ნეტგაზეთი | ქუთაისის აეროპორტიდან “WIZZ AIR”–მა ფრენა ვილნიუსის მიმართულებით დაიწყო ქუთაისის აეროპორტიდან “WIZZ AIR”–მა ფრენა ვილნიუსის მიმართულებით დაიწყო – Netgazeti
RU | GE  

ქუთაისის აეროპორტიდან “WIZZ AIR”–მა ფრენა ვილნიუსის მიმართულებით დაიწყო

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია “WIZZ AIR”-მა დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ვილნიუსის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა. 

შესრულდა კიდევ ერთი რეისი ევროპის გეოგრაფიული ცენტრიდან – ვილნიუსიდან. 

ახალი რეისის დანიშვნასთან დაკავშირებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბრიფინგი გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი განცხადებით, 2013 წლის მანძილზე ყოველდღიურად მიმდინარეობდა მუშაობა იმისთვის, რომ ქუთაისის აეროპორტს ახალი რეისები დამატებოდა. 

“2012 წლის 27 სექტემბერს აეროპორტის გახსნა მოხდა ძალიან ნაჩქარევად, შესაბამისად, მთელი 2013 წლის განმავლობაში ჩვენ ხელისუფლებას ყოველდღიურად მუხლჩაუხრელი შრომა დასჭირდა იმისათვის, რომ აეროპორტს ნორმალური ფუნქციონირება გაეწია: გამოიყო დამატებით 20 მილიონ ლარამდე ინვესტიცია, დასრულდა სამშენებლო სამუშოები, გასტუმრებულ იქნა კრედიტორული დავალიანება. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ იმას, რომ ქუთაისის აეროპორტი იყოს წარმატებული, სერვისები კი – მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი. ჩვენი მეშვეობით და მეოხებით დღეს ქუთაისის აეროპორტში ყველა პირობაა შექმნილი საიმისოდ, რომ სრულფასოვნად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოემსახუროს მგზავრებსა და ავიაკომპანიებს“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 


ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ 2013–2014 წლებში  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასაქმებულთა რაოდენობა 100%-ზე მეტით  გაიზარდა. 
 
2012  წლის 27 სექტემბრიდან დღემდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 228 150 მგზავრს და 2198 რეისს. მათ შორის, 2014 წლის 1 იანვრიდან 30 მარტის ჩათვლით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 50 997 მგზავრს და 246 რეისს.
 

სადღეისოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისები სრულდება შემდეგი მიმართულებებით: კიევი, ხარკოვი, დონეცკი, ვარშავა, კატოვიცე, მოსკოვი, მინსკი, თელავივი. გარდა ამისა, აეროპორტი ასევე ემსახურება კერძო ჩარტერებს და ბიზნეს ჯეტებს.

ზაფხულის სეზონიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყება ახალი მიმართულებები: ლვოვი (მაისიდან) და ბუდაპეშტი (სექტემბერიდან).

 
2015 წლიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იგეგმება Wizz Air ბაზის გახსნა, რაც გამოიწვევს ქართული ეკიპაჟების დასაქმებას და ასევე ახალ მიმართულებებს გერმანიის, იტალიის და ესპანეთის მიმართულებით.


როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ავიარეისების მატებასთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდება საერთაშორისო მოფრენის დარბაზის გაფართოება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აეროპორტს დაემატა ახალი მომსახურებები, კერძოდ: მგზავრთა ტრანსპორტით მომსახურება საქართველოს სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით; უბაჟო ვაჭრობის მაღაზია; 3 კვების ობიექტი; გაიხსნა სხვადასხვა სალაროები, ბანკი; ამუშავდა ავტომატური ავტოსადგომი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ადმინისტრაციამ რეისის პირველ მგზავრებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო და თითოეულ მგზავრს საჩუქრად ქართული ღვინო გადასცა.


ქუთაისის აეროპორტში ახალი რეისების გახსნას  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა გამოეხმაურა: 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიესალმება ქუთაისის მოდერნიზებული აეროპორტიდან ახალი რეისების გახსნას. ეს პროცესი, რისი დასტურიც დღეს ევროკავშირში, ვილნიუსის მიმართულებით მორიგი ახალი ყველასთვის ხელმისაწვდომი რეისია, ისევე, როგორც ქუთაისის აეროპორტის გავლით ქვეყანაში შემოსული ევროპელი ტურისტების შთამბეჭდავი ზრდა, ადასტურებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ თავის დროზე საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ წამოწეული ამ კონკრეტული პროექტის მართებულობას ” – მათქვამია განცხადებაში. 


“ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ, სამწუხაროდ, დღევანდელი სიახლე მხოლოდ ინერციის და პროექტის დიდი წარმატების შედეგია: “ამჟამინდელი მთავრობა საჰაერო მიმოსვლის კონკურენციის და, შესაბამისად, ეკონომიკისა და მომხმარებლის საკეთილდღეოდ არაფერს აკეთებს. ხშირად გვესმოდა ქუთაისის აეროპორტის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ცენტრად გადაქცევის კონცეფციის ხშირი, არაკომპეტენტური კრიტიკა. დღეს, ეკონომიკის ვარდნის, საბიუჯეტო გარღვევისა და უმუშევრობის ზრდის ფონზე, ტურიზმი და ტურიზმიდან მომდინარე შემოსავალი ის არტერიაა, რომელიც ჩვენს ეკონომიკას ჯერ კიდევ აცოცხლებს. ამჟამინდელი ინერციით მზარდი ფრენები მხოლოდ მიზერული ნაწილია იმ გეგმისა, რომლის ხორცშესასხმელად პოლიტიკურ ტერორზე გადმოსული მთავრობა არაფერს აკეთებს. პროექტის მთავარ კომპონენტია მგზავრთა რაოდენობითა და ბილეთის სიიაფით მსოფლიოში პირველ ავიაკომპანია „რაინეარი“ (www.ryanair.com), რომელთან მოლაპარაკებები ქუთაისიდან ფრენების დაწყების შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის მიერ პრაქტიკულად დასრულებული იყო. უკვე 2013 წლის მაისიდან ამ ავიაკომპანიას უნდა გაეხსნა ოთხი ევროპული მიმართულება (სავარაუდოდ, ბრიუსელი, ბარსელონა, მილანი, ფრანკფურტ-ჰანი – ბილეთის საშუალო სტატისტიკური ფასით 50 ევრო).


„ევროკავშირთან ღია ცის ხელშეკრულება – რომელიც საქართველოს აქვს – საშუალებას გვაძლევდა ქუთაისის აეროპორტი ქცეულიყო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ცენტრად, რაც ევროპაში მოგზაურობას სრულიად ხელმისაწვდომს აქცევდა უამრავი ჩვენი მოქალაქისთვის, ვისთვისაც დღეს ეს წარმოუდგენელია, განსაკუთრებით კი, ახალგაზრედბისთვის. გარდა ამისა, აეროპორტის დაგეგმილი მასშტაბით განვითარება გააჩენდა ევროკავშირიდან ტურისტების ძალიან სერიოზულ ნაკადს, რაც პირდაპირ აისახებოდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. ქუთაისის აეროპორტი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ ითვალისწინებს მთავრობა მოსახლეობისა და ეკონომიკის განვითარების ინტერესებს და ამ პროექტის სრულად ამოქმედებას კვლავაც ქილიკით უყურებს, არ აწარმოებს „რაინეართან“ თითქმის ბოლომდე მიყვანილ მოლაპარაკებებს. ამ პროექტის სრულად ამოქმედება პირდაპირ აისახებოდა ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობაზე“– აცხადებს ქუთაისის აეროპორტის მოდერნიზაციის კონცეფციის ავტორი გიორგი კანდელაკი. 


 „რაინეარი“, რომელიც მხოლოდ ევროკავშირის შიგნით (და მაროკოში) დაფრინავს, მგზავრთა რაოდენობით არის მსოფლიოში პირველი ავიაკომპანია (2012 წელს გადაიყვანა 80 მილიონ მგზავრზე მეტი), გააჩნია 300 თვითმფრინავზე მეტი და მისი ბილეთის საშალო სტატისტიკური ფასი არის 32 ევრო. დღეისათვის ავიაკომპანიას ევროპის მასშტაბით გააჩნია 47 ჰაბი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ნატროშვილი