ეკონომიკა

“რთველი 2013 “-ის სუბსიდირებისთვის მთავრობა 25 მილიონ ლარს გამოყოფს

14 აგვისტო, 2013 • 3328
“რთველი 2013 “-ის სუბსიდირებისთვის მთავრობა 25 მილიონ ლარს გამოყოფს

შალვა ფიფიას თქმით, სოფლის მეურნეობა დღეს რეალური პრიორიტეტია, რომლის განვითარებასაც მთავრობა სისტემურად განახორციელებს.   მისივე განმარტებით, ღვინის მწარმოებელი კომპანიების სუბსიდირებისთვის მთავრობა 25 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს. 


“რთველი 2013″ ამ სისტემის შემადგენელი ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება. საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაში პირველად რეალურად გადადგმული ნაბიჯები და 2013 წლის რთველი იქნება გარდამავალი ეტაპი წარსული პრობლემების დაძლევასა და სექტორის განვითარების მიმართულებით,”- განაცხადა მინისტრმა

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, “რთველი 2013” წარმატებით ჩასატარებლად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მათი თქმით, სამუშაო შეხვედრები ღვინის მწარმოებლებთან, ღვინის ასოციაციის გამგეობის წევრებთან, გლეხებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ინტენსიურად მიმდინარებდა. 

 

მათივე განმარტებით, კერძო სექტრის ინტერესების მაქსიმალურ დაცვასა და გლეხების დახმარებისთვის პარიტეტულობის შენარჩუნებაზე სახელმწიფო 2013 წლიდან იზრუნებს. დიფერენცირება მცირე და დიდი ფართობებიდან მიღებულ ყურძენზე არ იქნება და თანაბარი პირობები შეიქმნება მეწარმეებისა და მცირე ფერმერებისთვის. 

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან დავითაშვილის განმარტებით, სუბსიდიის პროგრამა კომპანიებისთვის ყოველგვარი ვაუჩერის გარეშე განხორციელდება. 

 

“გაიცემა შეღავათიან სესხები, ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის_ 15- თვიანი სესხი 12%-15%-ად, აქედან 9%-ს სახელმწიფო ფარავს. 1 ლარზე მეტ ფასად ყურძნის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო პიდაპირი დახმარების წესით, ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შესაბამისი თანხით უზრუნველჰყოფს, -განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.  

 

ამ მიზნით, სახელმწიფო 25 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს.

 

დავითაშვილის თქმით, რთველი აგვისტოს ბოლოს დედოფლისწყაროს სოფლებიდან- სამთაწყარო, ფიროსმანი, საბათლო, დაიწყება. ხოლო 10 სექტემბრიდან რთველში ჯერ სიღნაღის, შემდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები  ჩაერთვებიან. 

 

სამინისტროს წარმომადგენელთა განმარტებით, მომავალი წლიდან სახელმწიფო აპირებს აქტიურად იმუშაოს შემდეგი პროგრამების განხირციელებაზე:

1. ვენახების ფართობის დადგენა, აღწერა, დავენახების აღრიცხვიანობის საკადასტრო სისტემის შექმნა და ჯიშების მიხედვით დარაიონება.

2. ყურძნის რაოდენობისა და წარმოების მასშტაბების განსაზღვრა სხვადასხვა რაიონის მიხედვით, რათა გამოიკვეთოს ღვინის სახეობები, რომელიც შეიძლება წარმოებაში გამოიყენონ.

3. სახელმწიფო ხელს შეუწყობს ფერმერთა კოოპერატივების შექმნას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საკუთარი პროდუქციის რეალიზებაზე.

4. ხელშეწყობა მცირე საწარმოების შესაქმნელად და ბაზრებზე სარეალიზაციოდ გასასვლელად, რის შემდეგაც მცირე ბიზნესის წარმომადგენლები მსხვილ მეწარმეებზე, სუბსიდირებასა და ფასების ცვალებადობაზე დამოკიდებული აღარ იქნებიან. 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა გასულ წლებში მეღვინეობის დარგში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა. ასევე, რთველის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან უხეშ ჩარევასა და ბაზრებზე ყურძნის ფასის ხელოვნურად ზრდაზე. მინისტრის თქმით, სახელმწიფო აღმოჩნდა კერძო სექტორის კონკურენტი როლში, რამაც ბაზარზე კერძო სექტორის წილის მკვეთრი დაწევა განაპირობა. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი