ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ამბობს, რომ ლარის გაუფასურების პრობლემას არ ხედავს:
“საქართველოში არის მცურავი გაცვლითი კურსი და, შესაბამისად, კურსი იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს, როგორსაც განსაზღვრავს ეკონომიკა”, – ამბობს მესტვირიშვილი, თუმცა იმავე ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემები ცხადხყოფს, რომ ლარის გაუფასურება ისე როგორც წელს, შარშანაც სწორედ წლის ბოლოს, ნოემბრიდან დაიწყო:
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, 2013 წლის 1 ნოემბერს ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში იყო 1,6720 ლარი და მთელი თვის მანძილზე მზარდი კურსის შედეგად, იმავე წლის 31 დეკემბრისთვის მიაღწია 1.7367 ლარიან ნიშნულს. ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდა 2014 წლის იანვარ-თებერვალშიც და 1,80 ნიშნულს გაუტოლდა. მარტიდან კი ლარმა გამყარება დაიწყო ისე, რომ 2014 წლის 1 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ღირებულებამ შეადგინა 1.7528 ლარი. თუმცა მიმდინარე წლის ნოემბრიდან ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო და დღეის მდგომარეობით, სებ-ის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 1,7778 ლარი ღირს.
ეკონომიკის ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ წლის ბოლოს ლარის კურსის კიდევ უფრო მეტად ვარდნაა მოსალოდნელია, თუკი მთავრობა იმავე გზას აირჩევს, რაც შარშან მოხდა:
“2014 წელს ბიუჯეტში იგივე ვითარებაა, რაც იყო 2013 წლის ბოლოს. ბიუჯეტის გეგმის შესრულება როგორც შემოსავლების, ისე ხარჯების კუთხით პრობლემატურია. მთავრობას მართებს დიდი სიფრთხილე დეკემბრის თვეში, რომ არ გაიმეოროს გასული წლის შეცდომა და ბიუჯეტის შესრულებას “გამოეკიდოს ქაღალდზე”. თუკი დეკემბერში მოხდება მობილიზება ფულის და ჯერჯერობით შეფერხებული გრანტების და კრედიტების შემოსვლა, მთავრობამ ეს მომენტალურად არ უნდა გადაურიცხოს მხარჯავ ერთეულებს, რადგან შემდგომ ეს ფული სავალუტო ბაზარზე არ წავიდეს, რათა ლარის კურსზე ნეგატიურად არ იმოქმედოს.”
რომან გოცირიძის თქმით, მთავრობამ დარჩენილ 1 თვეში და 10 დღეში უნდა დახარჯოს 1,7 მლრდ ლარი:
“ხარჯებში ჩამორჩენა ლარის სიმყარის ერთ–ერთი გარანტიც კი იყო. ამიტომ ჯერჯერობით საბიუჯეტო ცხოვრება ლარზე გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ ეს არის გადავადებული რისკები და მთავრობამ ეს უნდა გაითვალისწინოს. 2013 წელს აშკარა იყო მთავრობის წვლილი ლარის გაუფასურებაში. 2013 წელს ბიუჯეტი გაირღვა 600 მლნ ლარით და შემდეგ მისი კომპენსირება მოხდა იმ ნაშთებით, რაც წინა ხელისუფლების დროს იყო დატოვებული. 900 მლნ იყო ნაშთი. აქედან, გარდა 287 მლნ ლარისა, მთლიანად იყო გამოყენებული საბიუჯეტო შემოსავლებში დანაკლისის ასანაზღაურებლად. განსაკუთრებით ამ შემთხვევაში დამამძიმებელი გარემოება ის იყო, რომ 2013 წლის ბიუჯეტი ვერ სრულდებოდა რიტმულად, თვეების განმავლობაში. ნოემბრის მეორე ნახევარში და განსაკუთრებით დეკემბრის თვეში მოხდა დიდი ხარჯების გაწევა, რამაც გამოიწვია ლარის სწრაფი დევალვაცია. მის შესაჩერებლად ეროვნულ ბანკს მოუწია 470 მლნ აშშ დოლარის გაყიდვა. ფაქტობრივად ამის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ვერ აღიდგინა ის რეზერვები, რაც მას ჰქონდა. 3,1 მილარდი აშშ დოლარი იყო რეზერვები 2013 წლის ზაფხულში. დღეს ეს სებ–ის რეზერვი 2,6 მლრდ აშშ დოლარია”.
