2014 წლის ბიუჯეტის პროექტში შიდა და საგარეო ვალდებულებები, ჯამში, 1 მილიარდ 332 მილიონი ლარით იზრდება.
სახელმწიფო 400 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდების – სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. 732 მილიონი ლარის სესხად აღება კი სხვა წყარობიდან მოხდება.
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი ლია ელიავა ამბობს, რომ ფასიანი ქაღალდების გამოშვება სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად აპრობირებული მეთოდია:
„ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების მეთოდი. 400 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდის გაყიდვა არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა დაბლა მიიწევს. სახელმწიფო ბიუჯეტს აკლდება შემოსავლები ბიზნესაქტივობის შენელების კვალდაკვალ და მთავრობა იძულებულია ვალი აიღოს.“
2012 წელს სახელმწიფომ ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად 58,315 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გამოუშვა, ხოლო 2013 წელს – 150 მლნ ლარის. ფასიან ქაღალდებს ბანკები ყიდულობენ. შესაბამისად, სახელმწიფო ბანკების კრედიტორი ხდება.
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით 2014 წლის ბოლოს საგარეო ვალი 9 977,1 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო შიდა ვალი – 2 384 2 მილიარდი ლარი.
მთავრობამ პარლამენტს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი 2 ოქტომბერს წარუდგინა. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 7.379 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები – 7.482 მლრდ ლარს შეადგენს.
მიმდინარე წელს საბიუჯეტო შემოსავლების გეგმა 7.422 მლრდ ლარია, ხოლო ხარჯების პროგნოზი 7.248 მლრდ ლარს შეადგენს.
2014 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საგადასახადო შემოსავლების სახით 6.95 მლრდ ლარის მობილიზებაა დაგეგმილი, რაც 30 მლნ ლარით აღემატება 2013 წელს დაგეგმილ პარამეტრს.
2014 წელს ბიუჯეტის პრიორიტეტები კვლავ ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება. 2014 წლის ბიუჯეტში ძალოვანი უწყებების დაფინანსება არ გაიზრდება.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2014 წელს სამინისტროები შემდეგ დაფინანსებას მიიღებენ:
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 2.7 მლრდ ლარი (2013 წელს – 2.345 მლრდ ლარი);
თავდაცვის სამინისტრო – 660 მლნ ლარი (2013 წელი – 660 მლნ ლარი);
შინაგან საქმეთა სამინისტრო – 570 მლნ ლარი (2013 წელი – 570 მლნ ლარი);
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 890.9 მლნ ლარი (2013 წელი – 928.5 მლნ ლარი);
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 764.3 მლნ ლარი (2013 წელი – 673.2 მლნ ლარი);
სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 290 მლნ ლარი (2013 წელი – 241 მლნ ლარი);
ფინანსთა სამინისტრო – 100 მლნ ლარი (2013 წელი – 100 მლნ ლარი);
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 25 მლნ ლარი (2013 წელი – 55 მლნ ლარი);
ენერგეტიკის სამინისტრო – 103.6 მლნ ლარი (2013 წელი – 118.7 მლნ ლარი);
იუსტიციის სამინისტრო – 50 მლნ ლარი (2013 წელი – 71.4 მლნ ლარი);
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო – 155 მლნ ლარი (2013 წელი – 174.3 მლნ ლარი)
საგარეო საქმეთა სამინისტრო – 80 მლნ ლარი (2013 წელი – 80 მლნ ლარი);
კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო – 80 მლნ ლარი (2013 წელი- 80 მლნ ლარი);
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო – 50 მლნ ლარი (2013 წელი – 47.2 მლნ ლარი);
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – 27.8 მლნ ლარი (2013 წელი – 25.9 მლნ ლარი);
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 48 მლნ ლარი (2013 წელი – 48 მლნ ლარი);
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.3 მლნ ლარი (2013 წელი – 1.3 მლნ ლარი);
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 2.3 მლნ ლარი (2013 წელი – 2.3 მლნ ლარი);
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 850 ათასი ლარი (2013 წელი – 850 ათასი ლარი).
ლია ელიავას შეფასებით, 2014 წლის ბიუჯეტის პრობლემები არის განპირობებული ცუდი ეკონომიკური მდგომარეობით, ხოლო მეორე მიზეზია მთავრობის არარეალისტური გათვლები:
„მადა დიდი აქვს სახელმწიფოს, ბევრი უნდა, რომ ხარჯოს და ამდენი შემოსავალი არ აქვს. ქვეყნის ეკონომიკა არის სუსტი და თავისი ბრუნვით არ შეუძლია სოციალური ხარჯების გაწევა. ამიტომ სახელმწიფო იძულებულია თავის თავზე აიღოს ხარჯების მეტი წილი. ეს არის „იძულების ბიუჯეტი“ იმისთვის, რომ დაზღვევა იყოს საყოველთაო და განათლება – ხელმისაწვდომი. საიდან უნდა მოვიდეს ეს ფული? რა თქმა უნდა, ვალდებულებების ზრდიდან. ეს არის „გაჭირვების ბიუჯეტი“.
2014 წლის ბიუჯეტში პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება მილიონი ლარით შემცირდება და 59.5 მლნ ლარს შეადგენს; პრეზიდენტის ადმინისტრაცია 9 მლნ ლარს მიიღებს, რაც 20 ათასი ლარით მეტია 2013 წელს მიღებულ დაფინანსებაზე; მთავრობის კანცელარიისთვის 10 მლნ ლარია გათვალისწინებული.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 2014 წელს განახევრდება და 5 მლნ ლარს შეადგენს. მთავრობის სარეზერვო ფონდი კვლავ 50 მლნ ლარი იქნება.
საქართველოს საპატრიარქო, 2013 წლის მსგავსად, 25 მლნ ლარით დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის 250 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც თითქმის 200 მლნ ლარით ნაკლებია წლევანდელ დაფინანსებაზე; სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის კი კვლავაც 50 მლნ ლარი გამოიყოფა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია 2014 წელს 54.5 მლნ ლარს მიიღებს, აქედან 28 მლნ ლარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას მოხმარდება.
იზრდება საქსტატის დაფინანსება 4.5 მლნ ლარიდან 15 მლნ ლარამდე, 8.8 მლნ ლარი მოსახლეობის საყოველთაო აღწერას მოხმარდება.
სახალხო დამცველის აპარატის დაფინანსება 280 ათასი ლარით გაიზრდება 2014 წელს და 2.380 მლნ ლარი იქნება.
საზოგადოებრივი მაუწყებელის დაფინანსება 38 მლნ ლარამდე იზრდება. 2013 წელს საზმაუმ ბიუჯეტიდან 31.8 მლნ ლარი მიიღო.
ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე გასაცემი ტრანსფერების ჯამური რაოდენობა 2014 წელს 795.9 მლნ ლარამდე გაიზრდება. 2013 წელს დაფინანსებამ 769.7 მლნ ლარი შედგინა.
თბილისისთვის გათვალისწინებული ტრანსფერის ოდენობა 50 მლნ ლარით შემცირდება და 398 მლნ ლარს შეადგენს.
2014 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5% იქნება. 2013 წლის ბიუჯეტის თანახმად, მშპ-ს ზრდის პროგნოზი 6%-ია. „საქსტატის“ მონაცემებით, 2013 წლის რვა თვეში მშპ-ს საშუალო რეალურმა ზრდამ 1.6% შეადგინა.
„2014 წლის ბიუჯეტში დეფიციტი 1 პროცენტით არის გაზრდილი. ამ დეფიციტის დაბალანსების გზა არის ან პრივატიზაციიდან მიღებული ფული ან შიდა და საგარეო ვალი. ამ შემთხვევაში შიდა და საგარეო ვალზეა აქცენტი გაკეთებული და ბიუჯეტში დეფიციტი ამის ხარჯზე იზრდება,“ – ამბობს „ჯორჯიან ბიზნეს ინსაითის“ ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე.
მისი შეფასებით, გაზრდილია სოფლის მეურნეობის დაფინანსება, განათლების ბიუჯეტი იზრდება, საგადასახადო შემოსავლები მხოლოდ 50 მილიონით არის გაზრდილი:
„ამ შემთხვევაში ხარჯების დაბალანსება უნდა მოხდეს დეფიციტის ზრდის ხარჯზე და საგარეო და შიდა ვალდებულების აღებით. ამ ხარჯების დაფარვის სხვა გზა არის ეკონომიკური აქტივობა.“
2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საბიუჯეტო კომიტეტებმა უკვე დაიწყეს. პროცედურულად პარლამენტის სხდომაზე 2014 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხოლოდ მას შემდეგ განიხილავენ, რაც საკომიტეტო მოსმენები დასრულდება. არ არის გამორიცხული, ბიუჯეტის დამტკიცებამდე დოკუმენტმა კორექტირება განიცადოს.







