საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის მეორე კვარტალში 208 მლნ აშშ დოლარი ინვესტიცია შემოვიდა, ხოლო 2012 წლის მეორე კვარტალში 218 მლნ. აშშ დოლარი.
2014 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების მოცულობა 265 მლნ აშშ დოლარი იყო.
არსებული სტატისტიკის მიუხედავად, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა:
“მოხდა სტრუქტურული ცვლილება. „თიბისი ბანკმა“ მოიზიდა არა პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, არამედ პორტფელური ინვესტიცია. ჯამში, უცხოური ინვესტიციების მოცულობა, პორტფელური და პირდაპირი გაზრდილია 20%-ით. თუმცა 91 მლნ დოლარი ინვესტიცია განხილულია არა როგორც პირდაპირი, არამედ როგორც პორტფელური უცხოური ინვესტიცია. ასე რომ, ინვესტიციის მიმართულებით არანაირი შემცირება არ არის”.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის” ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე ამბობს, რომ ამ კომენტარით ფინანსთა მინისტრი ფაქტობრივი სურათის “შელამაზეაბას” ცდილობს:
“პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2014 წლის მეორე კვარტლის მონაცემებთან დაკავშირებით ხელისუფლება ცდილობს „შეალამაზოს“ ფაქტობრივი სურათი და საზოგადოებას გარკვეულწილად სწორედ ეს „შელამაზებული“ ინფორმაცია მიაწოდოს. რეალურად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2014 წლის მეორე კვარტალში საგრძნობლად შემცირდა და სულ რაღაც 151 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.”
ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ტენდენცია “საქსტატის” ანგარიშებში ასახულ ცხრილებშიც თვალნათლივ ჩანს:
“აქ საყურადღებო არის ის გარემოება, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე კვარტლის მონაცემი მნიშვნელოვნად ნაკლებია როგორც მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელთან (265 მლნ. აშშ დოლარი), ისე გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან (208 მლნ. აშშ დოლარი) შედარებით. ეს 151 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კვარტალური მაჩვენებელი უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში. დღეს ხელისუფლება ცდილობს პრაქტიკულად ჩავარდნილი საინვესტიციო პოლიტიკა “შეელამაზოს” და “თიბისი ბანკის” 2014 წლის განმავლობაში მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ფასიანი ქაღალდები, ანუ ე.წ. საბანკო პორტფელური ინვესტიცია საკუთარ “აქტივში” მიითვალოს და ამით კი, ფაქტობრივად, დაფაროს ის საგანგაშო მდგომარეობა, რაც 2014 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.”
კალანდაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს ტერმინებით თამაშს:
“რეალურად კი, შეფასებებში და ანალიზის გაკეთებისას ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი და მასთან დაკავშირებული ტენდენციები, და არა საბანკო სფეროს პორტფელური ინვესტიციების კომპონენტი. რადგან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა არის სწორედ ის მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც რეალურად ასახავს ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის ეფექტურობას და ამ თვალსაზრისით ქვეყანაში განხორციელებული საინვესტიციო პოლიტიკის და პრიორიტეტების კორექტირების ან ცვლილების განხორციელების აუცილებლობის საკითხს.”
ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი რომან გოცირიძე “ნეტგაზეთთან” აცხადებს, რომ “საქსტატის” მიერ წარმოდგენილი მონაცემების თანახმად პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა:
“თიბისის ინვესტიცია რომ არ ყოფილიყო, ამ კვარტალში კაატსტროფული ვარდნა გვექნებოდა. “თიბისი ბანკის” ინვესტიცია არის 91 მლნ. დამატებითი ემისია, რაც გამოუშვა ბანკმა. რეალუარდ ქვეყანაში ინვესტიციები შემცირდა. ინვესტიციები დიდი ნაწილი არის ჩვენს მიერ აღებული სესხები. რეალური ინვესტიცია ქვეყანაში არ შემოდის. გეგმა შესრულდა ვალების ხარჯზე. ჯანსაღი ბიზნესის შემოსვლის მაჩვენებელი დაბალია.”
“საქსტატის” მონაცემებით, 2014 წლის აპრილ-ივნისში პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციების მოცულობა წინა კვარტალთან შედარებით გაიზარდა, თუმცა მხოლოდ პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ 151 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
“საქსტატის” ინფორმაციით, 151 მლნ აშშ დოლარში მხოლოდ ის ინვესტიციებია, რომლებიც არარეზიდენტმა პირდაპირმა ინვესტორებმა (ფლობს საწარმოს აქციების 10 პროცენტს და მეტს) განახორციელეს ამ წლის მეორე კვარტალში.
2014 წლის მეორე კვარტალში, საბანკო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან თანხის გადადინება მოხდა უცხოურ პორტფელის ინვესტიციებში (პორტფელური ინვესტორი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოში 10%-ზე ნაკლებს ფლობს) და მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს “საქსტატი” პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გამოთვლისას არ ითვალისწინებს.







