ეკონომიკა

ფერმერების თქმით, მანდარინის რეალიზაციას ვერ ახერხებენ

3 დეკემბერი, 2013 •
ფერმერების თქმით, მანდარინის რეალიზაციას ვერ ახერხებენ

სულიკო კეჟერაძე, ჩაქვიდან: “ამჟამად 7-8 ტონამდე მანდარინი მოკრეფილი მაქვს და 6 ტონამდე კიდევ მოსაკრეფია. ნათქვამია, “ვაის” გავეყარე და “უის” შევეყარეო, ამ მდგომარეობაში ვართ. გასულ წელს 50 ყუთამდე მანდარინი გადავყარე და წელს ალბათ სამჯერ მეტი იქნება გადასაყრელი. ხელისუფლება კი ამბობს, რომ გასაღების გზა გამოძებნა, მაგრამ მე ვერსად ვნახე ეს გზები, რომ მივიდე და ჩავაბარო მანდარინი. მხოლოდ ტელევიზორში ჩანს ყველაფერი ლამაზად. ადრე თადარიგი ვინც დაიჭირა, ზოგიერთმა მოახერხა გაყიდვა აზერბაიჯანელებსა და სომხებზე, მაგრამ შერჩეულ, საუკეთესო მანდარინში 40- 45 თეთრს გვთავაზობენ, რაც ძალიან დაბალი ფასია, რის გამოც მე ჯერჯერობით თავს ვიკავებ.

 

უკრაინის გზები გახსნილიაო – მინისტრი ამბობდა, მაგრამ ამ გზებზეც იმდენი ამბები დადის, ზუსტი ინფორმაციის მომწოდებელი ვერ ვნახე. ორი დღეა დავდივარ ბათუმში, ბაზარშიც ვეძებე გადამყიდველები, მაგრამ ვერავინ ვნახე. არც ყუთები მაქვს, რომ მანდარინი შევინახო და მიყრია ასე. რომც გავყიდო შემოთავაზებულ ფასად, იმ ხარჯებს ვერ ვიღებ, რაც მოსავლის მიღებისთვის დავხარჯე.”

 

ნატო სვანიძე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თოდოგაურიდან: “გასაღების გზებზე ვერაფერს გეტყვით, მარტო გორელები დადიან და მიზერულ ფასს გვთავაზობენ. 35 თეთრს გვთავაზობენ სომხებიც ძალიან კარგ მანდარინში, რის გამოც ძალიან უკმაყოფილოა ხალხი. ცოტა ხანი კიდევ დაველოდებით და თუ სხვა გზა არ გამოჩნდა, იძულებული ვიქნებით ამ ფასად გავყიდოთ. გასულ წელს აქაურ ბიჭს გაჰქონდა უკრაინაში, მაგრამ წელს ვერ მოახერხა გატანა.”

 

ნინო გოგიაშვილი, თოდოგაურიდან: “აქ, ადგილობრივ ბაზარზე 25 თეთრში ვიხვეწეთ ჩაბარება და ასე გავყიდეთ ნახევარი ტონა. ორ ტონამდე კიდევ მაქვს დარჩენილი. რაღაც ნაწილი კი ხეზეა, გაფუჭებული.”

 

გურამ ცეცხლაძე, სოფელ ხუცუბანიდან: “ათტონიანი ბაღი მაქვს, ნახევარი გავყიდე 50 თეთრად. სომხებმა იყიდეს, სხვა მყიდველი არ არის. ჩემს სოფელში უმრავლესობა პავილიონებში აბარებს და იქიდან გააქვთ.”

 

მირიან ცეცხლაძე, სოფელ ხუცუბანიდან: “15-ტონიანი ბაღი მაქვს და მოკრეფა დავამთავრე. ჯერჯერობით გასაღების სხვა გზებს ვერ ვხედავ. არის მხოლოდ პავილიონები, რომლებიც იბარებენ, ძირითადად, აზერბაიჯანელები და სომხები. სხვებს უფრო აქვთ პრობლემა, ვისაც დიდი ბაღები აქვს, რადგან 50 თეთრი დაბალი ფასია.”

 

აჭარის მთავრობის ცნობით, ციტრუსის გადაზიდვა უკრაინასა და რუსეთში საზღვაო გზითაც ხდება:

 

“რუსეთის მიმართულებით გადამზიდავ საზღვაო ტრანსპორტზე ციტრუსის დატვირთვა კვირის ბოლოს დაიწყება. აჭარის მთავრობის ძალისხმევით უკრაინიდან ბათუმის პორტში შემომავალი ბორნის რეისების რაოდენობა გაორმაგდება და ორის ნაცვლად კვირაში 4-ჯერ გავა”, – ნათქვამია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოდან სხვადასხვა მიმართულებით ექსპორტზე გატანილი ციტრუსის სტატისტიკა ასე გამოიყურება: უკრაინა – 5726 ტ,  რუსეთი – 1388 ტ, ბელორუსი – 528 ტ, აზერბაიჯანი და სომხეთი – 1011 ტ, ყაზახეთი – 88 ტ, უზბეკეთი – 39 ტ, მოლდოვა – 28  ტ. საქართველოს შიდა ბაზარზე  კი რეალიზებულია 1690 ტონა ციტრუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი