ეკონომიკა

1 ლარად გაცემული მანდარინის საწარმოების ბედი

21 ნოემბერი, 2013 • • 1335
1 ლარად გაცემული მანდარინის საწარმოების ბედი

სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილება ამ საკითხზე უკომპრომისოა – ის ამ მეწარმეებისთვის გადაცემული ქონების სახელმწიფოსთვის უკან დაბრუნებას ითხოვს.

 

შპს “ახალსოფლის ციტრუსკომბინატს” არჩილ ხაბაძემ 1 ლარად 2616 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა და 5440 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცა ახალსოფელში. 20 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიის მფლობელს, 61 წლის ოთარ გოგიტიძეს, 1 ნოემბრამდე 10 ტონა წარმადობის მანდარინის ყუთის დამამზადებელი საწარმო უნდა გაეხსნა, ხოლო პირველ დეკემბრამდე – ხილისა და ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმო. კომპანიას 1 ნოემბრამდე 970 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა მოეზიდა.

 

ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ “ახალსოფლის ციტრუსკომბინატის” დირექტორი ზური ფუტკარაძე ამბობს, რომ პირობები ვერ შეასრულეს:

 

“50 ათასი ლარი დავხარჯეთ გადმოცემული შენობის გაკეთებაში. ეტყობა, ამ ფულს დავკარგავთ. დანადგარები დაგვრჩა საყიდელი, მაგრამ კაბალური ხელშეკრულების პირობების გამო ვერც ერთი ინვესტორი ვერ დავაინტერესეთ, ამიტომაც დანადგარებს ვერ ვყიდულობთ. მთავრობა გვპირდებოდა, რომ პირველი ნოემბრიდან ბანკი ორპროცენტიან სესხს მოგვცემდა, მაგრამ არც ეს შესრულდა”.

 

ზურა ფუტკარაძე ამბობს, რომ სესხის მისაღებად “ქართუ ბანკს” და “TBC ბანკს” მიმართეს, მაგრამ ბანკებმა საგარანტიო პირობაში ახალდამწყებ მეწარმეებს მილიონიანი ბრუნვის მქონე კომპანიის ჩადება მოსთხოვეს. ზური ფუტკარაძის თქმით, ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლი – ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმა – 0,1 პროცენტი კომპანიისთვის მძიმე ტვირთია:

 

“დღეში 400 ლარია – ეს იმხელა ჯარიმაა, რომ იძულებული ვიქნებით ქონება, რომელიც ერთ ლარად გადმოგვცეს და რომელშიც 50 ათასი პირადი დანაზოგი დავხარჯეთ, ისევ სახელმწიფოს დავუბრუნოთ”.

 

ზური ფუტკარაძეს ეჭვი აქვს, რომ ეს ყველაფერი აჭარის მთავრობასა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თავიდანვე ჰქონდა დაგეგმილი.

 

ორი თვის წინ, ზურა ფუტკარაძისგან განსხვავებით, ძალიან პესიმისტურად აფასებდა ხელისუფლების წამოწყებას ინდმეწარმე ანზორ ქათამაძე – 1 ლარად მიღებული ქონების კიდევ ერთი მფლობელი. 75 წლის ანზორ ქათამაძემ ორი თვის წინ “ბათუმელებს” უთხრა, რომ მისთვის ძალიან წამგებიანი იქნება 60 ათასი ლარის ჩადება მანდარინის დახარისხებაში”.

 

ანზორ ქათამაძესთან გასულ კვირას სატელეფონო საუბარი შემდეგი ფრაზით დაიწყო: “დიდი საყვედური შემხვდა თქვენი წინა სტატიის გამო”.

 

ანზორ ქათამაძემ არ ისურვა დაზუსტება, თუ ვინ უსაყვედურა 1 ლარად გადაცემული ქონების ფორმის გაკრიტიკების გამო ორი თვის წინ, მაგრამ თქვა, რომ “ყველა პირობა უკვე შეასრულა და ორშაბათიდან იწყებს მანდარინის მიღებას”.

 

“რუსეთიდან ჩამოსულია ორი პიროვნება, ორშაბათს ხელშეკრულებას გავაფორმებთ. 1000 ტონამდე მანდარინის გატანას ვგეგმავთ”, – თქვა ანზორ ქათამაძემ.

 

ინდმეწარმე “მერაბ ბერიძის” ბუღალტრის ბესო ცეცხლაძის ინფორმაციით, მათ 2013 წლის პირველ ნოემბრამდე 114 ათასი ლარის ინვესტიციის მოზიდვა ევალებოდათ. ამ დროისთვის კი 68 ათასი ლარი აქვთ მოზიდული.

 

“16 ათასი ლარის დანადგარი 2 ნოემბერს შევისყიდეთ, მაგრამ აუდიტმა ის შესრულებაში ერთი დღის გამო არ ჩაგვითვალა”.

 

ბესო ცეცხლაძე ამბობს, რომ მათ უკვე მიმართეს აჭარის მთავრობას ხელშეკრულების პირობის შეცვლის თხოვნით და სიტყვიერი პირობა მიიღეს კიდეც:

 

“პირველი პირისგან არსებობს კეთილი ნება, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადები გადაიწიოს 2015 წლის პირველ ნოემბრამდე”.

 

74 წლის შოთა კიკვაძე, რომელმაც ასევე 20 აგვისტოს ბრძანებით მიიღო ქონება 1 ლარად, ფიქრობს, რომ პირობა შეასრულა.

 

“ბევრი ვიშრომე, 38 ათასი ლარის ინვესტიცია დავაბანდე”, – ამბობს ის. ხელშეკრულებით ინდმეწარმე “შოთა კიკვაძეს” 89 ათასი ლარის ინვესტიციის მოზიდვა ევალებოდა. დაპირებული სესხის ვერმიღებაზე შოთა კიკვაძეც ამახვილებს ყურადღებას – ამბობს, რომ სესხის ასაღებად “ქართუ ბანკს” მიმართა, მაგრამ უარი უთხრეს.

 

გამოკითხული ექვსი მეწარმიდან “ბათუმელებს” მხოლოდ ორმა პირმა დაუდასტურა 20 აგვისტოს სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობის სრულად შესრულება. ერთ-ერთი მათგანი შპს “გუდგუდის” მფლობელი მურთაზ მიქელაძეა, ხოლო მეორე – შპს “მანიაკეთის” მფლობელი შაბან ერდემჯი. მურთაზ ზოდელავას თქმით, მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული 114 ათასივე ლარი უკვე მოიზიდა კომპანიაში; შაბან ერდემჯი კი ამბობს, რომ 250 ათასი დოლარის ტექნიკა შეისყიდა და დაამონტაჟა. “მანიაკეთს” 453 ათასი ლარის ინვესტიციის მოზიდვა ევალებოდა.

 

არსებულ მდგომარეობას იცნობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე. მინისტრი იმ პირებისთვის, ვინც ხელშეკრულების პირობებს ვერ ასრულებს, შემდეგ პერსპექტივას ხატავს:

 

“რეალურად ხუთი ობიექტია, რომელიც ვერ შეასრულებს პირობას. ვკითხეთ მიზეზებიც… ძირითადად რის გამოც ვერ მუშაობენ, არის ჩვენი მენტალიტეტი: მაგალითად, ერთ ლარად მივეცით კაცს ობიექტი, რომელსაც უნდა გაეკეთებინა ყუთები, ხაზის დამხარისხებელი და ა.შ. მას ფული არ აქვს და ვინც მივიდა მასთან, იმას ეუბნება, მოდი, ახლა შენ გადამიხადე 250 ათასი, რომ შემოგიყვანო წილშიო. აი, ასეთი არასრულფასოვანი დამოკიდებულებაა, ასეთი ხალხი, რა თქმა უნდა, ვერ შეასრულებს პირობებს და როცა ვერ შეასრულებს, ჩემი პოზიციაა – ეს ქონება სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს.”

 

ამის მიუხედავად, ზაურ ფუტკარაძე დარწმუნებულია, რომ მანდარინის გასაღების პრობლემა წელს ფერმერებს არ შეექმნებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი