სოფლის მეურნეობის სამინისტროს “სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის” უფროსის მოადგილე ქეთი ლაფერაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მომხმარებელს უხარისხო პროდუქტისაგან დაიცავს, ხოლო მთავარი სიახლე მაწონთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერია:
“ამ რეგლამენტებში მთავარი სიახლე ის არის, რომ მაწონზე სპეციალური ჩანაწერი გაკეთდა. პროდუქტი, რომელიც ბაზარზე მაწვნის დასახელებით გაიყიდება, მხოლოდ ნატურალური რძით და საქართველოს ტერიტორიაზე გამოყოფილი, ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამებისაგან შემდგარი დედოთი უნდა დამზადდეს.”
რძის ნაწარმზე ტექნიკური რეგლამენტები ხელმოწერიდან 6 თვეში შევა ძალაში, თუმცა მაწვნის ადგილობრივი რძემჟავა ბაქტერიების შტამებისაგან შემდგარი დედოთი წარმოების მოთხოვნა, ქეთი ლაფერაშვილის ინფორმაციით, გადაიწევს და სავარაუდოდ, 5 წელიწადში დაკანონდება:
“ერთ–ერთი მნიშვმელოვანი საკითხია მაწონთან დაკავშირებული მოთხოვნა. მოგეხსენებათ, “მაწონი” არის ჩვენი ტრადიციული, ეროვნული პროდუქტი, ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობად არის დარეგისტრირებული – როგორც ადგილწარმოშობის პროდუქტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაწვნის წარმოებისათვის გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ადგილობრივი გეოგრაფიული არეალიდან გამოყოფილი რძემჟავა ბაქტერიებისაგან მიღებული დედო. დღეისათვის არც ერთი ჩვენი რძის გადამამუშავებელი საწარმო ადგილობრივ შტამებს არ იყენებს. ეს მუხლი, რომელიც ეხება მაწონთან დაკავშირებულ რეგლამენტირებას, ალბათ სამი–ოთხი წლით გადაიდება. თუმცა არც ეს არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ მოხდეს ადგილობრივი შტამების იდენტიფიკაცია– გამოყოფა. შემდეგ მისი ფიზიკურ–ქიმიური, მორფოლოგიური თუ გენეტიკური თვისებების შესწავლა და იმის დასაბუთება, რომ ეს მართლაც ადგილობრივი შტამია. ამისთვის ალბათ სახელმწიფოს დახმარება იქნება საჭირო, რომ ის პროდუქტი, რომელიც ჩვენ დარეგისტრირებული გვაქვს და ვამაყობთ, რომ ეს არის ქართული, ტრადიციული, ნამდვილად ქართული დედოსგან იქნეს დამზადებული.”
სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს, რა შემთხვევაში უნდა დაერქვას პროდუქტს მაწონი, არაჟანი, ხაჭო, იოგურტი:
“ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს რძის პროდუქტების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების დაცვას და შემდეგ ბიზნეს–ოპერატორისა და ბაზრის ურთიერთობის დარეგულირებას. საცალო ვაჭრობის ობიექტებში და სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული რძის პროდუქტებისთვის ამ რეგულაციას შემოაქვს დიფერენციაცია. ის ნაწარმი, რომელიც დამზადებულია მხოლოდ რძისმიერი ინგრედიენტებით (შედგება იმ კომპონენტებით, რომელსაც ბუნებრივი შემადგენლობა აქვს: რძის ცხიმი, რძის ცილა, რძის შაქარი, შემდეგ რძის მინერალური ელემენტები და ვიტამინები), ამ ნედლეულისგან წარმოებულ ნაწარმს შეიძლება ეწოდოს რძის პროდუქტი. თუ იქნება გამოყენებული რძისმიერი კომპონენტები, მაშინ მათ ეწოდებათ მხოლოდ და მხოლოდ რძის შემცველი პროდუქტი.”
ქეთი ლაფერაშვილის ინფორმაციით, ტექნიკური რეგლამენტები ევროპული კანონმდებლობის შესწავლის შემდეგ და ამ ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე მომზადდა:
“ამ სფეროს არეგულირებს შესაბამისი ევროპული დირექტივები. ეს არის სწორი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ მომხმარებელი იყოს დაცული. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ის პროდუქტი, რასაც ბაზარში ყიდულობს, არის დამზადებული სუფთა რძისგან: მხოლოდ რძისმიერი ინგრედიენტებისგან შედგება, თუ მასში დამატებული არის სხვა ინგრედიენტები. ბიზნეს–ოპერატორები სწორად აკეთებდნენ ეტიკეტთან დაკავშირებულ წარწერას. ისინი აწერდნენ პროდუქტს მაწონს, არაჟანს და მცენარეული ცხიმის შემცველობა ეტიკეტზე გამოტანილი იყო. ახლა ტექნიკური რეგლამენტი დაარეგულირებს, რა შემთხვევაში შეიძლება პროდუქტს რძის ნაწარმი ეწოდოს. ეს არის კარგი და სწორი გადაწყვეტილება სამინისტროს მხრიდან და მომხმარებელთა უფლებების დაცვა არის გარანტირებული.”
რძის ნაწარმზე ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების პროცესში სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათი შენიშვნები გაითვალისწინეს:
“დღემდე ჩვენს ქვეყანაში არ არსებობდა ასეთი რეგულირება. ამ რეგლამენტს შემოაქვს 122 ტერმინი. ეს არის არა მხოლოდ პროდუქტთან დაკავშირებული ტერმინები, არამედ ტექნოლოგიურ პროცესებთან დაკავშირებული ტერმინები. თუ მეწარმეს გამოყენებული აქვს მცენარეული ცხიმი, მაშინ პროდუქტს – არაჟანს, მაწონს, ხაჭოს და იოგურტს ვეღარ დააწერს. შეიძლება პროდუქტს სხვა სახელი დაერქვას. მომხმარებელმა სწორად უნდა გაიგოს ეს ინფორამცია და წაიკითხოს ეტიკეტი”,– აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტების მომზადების ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) [რომელიც ნაწილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების] ფარგლებში აქვს აღებული.
სურსათის უვნებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას უნდა მიუახლოვდეს.