ეკონომიკა

დაპირისპირება ფინანსთა მინისტრსა და საპარლამენტო უმცირესობას შორის

18 ოქტომბერი, 2013 •
დაპირისპირება ფინანსთა მინისტრსა და საპარლამენტო უმცირესობას შორის

საპარლამენტო კომიტეტის სხდომა შეუსრულებელი დაპირებების შესახებ ურთიერთბრალდების ფონზე მიმდინარეობდა:

 

“შეგახსენებთ, საარჩევნოდ თქვენ მიერ აღებული იყო ვალდებულება, რომ პენსია უნდა ყოგილიყო 100 $. შემდეგ, პატარა შეგეშალათ და 100$-ის საპენსიო პაკეტი უნდა ყოფილიყო, ესეც არ გააკეთეთ. 2009 წელს უნდა ყოფილიყო 100$-იანი პენსია. ამიტომ ძალიან გთხოვთ რა… მოსვლიდან 4 თვეში გავათანაბრეთ თქვენი იდიოტურად გაყოფილი პენსია. იდიოტურია, როდესაც 65 წლის პენსიონერს აქვს 110, და 125 აქვს 67 წლისას. გავათანაბრეთ პენსია და გახდა 125 ლარი, ხოლო პირველ სექტემბერს გაუსწრო საარსებო მინიმუმს და გახდა 150 ლარი,” – უთხრა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დეპუტატ გიორგი ვაშაძეს, რის საპასუხოდაც ვაშაძემ განაცხადა, რომ იდიოტური პარლამენტში წარმოდგენილი ბიუჯეტია.

 

გიორგი ვაშაძის კითხვაზე, თუ რატომ იღებს სახელმწიფო დამატებით 400- მილიონიან შიდა ვალს, ხადურმა განაცხადა, რომ ეს წინა ხელისუფლების მიერ გადასახადების წინასწარ ამოღებამ გამოიწვია:

 

“ზუსტად იმიტომ ვიღებთ, ბატონო გიორგი, რომ თქვენმა მთავრობამ 1,5 მილიარდი ლარი ზედმეტი გადასახადი ამოიღო. დახარჯა ეს ზედმეტი გადასახადი და ახლა ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ეს ზედმეტი გადასახადი, თორემ ბიზნესი ღაფავს სულს”.

 

“სამჯერ გამოგიგზავნეთ წერილი, რომ კონკრეტულად დაგეთვალათ, რამდენია დასაბრუნებელი უკან. თქვენ აბსოლუტურად არასწორ პასუხებს მწერდით,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ კომიტეტის სხდომაზე. 

 

თავის მხრივ დაპირისპირება მოხდა საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთ წევრს, გია თევდორაძესა და უმრავლესობის წევრ ომარ ნიშნიანიძეს შორის,  რომლებიც ერთმანეთს ნორმალურად ლაპარაკისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო შემდეგ ერთმანეთის თაობებს არაფრის კეთებაში დასდეს ბრალი.

 

გიორგი ვაშაძის თქმით, 2014 წლის ბიუჯეტი კატასტროფულია და აბსოლუტურად არარეალური პარამეტრებითაა გათვლილი:

 

“სამწუხაროდ, პენსია არც ერთი თეთრით არ გაიზრდება, თუმცა  მინისტრს ვერ ვათქმევინეთ, რას აპირებს ამ მიმართულებით. სამწუხაროდ, გაცილებით დიდ ვალს იღებს სახელმწიფო. 400 მილიონ მაღალპროცენტიან შიდა ვალს იღებს და ამით აპირებს სოციალური ვალდებულებების გასტუმრებას. ამაზეც ვერ მივიღეთ პირობა მინისტრისგან, რომ არ გააკეთებს. ეს ხდებოდა შევარდნაძის დროს და ამან მიგვიყვანა გაყინულ პენსიებამდე. დღევანდელ დისკუსიაში, ამას დისკუსიაც არ ქვია, ყოველთვის ცდილობენ, რომ ყოველთვის  ყველა პრობლემა გასულ პერიოდს გადააბრალონ. ერთი წელი გავიდა, რაც მთავრობაში არიან. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანას მართავენ. რა მივიღეთ ერთ წელიწადში? გაზრდილი უმუშევრობა, 600- მილიონიანი გარღვევა მინიმუმ წლის ბოლოს. შემცირებული ეკონომიკური ზრდის ტემპი. შემცირებული ექსპორტის ზრდის მაჩვენებლები. ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია,” – განაცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი