ეკონომიკა

ლარის გაუფასურების შედეგად გაძვირებული სურსათი და მედიკამენტები

9 თებერვალი, 2015 • • 2023
ლარის გაუფასურების შედეგად გაძვირებული სურსათი და მედიკამენტები

საქსტატის მონაცემებით, იანვარში ყველაზე მეტად (7,5%-ით) ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა, 4,2%-ით გაიზარდა ხილის და ყურძნის ფასი.

 

თბილისში, “დეზერტირების ბაზარში” მოვაჭრეებმა “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ, ძირითადად, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ხილი და ბოსტნეული გაძვირდა. მათი განცხადებით, თუკი გასული წლის ბოლოს თურქეთიდან შემოტანილი 1 კგ. ფორთოხალი 2 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 2.5 ლარია; 4-დან 6 ლარამდე გაძვირდა აზერბაიჯანიდან იმპორტირებული 1 კგ. ყურძენი; ხოლო სომხეთიდან შემოტანილი 1 კგ. სტაფილოსა და ჭარხლის ფასი 1.20-დან 2 ლარამდე გაიზარდა.

 

ხილისა და ბოსტნეულის გარდა, იანვარში, წინა წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები  4,5 პროცენტით გაიზარდა ალკოლოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე. საქსტატის მონაცემებით, ეს განპირობებული იყო იმით, რომ აქციზის გაძვირების გამო, თამბაქოს ფასი 1 იანვრიდან 7,6%-ით გაიზარდა. 1 მარტიდან კი აქციზის გადასახადი ლუდზეც იზრდება, რის შემდეგაც ეს პროდუქციაც გაძვირდება.

 

სადისტრიბუციო კომპანია “ნეო გრუპს” ენერგეტიკული და ალკოჰოლური სასმელები შემოაქვს საქართველოში:

 

“პროდუქციას ვყიდულობთ დოლარში და ამას ემატება ტრანსპორტირების ხარჯები. ყველა ბრენდი გავაძვირეთ 5-10%-ით. ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზი ძვირდება 1 მარტიდან და ფასი კიდევ აიწევს,” – ამბობს კომპანიის ოფისმენეჯერი ნოდარ ჯობავა “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

თბილისში, მცირე სუპერმარკეტის მფლობელი დარეჯან ანჯაფარიძე ამბობს, რომ იანვარში, დეკემბერთან შედარებით, სურსათი მის მაღაზიაში 10-დან 20%-მდე გაძვირდა. მაგალითად, როგორც ანჯაფარიძე ამბობს, 1 ლ. ზეთი “რაზუმნიცა” 2.50-დან 3 ლარამდე გაძვირდა, 1 კგ. შაქარი – 1.4-დან 1.50 ლარამდე, ჩაი “გრინფილდი” – 3-დან 3.7 ლარამდე, ყავა “ჟოკეი” 4.5-დან 5.5 ლარამდე.

 

“გაძვირებულია რძის პროდუქტები და ტკბილეულიც, ასევე, ძეხვეული. მაგალითად, “ევერესტის” მიერ წარმოებული 1 კგ. ძეხვი “საექიმო” დეკემბერში 8,2 ლარი ღირდა, ახლა 9,5 ლარი ღირს”, – ამბობს დარეჯან ანჯაფარიძე.

 

გაძვირებული სურსათი | Create infographics

მცირე მარკეტებისგან განსხვავებით, პროდუქციაზე ფასის შენარჩუნებას ძველი ნაშთების ხარჯზე ახერხებენ მსხვილი მარკეტები:

 

“ფასს აქციებით ვაბალანსებთ, ხან მოგების მარჟას ვამცირებთ, მაგრამ თუ ლარმა გაუფასურება განაგრძო, პროდუქციას გავაძვირებთ. უკვე იყვნენ სადისტრიბუციო კომპანიები და გვითხრეს, რომ 1 მარტიდან ლუდი და ალკოჰოლური სასმელი გაძვირდება. ასევე, ფასი აიწევს ხორცპროდუქტებზე და რძის ნაწარმზე. ჯერჯერობით ფასი შენარჩუნებულია თევზის და ხორცის კონსერვებზე”, – ამბობს სუპერმარკეტ “ვეჯინის” მენეჯერი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

“ქართულ სადისტრიბუციო კომპანიას” ადგილობრივ ბაზარზე თევზის, ხორცის კონსერვები და მაიონეზი ”სლობოდა” უკრაინიდან შემოაქვს. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე დავით მჭედლიძე ამბობს, რომ ჯერ პროდუქცია არ გაუძვირებია, რადგან “უკრაინაში ეკონომიკური კრიზისია და ცდილობენ, რომ ბაზარი შეინარჩუნონ და ფასის კორექტირებაზე თანხმდებიან”. მისივე თქმით, ფასის კორექტირების მიუხედავად, კურსთაშორისმა სხვაობამ პროდუქციის ფასი მაინც გაზარდა, თუმცა “ქართულმა სადისტრიბუციო კომპანიამ” მოგების მარჟა შეამცირა და ჯერჯერობით ფასებს ამ გზით ინარჩუნებს.

 

თუ დოლარმა გაძვირება განაგრძო, ფასების აწევას გეგმავენ კომპანიები, რომლებსაც პროდუქცია ევროპიდან ევროზე შემოაქვთ:

 

“კოსმეტიკური, ჰიგიენური და ქიმიური სარეცხი საშუალებები შემოგვაქვს ევროზე. ევროს კურსი შედარებით სტაბილურია, მაგრამ თუ დოლარი კიდევ გაძვირდა, პროდუქციაზე ფასის გადახედვა მოგვიწევს. იჯარის ფასი და საბანკო კრედიტი დოლარში, საკმაოდ მძიმედ აწვება ჩვენს კომპანიას და ხარჯებს ზრდის,”- ამბობს კომპანია “ნატალის” წარმომადგენელი თათია ხუციშვილი.

 

ლარის გაუფასურების გამო ქირის გადასახადი გაუძვირდა ლალი მეტონიძესაც, რომელსაც თბილისში მცირე მარკეტი აქვს გახსნილი.

 

“ქირას აშშ დოლარში ვიხდი. ყოველთვიური გადასახადი 350 აშშ დოლარი მაქვს. დოლარის გაძვირების გამო, იძულებული ვარ მოგების მარჟა ავწიო, მაგრამ თუ ფასს გავზრდი, ბრუნვა შემიმცირდება. თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდა, ალბათ, ბიზნესს გავაჩერებ,” – ამბობს მეტონიძე.

 

ყველაზე მძიმე ტვირთად მომხმარებლები მედიკამენტებისა და ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებების გაძვირებას მიიჩნევენ. მაია ოტიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ “ჰუმანას” ფაფას ახლა 13.90 ლარად ყიდულობს, ორი თვის წინ კი მისი შეძენა 11.25 ლარად შეეძლო. ასევე, 16-დან 20 ლარამდე გაუძვირდა ბავშვის პამპერსის ღირებულება.

 

“ესეც ბაზრობასა და საბითუმო საწყობებში არსებული ფასია, თორემ აფთიაქებში ფასი უფრო მაღალია,” – ამბობს მაია ოტიაშვილი.

 

ნინო ასათიანი დიაბეტით დაავადებული ოჯახის წევრისთვის მუდმივად ყიდულობს მედიკამენტებს. მისი თქმით, ბოლო 2 თვეში ამ წამლებზე ფასი 10-20%-ით გაიზარდა:

 

“2 თვის წინ “კოდიუვანს” 45 ლარად ვყიდულობდი, ახლა 52 ლარი ღირს. “ლერკამენი” 11-დან 16 ლარამდე გაძვირდა. “ცისტონი” 13 ლარი ღირდა, ახლა კი 20 ლარად ვყიდულობ. “დიაბეტონის” ფასი 21 ლარია, როცა ორი თვის წინ 12 ლარი ღირდა.”

 

“ჯიპისის” სააფთიაქო ქსელში აღნიშნული მედიკამენტების გაძვირებას ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ ფასდაკლების აქციის ფარგლები, წამლების ყიდვა უფრო დაბალ ფასშია შესაძლებელი:

 

“ფასი გაზრდილია, მაგრამ აქციის დღეს “ლერკამენის” ყიდვა 13,2 ლარად არის შესაძლებელი, “ცისტონის” – 17 ლარად, ხოლო “დიაბეტონის” – 17,95 ლარად”.

 

საქსტატის მონაცემებით, იანვარში გასული წლის დეკემბერთან შედარებით ჯანდაცვა 0.9%-ით გაძვირდა.

 

ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი.  9 თებერვლის მონაცემებით, 100 აშშ დოლარი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 203 ლარი ღირს.

 

28 იანვარს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ლარის კურსის ვარდნა აშშ დოლართან მიმართებაში ფასებზე არ ასახულა:

 

“ლარი იქცევა ძალიან ადეკვატურად იმ პროცესებთან მიმართებაში, რაც ხდება შიგნით და გარეთ. არაფერი ცუდი არ ხდება. ეს ფასებზე არ გადართულა, თუ გადავა, ეროვნულ ბანკს და მთავრობას აქვს ბერკეტები ჩაერიოს”.

პროდუქტებზე ფასების გაზრდის მიუხედავად, ეროვნულ ბანკსა და მთავრობას ჯერ არანაირი ბერკეტები არ გამოუყენებია ამ პროცესების შესაჩერებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი