაიზარდა. აღნიშნული ზრდა მით უფრო მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ წლის განმავლობაში ეს პერიოდი გამოირჩევა მგზავრთნაკადის ყველაზე დაბალი აქტივობით, ხოლო ზაფხულის სეზონზე, რომელიც მგზავრთნაკადის მაღალი აქტივობით გამოირჩევა, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება.

 

“სწორედ ზემოაღნიშნული მოლაპარაკებების შედეგია, რომ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ უკვე მიეცა შესაძლებლობა, 2015 წლის 10 აპრილს დაეწყო რეისების შესრულება თბილისი-სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით. მიმდინარე წლის აპრილის ბოლოდან კი ავიაკომპანია ასევე გეგმავს რეგულარული რეისების განხორციელებას თბილისი-სამარას მიმართულებითაც” – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. 

 

რუსეთის ფედერაციასთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2006 წელს შეწყვეტილ იქნა ცალმხრივად და 2010 წლიდან ქვეყნებს შორის ხორციელდებოდა მხოლოდ ჩარტერული რეისები.  2014 წლის 27 ოქტომბრიდან  რუსეთის ფედერაციასთან  რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდა, თუმცა, მხოლოდ თბილისი–მოსკოვის მიმართულებით.  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი