ეკონომიკა

რატომ არის საჭირო სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია

17 სექტემბერი, 2014 • • 1840
რატომ არის საჭირო სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროგრამების მენეჯერი ირინა გურული “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ სახელმწიფო ვალის მართვა საქართველოს მთავრობამ კრიზისის დადგომამდე უნდა დაიწყოს, რადგან სახელმწიფო ვალის ეფექტურად მართვა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ერთ–ერთი გარანტია: 

 

“რისკების შეფასება რთულია, რადგან საბეძნეთში დეფოლტის წინაშე ისე დადგნენ, რომ გვიან მიხვდნენ ამის შესახებ. ძირითადად ვალის მართვა იწყება მაშინ, როცა დგება კრიზისი. ჩვენი მიზანია საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით გაგვეკეთებინა იმის ადვოკატირება, რომ ვალის მართვა უნდა მოხდეს კრიზისის დადგომამდე, რათა შემდგომი პრობლემები ავიცილოთ თავიდან.” 

 

ირინა გურულის შეფასებით, სახელმწიფო ვალი 2006 წლიდან 2014 წლამდე  გაორმაგდა: 


“საგარეო ვალის მოცულობამ საკმაოდ დიდ მასშტაბს მიაღწია იმისთვის, რომ მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებიული არ იყოს და უფრო მეტი კანონთან გათანაბრებული დოკუმენტი უნდა არსებობდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ვალის აღების წესის განსაზღვრა და მართვა, რა სახის პროექტებისთვის არის ვალის აღება საჭირო.”  


ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, 2014 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 13,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რომლის 32 პროცენტი (4.1 მილიარდი აშშ დოლარი) სამთავრობო ვალია. ვალის 46% სხვა სექტორებზე მოდის, 20% კომერციული ბანკების ვალია, ხოლო 2% – ეროვნული ბანკის ვალი. 


მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებაში 35,6%–ია, მთავრობის საგაერო ვალი კი მშპ–ს 26,9%–ია. 

 

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მთავრობის ვალი ბიუჯეტის შემოსავლებთან 131%–ია, საგარეო ვალი კი საბიუჯეტო შემოსავლებთან 99%–ია, მთავრობის საგარეო ვალი ექსპორტთან მიმართებაში 52,6%–ს შეადგენს. 


“საქართველოს მთავრობის საგარეო ვალს მშპ-სთან მიმართებაში კრიტიკულ ზღვრამდე არ მიუღწევია, თუმცა საგულისხმოა, რომ საგარეო ვალის 94 პროცენტი უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული, რაც ზრდის სავალუტო რისკს და იმის საფრთხეს, რომ გაცვლითი კურსის ფონზე აღებული ვალდებულებების წნეხი შესაძლოა გაიზარდოს”,  – ამბობს  ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) პროგრამების მენეჯერი ირინა გურული. 


მისი თქმით, EPRC –ს  პროექტის მიზანია საქართველოში დაამკვიდროს კრიზისის მართვის კულტურა და მთავრობას გაუწიოს ექსპერტული დახმარება ეკონომიკის სტიმულირების ანტიკრიზისული პაკეტის შექმნაში. 

“ბევრ ქვეყანას გააჩნია ვალის მართვის სტრატეგია, სადაც დეტალურადაა გაწერილი ყველა იმ აუცილებელი ვალდებულების, პირობის თუ ღონისძიების შესახებ, რომელიც ქვეყნის მთავრობამ ვალის მართვისას უნდა გაითვალისწინოს. საქართველოში მსგავსი სტრატეგია არ არსებობს, მაგრამ ჩამოყალიბებულია ხედვა და მიდგომები, თუ როგორ უნდა იმართებოდეს სახელმწიფო ვალი და საკანონმდებლო დონეზე გაწერილია ვალის მართვაზე პასუხისმგებელი ორგანოს (ფინანსთა სამინისტრო) მოვალეობები.”


ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტები აცხადებენ, რომ საგარეო ვალის მართვა მნიშვნელოვანია, რადგან ზუსტად იქნება გაწერილი, რატომ მოხდა სესხის აღება და რაზე დაიხარჯება: 

 

“2014 წელს მთავრობამ 600 მილიონი შიდა ვალი სახაზინო ობლიგაციების გამოშვების შედეგად აიღო. სახელმწიფო ფიქრობს, რომ ბანკებში განათავსოს ეს თანხა, თუმცა ეს არ არის ჩვენთვის ცნობილი, როგორ იქნებოდა პროცედურები გაწერილი. დანარჩენი 1,2 მილიარდი ლარი არის საინვესტიციო დაბალპროცენტიანი კრედიტი, რომლითც უნდა მოხდეს ინფრასრუქტურული პროექტების განხორციელება. თუმცა, 6 თვის და 8 თვის მონაცემებით, ვერ ხერხდება ამ ვალდებულებების ბიუჯეტის გეგმის მიხედვით გახარჯვა. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს მართვის და დაკონტრაქტების პრობლემებთან” – აცხადებენ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში.


2014 წლის ბიუჯეტში საკრედიტო რესურსის წილი არის გაზრდილი, თითქმის 2,5–ჯერ, 18% აღწევს. და 2013 წელს საკმაოდ ბევრი სააგრეო ვალის მიმართულება სოციალური ვალდებულებების დასაფინანსებლად გამოიყო.


ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში მიჩნიათ, რომ მხოლოდ საგადასახადო შემოსავლების ზრდით უნდა მოხდეს სოციალური ვალდებულების დაფინანსება: “გამართლებულია საგარეო ვალის აღება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, რაც დამატებით მოახდენს ეკონომიკის სტიმულირებას. მოხდება სამუშაო ძალის დასაქმება და თავისთავად ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ისევ ბიუჯეტში შევა გადასახადები.”  

ფული
ფული

 

 

 

 

     

მასალების გადაბეჭდვის წესი