2025 წლის ბიუჯეტის პროექტით, საერთაშორისო დონორების მიერ გამოყოფილი გრანტების რაოდენობა მკვეთრად მცირდება.

2024 წლის გეგმით, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები 129,8 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2025 წლის პროექტით 41,3 მილიონამდე შემცირდა.

უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტები დაახლოებით 17 მილიონს შეადგენს და 3 მილიონით ნაკლებია წინა წლის გეგმაზე.

1,2 მილიონიდან 2 მილიონამდეა გაზრდილი უცხოეთის იურიდიული პირებიდან მიღებული გრანტები.

მთლიანობაში, საერთაშორისო დონორებისგან გათვალისწინებულია დაახლოებით 60,3 მილიონი ლარის ოდენობის გრანტის მიღება, როცა 2024 წლის გეგმა 151 მილიონ ლარს შეადგენდა (60%-პროცენტიანი შემცირება).

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორი ევროკავშირია, თუმცა მისი გრანტის ოდენობა 2025 წლის პროექტით 7 მილიონი ლარია, როცა 2024 წლის გეგმა 105 მილიონი ლარი იყო.

გრანტი იგივე საჩუქარია, რომელიც სუბიექტს გარკვეული მიზნების შესასრულებლად გადაეცემა.

რუსული კანონისა და დემოკრატიული უკუსვლის კვალობაზე, ევროკავშირმა განაცხადა, რომ განიხილავს საქართველოს მთავრობისთვის დახმარების შეჩერებას.

მოკლევადიან პერსპექტივაში ბლოკმა უკვე შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე, გაყინა ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში განკუთვნილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში გრანტების მოცულობა აუცილებლად გაიზრდება.

პირველადი პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტები წინა წლის გეგმასთან შედარებით 66 მილიონით არის შემცირებული და სულ 200,3 მილიონი ლარია. საერთაშორისო დონორების გარდა, აქ შედის საქართველოს ბიუჯეტიდან, კერძოდ, ცენტრალური სსიპ-ებიდან და ა(ა)იპ-ებიდან მიმდინარე გრანტები.

პარლამენტში წარდგენილი პროექტი არის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მომდევნო 3 თვის განმავლობაში, ერთი მხრივ, განხორციელდება მაკროეკონომიკური დინამიკის ანალიზი, აქტიური კონსულტაციები გაიმართება ახალარჩეულ პარლამენტთან და, შესაბამისად, მოხდება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის ფორმირება.