დღევანდელი მოსმენით პარლამენტში 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა დასრულდა. პროექტის სამუშაო ვარიანტი, რომელიც კომიტეტებზე განიხილეს, შენიშვნებით საქართველოს მთავრობას დაუბრუნდება. მთავრობა ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს პარლამენტში 5 ნოემბერს შეიტანს და პროექტის გახილვა პლენარულ სხდომებზე გაიმართება.
“დღეს შემაჯამებელი სხდომა იყო 2014 წლის ბიუჯეტის განხილვის. ჩვენ ბოლო კომიტეტი ვართ, რომელიც პარლამენტის ყველა კომიტეტის წინადადებებს და შენიშვნებს შევაჯამებთ და შემდგომში პარლამენტის თავმჯდომარე მას უგზავნის მთავრობას. უკვე 5 ნოემბერს შემოვა გადამუშავებული ბიუჯეტი. რამდენად იქნება ცვლილებები ბიუჯეტში, ამას 5 ნოემბერს ერთად ვნახავთ, როდესაც მას პლენარულ სხდომაზე განვიხილავთ,” – ამბობს კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი.
ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვა საპარლამენტო უმცირესობამ პროტესტის ნიშნად დატოვა. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომა არგუმენტების არქონის გამო დატოვა, მისივე თქმით, უმცირესობას რეალური არგუმენტების მოსმენა არ სურს.
დღევანდელ სხდომას აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ესწრებოდა, რომელმაც კომიტეტს უწყების რეკომენდაციები გააცნო:
“ჩვენს რეკომენდაციებში ძირითადი იყო ერთი საკითხი, რომ დაზუსტდეს გარკვეული პარამატრები, რომლებიც არის წარმოდგენილი ბიუჯეტის შესრულების ნაწილში, ასევე, ახალ პროექტში 2014 წლის ბიუჯეტის შესახებ. კომიტეტზე შევთანხმდით, რომ ჩვენ გავმართავთ სამუშაო შეხვედრებს, რა დროსაც დაზუსტდება გარკვეული საკითხები და ურთიერთკოორდინაციის ფარგლებში გავაგრძელებთ მუშაობას, რათა უფრო გაუმჯობესებული ვარიანტი იქნას წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ არ ვაკეთებთ ბიუჯეტის პოლიტიკურ შეფასებას, საუბარი გვაქვს ინდიკატორებზე, რომლებზეც არის დაფუძნებული ზოგადად მაკროეკონომიკური პარამეტრები. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ის ინდიკატორები, რომლებიც წარმოდგენილია ბიუჯეტში, იყოს დასაბუთებული.”