დღეს სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაSi” ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, ფინანასთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” რეაბილიტაციის მმართველმა სულხან ზუმბურიძემ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” და მისი შვილობილი კომპანია „ენერგოტრანსი“ 500-220 კილოვოლტიან მაღალი ძაბვის ქვესადგურისა და 220 და 500 კილოვოლტიანი ორჯაჭვა ხაზების მშენებლობას განახორციელებენ.

საქართველოს ენარგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის შეფასებით, ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია:
“პროექტის საერთო ღირებულება 50 მილიონია. ძალიან აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება გერმანიის განვითარების სახელმწიფო ბანკთან, რომელიც აფინანსებს ამ პროექტს. ჩვენ უფრო დიდი საშუალება გვექნება დაცულები ვიყოთ საიმედოობის კუთხით, რადგან თუ დასავლეთ საქართველოში ჩვენ გაგვეთიშება იმერეთის ხაზი, გვექნება ალტერნატიული საშუალება. შევძლებთ ამ ახალი ქვესადგურის და ელექტროგადამცემი ხაზების საშუალებით მივაწოდოთ მომხმარებელს უპრობლემოდ ელექტროენერგია. ეს ზრდის საშუალებას, რომ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია, კერძოდ, დასავლეთ საქართველოში თავისუფლად გავიტანოთ ექსპორტზე. ასევე ხელი შევუწყოთ ფოთის თავისუფალი ზონის განვითარებას, რადგან დღესითვის შეუძლებელია განხორციელდეს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა გადამამუშავებელი ქარხნების აშენება და ამოქმედება. რადგან ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ შესაბამისი ელექტროენერგია, რომელიც ამ პროექტებს სჭირდებათ, მივაწოდოთ. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ეს შესაძლებელი იქნება.”
ანალოგიურ შეფასებას აკეთებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური:
“ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივი ენერგომოხმარების სტაბილურობის უზრუნველყოფას, ასევე, ფოთის ირგვლივ ენერგოკვების დამატებითი შესაძლებლობების გაჩენას, რაც მრეწველობის განვითარებას მისცემს ხელს. ასევე შესაძლებლობას მოგვცემს დამატებითი ელექტროენერგიის ექსპორტი მოვახდინოთ ევრკავშირის ქვეყნებში, თურქეთის გავლით.”
სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორის, სულხან ზუმბურიძის ინფორმაციით, ამ პროექტის განხორციელების შედეგად ენგურის აუზიდან უფრო მეტი ენერგიის მოზიდვა გახდება შესაძლებელი:
“დღეს ჩვენ მოვაწერეთ ხელშეკრულებას ხელი, რომელიც ითვალისწინებს დასავლეთ საქართველოში 500 კილოვოლტიანი ქვესადგურის მშენებლობას ჯვარის ტერიტორიზე და ასევე 220 კილოვოლტიანი ორჯაჭვა გადამცემი ხაზის მშენებლობას, რომელიც დააკავშირებს ენგურის ბასეინს ფოთის ეკონომკურ ზონასთან. ამ პროექტის დასრულების შემდეგ, რომელიც იგეგმება 2016 წელს, ჩვენ შევძლებთ, რომ ენგურის აუზიდან გამოვიტანოთ გაცილებით მეტი ენერგია და ფოთის თავისუფალი ეონომიკური ზონის ტერიტორიაზე ჩავიტანოთ, რაც ხელს შეუწყობს იქ საწარმოების შექმნას. შესაძლებელი გახდება მეტი კომპანიის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონების მუშაობას. ელექტროენერგეტიკული კუთხით ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმიტომ, რომ დასავლეთ საქართველოს ელექტრომომარაგება გამომდინარე იქიდან, რომ იქ მხოლოდ ერთი ხაზი არსებობდა, საიდანაც ხდებოდა ელექტროენერგიის გამოტანა, ახლა გავაძლიერებთ ამ კვანძს და შესაძლებელი იქნება უფრო სტაბილურად გამოვიტანოთ ელექტროენერგია ენგურის აუზიდან”.
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის ინიციატივით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2007 წელს გამოვიდა. 2008 წლის 15 აპრილს კი ინდუსტრიული ზონის გახსნის ოფიციალური ცერემონია გამართა.
ფოთის თიზ-ს არაბული კომპანიის RAKIA-ს შვილობილი კომპანია “რაკია საქართველო – ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა” მართავდა. RAKIA-ს პარალელურად მმართველობაში გადაეცა ფოთის პორტიც, რომლის აქციების 80% სამი წლის შემდეგ, მაისში დანიურმა კომპანიამ APM terminalss-მა შეიძინა. თავის მხრივ, რაკიამ აქციების გაყიდვების მიზეზად ეკონომიკური კუთხით ობიექტის არასტრატეგიულობა დასახელდა.
2014 წლიდან უმსხვილესი ოპერატორი, დანიური კომპანია “მოლერ-მაერსკი” ფლობს ფოთის პორტს და 49 წლის ვადით სამართავად აქვს აღებული ფოთის ინდუსტრიული ზონა.







