ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა:
“თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი დაწყებული იყო ისე, რომ გეოლოგია და სხვა წინა მოსამზადებელი სამუშაოები არ იყო გაკეთებული. ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ამ პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებით. ის, რომ ამ პროექტის 80% იყო შესრულებული, ეს არის სიცრუე. დახარჯულია დაახლოებით 200 მლნ აშშ დოლარი. ერთი მაგდენი კიდევ სჭირდება ამ პროექტის დასრულებას.”
შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება „საქართველოს რკინიგზამ“ 2010 წელს დაიწყო. პროექტში უნდა ჩართულიყო “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი” (EBRD), რომელსაც სესხის სახით 100 მილიონი ევრო უნდა გამოეყო. 2011 წელს (EBRD)–ი ამ პროექტს გამოეთიშა. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში“ პროექტიდან გასვლის მიზეზებზე კომენტარი არ გააკეთეს.
“საქართველოს რკინიგზის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ 2011 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტის ღირებულება 170 მლნ ევრო იყო. პირველადი საპროექტო ხელშეკრულების თანახმად, 100 მლნ ევრო “საქართველოს რკინიგზას” “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან” სესხის სახით უნდა მიეღო, ხოლო 70 მლნ ევროს თავად კომპანია გამოყოფდა, თუმცა (EBRD)–ის პროექტიდან გასვლის შემდეგ მისი ღირებულება მთლიანად რკინიგზას უნდა დაეფარა.
შემოვლითი რკინიგზის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული ქართულ-ჩინური კონსორციუმი სააქციო საზოგადოება “ხიდმშენი” ახორციელებდა. 2011 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ირაკლი ეზუგბაიამ განაცხადა, რომ კომპანიამ ამ პროექტზე საკუთარი სახსრებიდან 140 მილიონი ლარი დახარჯა.
„საქართველოს რკინიგზამ“ 980 მიწის ნაკვეთი გამოისყიდა, მათ მფლობელების საკომპენსაციოდ კი 22 მილიონ ლარზე მეტი თანხა გასცა.
თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დასრულება 2013 წლისათვის იგეგმებოდა. „საქართველოს რკინიგზის“ გენერელური დირქტორი მამუკა ბახტაძე პროექტის გაგრძელების და დასრულების ვადებს ვერ ასახელებს.