ეკონომიკა

ევროკაშირის ბაზარზე შესვლის ფასი 28 პროდუქტისთვის

20 მაისი, 2014 •
ევროკაშირის ბაზარზე შესვლის ფასი 28 პროდუქტისთვის

ამ საკითხს “საქართველო– ევროკავშირის ასოციერების შესახებ შეთანხმების” მე–2 დანართი არეგულირებს, რომელშიც მხარებს შორის არსებული  სავაჭრო რეჟიმის მუხლებია მოცემული.  

 

ბაზარზე შესვლის ფასი საქრთველოდან ექსპორტირებულ 8 სახეობის ყურძნის წვენზე და ნექტარინზე, ოთხი სახეობის ბოსტნეულზე (პომიდორი, კიტრი, არტიშოკი და ყაბაყი), 7 სახეობის ციტრუსზე ( ფორთოხალი, ლიმონი, მანდარინი)  და 9 სახეობის კურკოვან ხილზე და სუფრის ყურძენზე ვრცელდება.

 

ამ გადასახადის გამო კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი, პოლიტიკური პარტია “მრეწველების” ლიდერი გოგი თოფაძე ამბობს, რომ ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ, საქართველოს ევროკავშირთან ვაჭრობის დისკრიმინაციული რეჟიმი ექნება: :

 

“ხელშეკრულებაში ჩნდება ეკონომიკური პრობლემები. ბევრი რეგულაციაა. ჩვენთან ევროკავშირი შემოიტანს პროდუქციას საბაჟო გადასახადის გარეშე, ჩვენ კი, ექსპორტი რომ ვაწარმოოთ, ადვალური გადასახადი (ადვალური გადახადი წარმოადგენს შემოსავლის ან ღირებულების მიმართ პროცენტულ მაჩვენებელში დაფიქსირებულ გადასახადს – ავტ.)  უნდა გადავიხადოთ. ძალიან შეზღუდულები ვართ. ჩვენგან შეტანილი ყველაფერი იბეგრება და დაბეგვრის სხვადასხვა სქემებია 28 პროდუქტზე – ხილზე, ბოსტნეულზე და ყურძნის წვენზე, რომელიც ჩვენთვის სტრატეგიულია. სწორედ ამ პროდუქტებზე არის დაწესებული საბაჟო გადასახადი. იქიდან ძირითადად 28 პროდუქტი შემოვა დაუბეგრავად. რაღაც პრობლემებს შეგვიქმნის. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. ევროკავშირს უნდა ჩვენი ასოცირება. ჩვენი სტრატეგიული მდგომარეობა გვაქვს. ჩვენც უნდა ვევაჭროთ.”

 

შეუქმნის თუ არა მართლაც საქართველოს პრობლემას ექსპორტის ასეთი რეჟიმი და როგორ დაიბეგრება საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე გატანის დროს მე–2 დანართში  მოცემული 28 პროდუქტი, შეიცავს თუ არა სავაჭრო ხელშეკრულება დისკრიმინაციის ნიშნებს?

 

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ბაზარზე შესვლის ფასის გადახდა საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე 28 დასახელების პროდუქტზე მოუწევს, თუმცა ეს იქნება მხოლოდ  “Entry Price” , ხოლო ადვალური გადასახადი გაუქმებულია:  

 

“შეთანხმების თანახმად, 28 სატარიფო ხაზზე იმოქმედებს ევროკავშირში „შესვლის ფასი“ – Entry Price, ანუ იმპორტის ფიქსირებული ფასი. ეს ნიშნავს, რომ თუ საქართველოში შექმნილი პროდუქციის გასაყიდი ფასი (საინვოისო ფასი) ევროკავშირის დადგენილ ფიქსირებულ ფასზე დაბალი იქნება, იმპორტიორს ამ ფასთა სხვაობის დაფარვა მოუწევს, ხოლო თუ გასაყიდი ფასი ევროკავშირის „ფასის“ ტოლი ან მასზე მეტი იქნება, პროდუქცია საბაჟო გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება” – ამბობს ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ გაბუნია.

 

რა ხდება მაშინ, როცა საქართველოს ბაზარზე ევროკავშირიდან  “ბაზარზე შესვლის ფასს “დაქვემდებარებული ამ 28 პროდუქტის ექსპორტი ხორციელდება?

 

“საქართველოს არ აქვს ბაზარზე “შესვლის ფასის” დაწესების ვალდებულება და, შესაბამისად, 0; 5 და 12 % –იან საბაჟო გადასახადს ანულებს.  ევროკავშირს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წინაშე აქვს ვალდებულება, რომ “ბაზრზე შესვლის ფასი”ამ 28 პროდუქტზე  დააწესოს და საკუთარი ბაზარი იაფი და უხარისხო პროდუქტისაგან დაიცვას.  როცა საქართველო 2000 წელს გახდა მსო–ს წევრი, ჩვენ ამგვარი მექანიზმის შემოღება – შენარჩუნებაზე არ გვქონდა ვალდებულება და, შესაბამისად, ასეთი  “Entry Price”  არ გვაქვს. გვაქვს ჩვეულებრივი საბაჟო გადასახადი -0, 5 და 12 პროცენტი. ეს განაკვეთები ევროკავშირიდან  28 პროდუქტის შემოსვლის შემთხვავაში  გაუქმდება” – განმარტავს მარიამ გაბუნია.  

 

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე , მაგალითად,  პომიდორის ექსპორტზე გატანისას  “ბაზარზე შესვლის ფასის” გაანგარიშების ფორმულა ასეთია:  

 

ევროკავშირთნ ასოცირების ხელშეკრულების მე–2 დანართში , პომიდვრის კოდი 0702 00 00 –ია. ამ პროდუქტზე ბაზარზე შესვლის სეზონური ფასი პირველი ივნისიდან 30 სექტემბრამდე და პირველიდან 31 ოქტომბრამდე მოქმედებს.

 

პირველ შემთხვევაში “ბაზარზე შესვლის ფასი” 100 კილოგრამ პომიდორზე 52,6 (126 ლარი, 34 თეთრი. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ  20.05.14 დაფიქსირებული კურსით) ევროზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამ შემთხვევაში სეზონური საბაჟო გადასახადი 14,4 %–ია და ფერმერს 1 კილოგრამ პომიდორზე 0,5 ცენტის (0,28) გადახდა მოუწევს.

 

მეორე შემთხვევაში ბაზარზე 100 კილოგრამი პომიდვრის შესვლის ფასი 62,6 (150 ლარი 34 თეთრი. :საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ  20.05.14 დაფიქსირებული კურსით ) ევროზე ნაკლები არ უნდა იყოს. საბაჟო გადასახადი 14,4 %–ია. 1 კილოგრამ პომიდორზე საბაჟო გადასახადი 0,6 ცენტი (0,25) იქნება. მაგრამ თუ საქართველოდან გასატანი პომიდვრის ფასი ინვოისის თნახმად მაღალი ან შემოთავაზებული ფასის ტოლი იქნება, პროდუქტს  ფერმერები ევროკავშირის ბაზარზე დაბეგვრის გარეშე შეიტანენ.

 

კომპანია “ეკო ფერმას”  გაყიდვების მენეჯერი ბუბა მიქაბაძე ამბობს, რომ ევროკავშირთან სოცირების ხელშეკრულება ქართველი ფერმერებისთვის დიდ ბაზარზე გასასვლელად კარგი შესაძლებლობაა, ხოლო “ბაზარზე” შესვლის ფასი არ არის მაღალი:

 

“2015 წლისთვის ვაპირებთ უცხოეთის ბაზარზე გასვლას. ეს საგადასახადო სისტემა ჩემი კომპანიისთვის მისაღებია. ვაპირებთ ჰასპის (HACCP) სერტიფიკატის აღებას. საწარმოც გვაქვს აშენებული თბილიში მაღალი კლასის და პროდუქციის ევროპის ქვეყნებში გატანასაც ვგეგმავთ. რაც უფრო ძვირად გავიტანთ პროდუქტს, უკეთესია. მთვარია ხარისხს აკმაყოფილებდეს წარმოება. საქართველოში დღეს უმეტესად ხარისხის პრობლემაა. უნდა ავწიოთ წარმოების ხარისხი, თავიდან ევროკავშირის ბაზარზე გასვლას ალბათ რამდენიმე კომპანია შეძლებს.”  

 

დღეს ადგილობრივ ბაზარზე “ეკო ფერმა” სალათის ფურცელს,  პომიდორს და ჩერის აწარმოებს.

 

2014 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტმა 140 671 800 მლნ დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით,

ექსპორტში 20% ევროკავშირის ქვეყნებზე, ხოლო 56% დსთ–ს ქვეყნებზე მოდის.  

 

რაც შეეხება იმპორტს, ევროკავშირის ქვეყნებთან  494 735 200 მლნ დოლარი შეადგინა. რაც საერთო მონაცემის 27%–ია. დსთ–ს ქვეყნებიდან საქართველოში იმპორტი 27%–ია. დანარჩენი 46%  კი სხვა ქვეყნებზე ნაწილდება.

 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 2014 წლის 27 ივნისს მოეწერება ხელი.

 

2005 წლის ივლისში საქართველო გახდა  დსთ-ს სივრცეში მე–2 (მოლდოვასთან ერთად), ხოლო მსოფლიო მასშტაბით მე–15,  GSP-ის ახალი სქემის (EU GSP +) ბენეფიციარი.

 

“GSP+”-ის ბენეფიციარის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველო სარგებლობს უფლებით ევროკავშირში უბაჟოდ შეიტანოს 7200 სახეობის პროდუქცია.

 

Lines of tomatoes.
Lines of tomatoes.

მასალების გადაბეჭდვის წესი