საქართველოს ენერგეტიკის მინისტის, კახის კალაძის განცხადებით, თბოსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ძირითადად საქართველოს ბაზარს მოხმარდება:
“კონტრაქტში ჩადებული 5-ცენტიანი ტარიფი ელექტროენერგიის ტარიფებზე გავლენას არ მოახდენს. მთავარია, ელექტროენერგია არ გაძვირდება. კონტრაქტში საერთო შეწონილი ტარიფი გამოგვდის სადღაც 5 ცენტამდე, ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი”.
გარდაბანში, 230 მეგავატიანი თბოსადგურის მშენებლობას დღეს ჩაეყარა საფუძველი. პროექტის პრეზენტაციას და მშენებლობის საძირკველში კაფსულის ჩადების პროცესს საქარველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, პარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კომპანია “ჩალიკ ენერჯის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში მშენებარე თბოელექტროსადგურის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
“გარდაბანში იწყება მნიშვნელოვანი მშენებლობა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აშენდება 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური. ეს არის უპრეცედენტო პროექტი. ასეთი დიდი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკის ახალ ეტაპად. ენერგეტიკის განვითარება არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ეკონომიკის წინსვლისთვის. საქართლოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოუსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ აქვს ასეთ ენერგეტიკულ პროექტებს მნიშვნელობა, რომელსაც დღეს ვუყრით საფუძველს.”
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მსგავსი ტექნიკური მონაცემების თბოსადგური საქართველოში არ არსებობს:
“პროექტს ახორიცელებენ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია და საპარტნიორო ფონდი, ასევე, თურქი ინვესტორი აჰმედ ჩალიკი. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისათვის. დასაქმდება 600-ზე მეტი ადამიანი, $220 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება. ორი წლის განმავლობაში ეს პროექტი უნდა დასრულდეს. ვფქრობ, რომ საქართველოსთვის, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ეს პროექტი არის უმნიშვნელოვანესი.”
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, თბოსადგურის მშენებლობა 740 დღეში უნდა დასრულდეს:
“პროექტი ფინანსირდება საპარტნიორო ფონდის და ნავთობისა და გაზის კორპორაციის მხრიდან. იქნება სრულად სახელმწიფოს კუთვნილება და მიმაჩნია, 2015 წელს საქართველოს ელექტროსისტემა მიიღებს უმინიშვნელოვანეს ელემენტს მისი დამოუკიდებლობისა და ენერგომდგრადობისათვის. ეს არის ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგოპროექტი, რომელსაც ახორციელებს საპარტნიორო ფონდი გაზის და ნავთობის კორპორაცია Calik enerji-სთან ერთად. ეს იქნება ერთობლივი კორპორაცია და, ვფიქრობ, დამაკავშირებელი ხიდი საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემებს შორის ახალი ბიზნესების განვითარებისთვის და კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობისათვის.”
ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საპარტნიორო ფონდი სხვა ენერგოპროექტების განხორციელებასაც გეგმავს:
“ეს არის პროექტი ნენსკრა, რომელიც განხორციელდება სვანეთში, მდინარე ნენსკრაზე. ეს არის პროექტი, რომელშიც გარკვეული ინვესტიციები უკვე გვაქვს ჩადებული, თითქმის 10 მილიონი, ინფრასტრუქტურის, გზის მისაყვანად. გამოკვეთილია ინვესტორი, ვისთან ერთადაც ჩვენ ვაპირებთ მუშაობას. საინვესტიციო ღირებულება 570 მილიონი აშშ დოლარია, 210 მეგვატი იქნება მისი დადგმული სიმძლავრე.”
სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელის, აჰმედ ჩალიკის განცხადებით, გარდაბნის 230 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობა Calik Enerji-ს პირველი პროექტია საქართველოში:
“დავიწყეთ პროექტი, როემლშიც საქართველოს 600 მოქალაქე დასაქმდება. თბოელექტროსადგური მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონებისთვის. მომავალში აქ გამომუშავებული ექტროენერგიის ექსპორტიც განხორციელდება. Calik Holding თურქეთში ელექტროენერგიის დისტრიბიუტორია. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, აქაური ელექტროენერგიის მყიდველიც ვართ. გვსურს სხვა პროექტებიც დავიწყოთ საქარველოში, რამდენიმე პროექტს უკვე განვიხილავთ.”







