საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ენერგოკომპანია „TATA POWER“–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანილ სარდანამ , „Clean Energy Invest”-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბარდ მიკელსენმა , ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბიორნ ბრანზეგმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობას მიიღებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ელექტროენერგიისა და ენერგორესურსების განყოფილება, IFC -ის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტი და აზიის განვითარების ბანკის (ADB) კერძო სექტორის პროექტების დეპარტამენტი.
მხარეებსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა პირდაპირი ხელშეკრულება ჰესის მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, “შუახევიჰესის” პროექტი საქართველოს ენერგოსისტემაში ყველაზე დიდი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტია ჯამური ღირებულებით 400 მლნ აშშ დოლარი.
“შუახევიჰესის“ პროექტი საქართველოში პირველი კერძო საინვესტიციო პროექტია საერთაშორისო დაფინანსებით. პროექტის განხორციელების მიზნით IFC-მ 250 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მოიზიდა. ამ ინვესტიციიდან 90 მლნ. აშშ დოლარი აზიის განვითარების ბანკმა (ADB), 90 მლნ. აშშ დოლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), ხოლო 70 მლნ. აშშ დოლარი IFC-მ გამოყო.
,,შუახევიჰესის’’ მშენებლობის პროექტს ინდურ Tata Power-სა და ნორვეგიულ Clean Energy Invest-ის მიერ დაფუძნებული ერთობლივი საწარმო ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ ახორციელებს.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, “შუახევიჰესის” პროექტის ფარლებში დასაქმებულია 600 საქართველოს მოქალაქე.
“შუახევიჰესის“ სამშენებლო სამუშაოები დასრულდება 2016 წლის შემოდგომაზე და საქართველოს შემატებს 187 მგვტ. ჯამურ დადგმულ სიმძლავრეს.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, შუახევიჰესის’’ პროექტი პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტია საქართველოში, რომელიც სერტიფიცირებულია გაეროს ჩარჩო-კონვენციის კლიმატის ცვლილებების შესახებ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად.
“შუახევიჰესი” გამოიმუშავებს 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით.
