თბილისის მერი, კახა კალაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ეხმაურება და ამბობს, რომ ადამიანს ნებისმიერი განსაცდელის კაცურად მიღება უნდა შეეძლოს.
კალაძის თქმით, ღარიბაშვილის წერილში გაჟღერებული საკითხები პოლიტიკური სპეკულაციებია.
„ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად. მიჭირს ამაზე საუბარი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. როდესაც ერთხმად ლაპარაკობენ ირაკლი ღარიბაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყნის მტრები ერთად ლაპარაკობენ, ძალიან მძიმე სანახავია. ბრალი, რომელიც წაყენებული ჰქონდა, ხომ თვითონ აღიარა ეს ყველაფერი და ამისთვის იხდის სასჯელს. შესაბამისად, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები… ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სხვადასხვა რამეზე ისაუბროს, მაგრამ ეს ვერ იქნება საფუძველი, რომ გამოძიება დაიწყოს. რაღაც ფაქტი, მტკიცებულება ხომ უნდა არსებობდეს?!… ბევრჯერ გვინახავს ამ ტიპის პოლიტიკური სპეკულაციები, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ყველაფერი ცხადი და ნათელია“, – განაცხადა კალაძემ.
პირველ სექტემბერს ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან მორიგი განცხადებას გაავრცელა.
ღარიბაშვილის თქმით, მის საქმესთან დაკავშირებით მდინარაძემ „იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა“, რომ ამან გამოიწვია მისი პოლიტიკიდან წასვლა.
„ოცნების“ ყოფილი ლიდერი ამბობს, რომ მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა „ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და ქართული ოცნებისთვის მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს“.
ამავე წერილში ის საუბრობს, რომ შეიტყო გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ერთ-ერთი რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ამბავი, რომელიც მანამდე სტატიაში კობახიძეს აკრიტიკებდა.
ღარიბაშვილის თქმით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი. მისივე მტკიცებით, „საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…“
ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
ლაზარე ჯორბენაძე „ასავალ-დასავალის“ ხშირი რესპონდენტი იყო. 2026 წელს გამოქვეყნებული ერთ-ერთ ნომერში ის წერდა, რომ ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევთან ხელი მოაწერა საიდუმლო შეთანხმებას და დათმო დავითგარეჯის ნაწილი.
ამას შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის წინააღმდეგ სოცქსელებში გარკვეული კამპანია აგორდა. მას ცილისმწამებელს უწოდებდნენ.
მან კიდევ ერთი ინტერვიუ მისცა “ასავალ-დასავალს”, სადაც ამბობდა, რომ უკან არ იხევდა და კვლავ ადასტურებდა მის მიერ ირაკლი კობახიძეზე გავრცელებული ცნობის ნამდვილობას. ის ამტკიცებდა, რომ ეს დოკუმენტი ნანახიც კი ჰქონდა.
გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ლაზარე ჯორბენაძე გარდაიცვალა და ოფიციალურ ვერსიად სუიციდი განიხილებოდა. ასავალ-დასავალის ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ, რომელიც ჯორბენაძის ინტერვიუერი იყო, განაცხადა, რომ მას არ სჯეროდა თვითმკვლელობის ვერსიის.
