ავიამიმართულებების ფორუმს თბილისი 2015 წელსაც უმასპინძლებს

ავიამიმართულებების ფორუმს (Routes Silk Road) თბილისი 2015 წელსაც უმასპინძლებს. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, UBM Routes-თან შესაბამისი მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2014 წლის ფორუმი შედეგიანი და წარმატებული აღმოჩნდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, Routes Silk Road 2014-ზე დაწყებული მოლაპარაკებების შედეგად, ავიაკომპანიებმა Air Arabia და Aeroflot თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისების შესრულება უკვე დაიწყეს:

 

“2015 წლის ოქტომბერში კი საქართველოს ავიასივრცეს კიდევ ერთი ავიაკომპანია, Etihad შემოუერთდება, რომელიც თბილისიდან აბუ დაბის მიმართულებით იფრენს. ამასთანავე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ორ ავიაკომპანიასთან, რომლებიც ავიარეისების შესრულებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყებენ”.

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, საქართველოს ავიაბაზარი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადია მსოფლიოში:

 

“მგზავრთნაკადის გაზრდა უშუალოდ უკავშირდება რეგიონული ეკონომიკის მყარ განვითარებასა და ავიაკომპანიის რაოდენობის მატებას.  ამის შედეგად კი ტურიზმის მაჩვენებელი ყოველწლიურად 20%-ით იზრდება. 

 

ჩვენი მიზანია, საქართველო და ჩვენი აეროპორტები მსოფლიოს გავაცნოთ და  დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები მოვიზიდოთ. ავიამიმართულებების განვითარების ფორუმის ჩატარება საქართველოში საუკეთესო საშუალებაა ამ მიზნების მისაღწევად. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ, ვუმასპინძლოთ Routes Silk Road-ს 2015 წლის ზაფხულში.”

 

Routes for UBM Live-ის დირექტორის ქეით ბლანდის თქმით, თბილისი საუკეთესო ადგილია ავიამიმართულებების განვითარების ფორუმის ჩასატარებად: “ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გუნდთან ერთად ავიაფორუმი ჩავატაროთ და უკეთეს შედეგს მივაღწიოთ.” 

 

Routes Silk Road 2014 თბილისში 6-8 ივლისს ჩატარდა და მას 300-მდე დელეგატი, აქედან 50-ზე მეტი ავიაკომპანიისა და 60-ზე მეტი აეროპორტის წარმომადგენელი დაესწრო.

Routes Silk Road 2014 თბილისში
Routes Silk Road 2014 თბილისში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი