ეკონომიკა

ბიზნესისთვის “ენერგო პრო ჯორჯიას” ტარიფი შემცირდა

22 აგვისტო, 2014 • • 1600
ბიზნესისთვის “ენერგო პრო ჯორჯიას” ტარიფი შემცირდა

ეს გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ [სემეკი] დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.


კომისიამ “ენერგო პრო ჯორჯიასთვის” ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფი დაადგინა:

 

“დღეს სემეკ-მა განიხილა “ენერგო-პრო ჯორჯიას” სამომხმარებლო ტარიფები. კომერციულ სექტორში გვაქვს უმნიშვნელო შემცირება მაღალ და დაბალ ძაბვაზე, დაახლოებით 0.07 თეთრის ფარგლებში. რაც შეეხება საშუალო ძაბვას, აქ გვაქვს მნიშვნელოვანი შემცირება 1.25 თეთრის ოდენობით. ტარიფის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ 2014-2015 წლებში განსახორცილებელი ინვესტიციების ჯამური რაოდენობა, დაახლოებით 71 მლნ ლარის ოდენობით”, -ეს განცახდება  სემეკ-ის თავმჯდომარე ირინა მილორავამ კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

სემეკ–ის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორის გივი სანიკიძის განმარტებით, ტარიფის შემცირების მიზეზი ხარჯების დეტალური აუდიტი გახდა:  

 

“დაკლების მიზეზი გახდა ის, რომ დეტალურად იყო აუდირებული კომპანიის წარმოდგენილი დანახარჯები 2013 წლის მონაცემებით, შესაბამისად, იმ წარმოდგენილ მონაცემებს, რომლებიც კომისიის აპარატის მიერ დეტალუარდ გაანალიზდა, ჩაუტარდა აუდიტი. დაკონკრეტდა შესაბამისი დეპარტამენტის მიერ. აღნიშნულმა კორექტირებამ გამოიწვია დანახარჯების ბაზის შემცირება. ამან მოგვცა ის შედეგი, რომ შემცირდა ტარიფი 04 კილოვატ ძაბვაზე კომერციული მომხმარებლებისთვის. ასევე, 6–10 კილოვატ ძაბაზე და 35–110 კილოვატ ძაბვაზე. ტარიფები შემცირდა კომერციული სექტორისთვის, როგორც მსხვილი, საშუალო, ისე მცირე ბიზნესისთვის. განსაკუთრებით შემცირება მოხდა 1,25 თეთრის ოდენობით დღგ–ს გარეშე 6–10 კილოვატი ძაბვის მომხმაერებლებისათვის.” 

სემეკ-ის გადაწყვეტილებით უცვლელი რჩება ელექტროენერგიის საფეხურებრივი ტარიფი მოსახლეობისთვის. ირინა მილორავა კომისიის გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზით ხსნის.

“მიღებულია გადაწყვეტილება და სამომხმარებლო ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დარჩა იგივე. რამდენიმე პრობლემატური საკითხი იყო კომპანიასთან სამუშაო რეჟიმში. პირველი, ეს იყო პირველ პრივატიზაციასთან დაკავშირებით კომპანიის მიერ გადახდილი თანხა, რომელიც არ მოხვდა ტარიფში. მეორე იყო საკონსულტაციო მომსახურების ხარჯი – წარმოდგენილი ინფორმაცია კომპანიამ არ მიიჩნია საკმარისად იმისთვის, რომ ეს ხარჯი ასახულიყო ტარიფში. ასევე იყო ინფლაციასთან და X ფაქტორთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც არის სატარიფო მეთოდოლოგიით გათვალისწინებული და აქ არც არაფერი შეიცვლებოდა”, – განაცხადა მილორავამ.

 

მისივე თქმით, აღნიშნული ტარიფი 2015 წლის ბოლომდე იქნება ძალაში. ყოველ მომდევნო წელს კი მოხდება ტარიფის გაანგარიშება. 

 

“ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიით ამარაგებს აჭარის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის რეგიონებში 971 000 აბონენტს. ამასთანავე, კომპანია საქართველოში 15-მდე ჰესის მფლობელია, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 470 მეგავატამდეა.

კომპანია, რომელიც 2006 წლის 31 ივლისს 100 ათასლარიანი საწესდებო კაპიტალით დარეგისტრირდა, დღეს საქართველოს ენერგოდისტრიბუციის ბაზრის 61%-ის და ელექტროენერგიის გენერეციის ბაზრის 17%-ის მფლობელია.

 

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ტარიფების განახევრებას ჰპირდებოდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, არჩევნებამდე არაზუსტი გათვლები კეთდებოდა და ტარიფების განახევრების რესურსი რეალურად არ არსებობდა. 

 

ამასთან, მთავრობამ დენის ტარიფი 3 თეთრით გააიფა.  იმ აბონენტებისთვის, რომლებიც 101 კილოვატსაათის ჩათვლით მოიხმარენ დენს, ტარიფი 9.44 თეთრია, 101-დან 301-ის ჩათვლით – 12.98 თეთრი.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი