რამდენიმე დღის წინ ქეთი ნიჟარაძემ HYUNDAI-ის ფირმის კონდიციონერი შეისყიდა 580 ლარად ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში. ამბობს, რომ ძალიან კმაყოფილია იაფი შენაძენით. ამავე ფირმის სხვა კონდიციონერი იგივე მაღაზიაში 60 ლარით ძვირი ღირდა:
“მაგრამ თითქმის არაფერი სხვაობა იყო არც დიზაინში და არც გაგრილების სიმძლავრეში, და უფრო ძვირი რატომ უნდა გადამეხადა, ვერ გავიგე,” – ამბობს ქეთი.
ქეთიმ არ იცის, რომ კონდიციონერი, რომელიც იყიდა, მალე ხმარებიდან ამოვა, რადგან მასში R22 ფრეონის ტიპია გამოყენებული, რაც ოზონდამშლელ ნივთიერებას (ოდნ) წარმოადგენს. ხოლო იგივე ფირმის კონდიციონერში, რომელიც 60 ლარით ძვირი ღირდა, R410 ფრეონის ტიპია გამოყენებული, რომელიც ოზონუსაფრთხოა.
![]() |
![]() |
ფრეონების (ქლორფტორნახშირბადების) წარმოება მსოფლიოში 1930-იან წლებში დაიწყო. ითვლებოდა, რომ ეს არის არატოქსიკური, უსაფრთხო, არაალებადი და იაფი ნივთიერება, თუმცა მოგვიანებით ფრეონის დიდი ნაწილი ოზონდამშლელ ნივთიერებებად (ოდნ) გამოცხადდა.

“ქლორის ერთ ატომს შეუძლია დაშალოს ოზონის 100 000 მოლეკულა”, – ამბობს ნოე მეგრელიშვილი, მონრეალის ოქმზე პასუხისმგებელი პირი საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში. 1995 წელს ნობელის პრემია გადაეცა მეცნიერებს, რომლებმაც დაადგინეს ქლორის გავლენა ოზონის შრეზე.
ოზონის შრე იცავს დედამიწას მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან (UV), რაც ადამიანებში იწვებს კანის კიბოს, კატარაქტას, იმუნური სისტემის მოშლას და ა.შ. ოზონის შრის 1,5 %-ით შემცირება იწვევს ულტრაიისფერი გამოსხივების 2%-ით მატებას, რაც კიბოთი დაავადებას 3-6 %-ით ზრდის. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ანთროპოგენული გავლენის გამო ოზონის შემცველობა 1990-იანების ბოლოსთვის 10%-ით შემცირდა.

“ფრეონები გამოიყენება ავტომობილების კონდიცირების დანადგარებში, საყოფაცხოვრებო და კომერციულ სამაცივრო ტექნიკაში, ჰაერის კონდიცირების სისტემებში, თბური ტუმბოების მოწყობილობებში”, – განმარტავს თემურ გორდელაძე, “ქუთაისის რეციკლირების ცენტრის” ხელმძღვანელი.
საქართველო მსოფლიოს იმ 190-ზე მეტ ქვეყანას შორისაა, რომელსაც რატიფიცირებული აქვს ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ მონრეალის ოქმი. ამ ოქმის შესაბამისად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ უკვე მიმდინარე – 2013 წელს შეჩერდეს წყალბად-ქლორ-ფტორ-ნახრშირბად 22-ის (HCFC22), იგივე R22 ფრეონის მოხმარება; 2015 წელს ამ ნივთიერების მოხმარება 10%-ით უნდა შემცირდეს, 2020 წელს – 35%–ით, 2025 წელს – 67.5%–ით, ხოლო 2030 წელს საერთოდ უნდა ამოვიდეს ხმარებიდან.
საქართველოში ეს ნივთიერებები არ იწარმოება და იგი, ძირითადად, იმპორტის სახით შემოდის ქვეყანაში. როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ნოე მეგრელიშვილი აცხადებს, ახლა საქართველო წელიწადში 84 ტონა ფრეონს მოიხმარს და ოქმით აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, აუცილებელია გაძლიერდეს იმპორტის კონტროლი. სამინისტრო უკვე ამზადებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც განისაზღვრება კონკრეტული ოდნ-ების ჩამონათვალი, რომელთა შემოტანაც აიკრძალება, ასევე, კომპანიები ვალდებულნი იქნებიან პროდუქციის შემოსატანად მოიპოვონ შესაბამისი ლიცენზია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ოზონდამშლელი ნივთიერებების (ოდნ) ჩამონათვალი, რომელთა შემოტანაც აკრძალულია საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე. ასევე, ცალკე ნუსხა არსებობს იმ ოდნ-ების, რომელთა იმპორტის კვოტები განსაზღვრულია 2013 წლის 1 იანვრიდან, რადგან წლის ბოლომდე უნდა მოხდეს ამ ნივთიერებებების მოხმარების გაყინვა. მათ შორისაა R22 ფრეონის ტიპი.
“სამწუხაროდ, მომხმარებელი მაინც ფასზეა ორიენტირებული და ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, ოზონდამშლელ ნივთიერებას შეიცავს თუ არა ის ტექნიკა, რასაც ყიდულობს, თუმცა ჩვენი კონსულტანტები მომხმარებლებს აწვდიან ინფორმაციას კონკრეტული პრუდუქციის ტექნიკური მახასათებლებზე,” – ამბობს ნოკა ბაინდურაშვილი, “ელიტ ელექტრონიქსის” მარკეტინგის მენეჯერი.
“სხვაობა ფასში იმ კონდიციონერებს შორის, რომლებიც შეიცავენ ოზონდამშლელ და ოზონუსაფრთხო ნივთიერებებს, არის 60-70 ლარი,” – ამბობს ეთო ქავთარაძე, “მეგატექნიკას” მარკეტინგის მენეჯერი.
კომპანიები, რომლებიც საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობენ საქართველოში, აცხადებენ, რომ არ არიან ინფორმირებული ზემოთ აღნიშნული მოსალოდნელი საკანონმდებლო რეგულაციების თაობაზე. მათი თქმით, იმ შეზღუდვამ, რომლითაც საქართველოში ვეღარ შემოვა R22-ზე მომუშავე კონდიციონერები და მაცივრები, ეს პროდუქცია შეიძლება 5%-ით გააძვიროს ბაზარზე.
“მომხმარებელს შეიძლება ერთჯერადად, ყიდვის დროს გაუძვირდეს პროდუქცია, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენ ორიენტირებული ვართ ენერგოდამზოგებზე. მაგალითად, A2 კლასის მაცივრები, რაც არის ჩვენს ქსელში შემოსული, თვეში 3 ლარის ელექტროენერგიას წვავს მხოლოდ, ანუ მომხმარებლები შემდეგში ასეთი ტექნიკის შეძენით უფრო მეტ ფინანსურ ეკონომიას გააკეთებენ,” – ამბობს “ელიტ ელექტრონიქსის” მარკეტინგის მენეჯერი.
ოდნ-ების შემოტანის აკრძალვის პარალელურად, ეტაპობრივად ხმარებიდან უნდა ამოვიდეს უკვე ექსპლოატირებული ტექნიკა. ამისთვის საქართველოს ორ ქალაქში, თბილისსა და ქუთაისში, გახსნილია “საქართველოს მაცივარაგენტების შეგროვებისა და რეციკლირების ცენტრი”.

თბილისის რეციკლირების ცენტრის ხელმძღვანელის ნიკოლოზ მაისურაძის თქმით, კიდევ ერთი პრობლემა ამ მხრივ უკავშირდება ხელოსნებს, რომლებიც მუშაობენ უკვე ხმარებაში არსებულ კონდიციონერებსა და მაცივრებში ფრეონის ჩატუმბვაზე. მისი განცხადებით, აუცილებელია ფლობდნენ გადამზადების შესახებ სპეციალურ სერთიფიკატებს, რადგან, თუკი მოხდება გამოცვლის დროს ფრეონის ჰაერში გაშვება, ეს საფრთხეს უქმნის ოზონის შრეს და, შესაბამისად, მოსახლეობას.
გარემოს დაცვის სამინისტრო ამ კუთხითაც აპირებს საკანონმდებლო დონეზე რეგულაციების შემოღებას.

“ბაზრობებზე ნახავთ ხელოსნებს, სინამდვილეში არც ერთი არ არის გადამზადებული სპეციალისტი. ეგენი არიან თვითნასწავლები. თუნდაც მანქანების ამბავი ავიღოთ, მანდაც უნდა გადამზადება. ფრეონთან ურთიერთობა უნდა ისწავლოს ადამიანმა. “ჟეშტიანჩიკია” თუ “ხადავშიკია”, ყველამ მანომეტრი და ბალონი დაიდგა გვერდით. ამიტომ სავალდებულო უნდა გახდეს ხელოსნების სერტიფიცირება და ასევე, უნდა ისჯებოდეს ჰაერში ფრეონის გაშვება”, – ამბობს ნიკოლოზ მაისურაძე.
ამას გარდა, სპეციალისტები პრობლემურად მიიჩნევენ ჯართის შემგროვებელ პუნქტებში ძველი მაცივრების და ე.წ. დაშლილებში ავტომანქანების უკონტროლოდ ჩაბარებას.

“ხდება მათი გადამუშავება და ამ დროს იმის კითხვა – ფრეონი სად მიდის? ამას ვინმე აკონტროლებს?” – აცხადებს თემურ გორდელაძე.
ამ დროისთვის რეციკლირების ცენტრებში ხმარებიდან ამოღებული ფრეონი სპეციალურ კონტეინერებში ინახება, მაგრამ იმის გამო, რომ თბილისის რეციკლირების ცენტრს საგადასახადო ორგანოებთან პრობლემები შეექმნა, ცენტრი დახურვის საფრთხის წინაშეა:
“ვთქვათ, ჩვენ წავედით, მაგრამ ფრეონს რა ვუყოთ? ვინ მიხედავს ამას?” – ამბობს ნიკოლოზ მაისურაძე.
რეციკლირების ცენტრები რამდენიმე წლის წინ “გაეროს განვითარების პროგრამისა” და გარემოს დაცვის სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად ჩამოყალიბდა. თბილისის რეციკლირების ცენტრს უასასყიდლოდ გადაეცა ტექნიკა, რომელზეც მოგვიანებით მოგების გადასახადი დაერიცხათ.
“ჩვენ არანაირი მოგება არ მიგვიღია და ვერ გადავიხდით ამ დავალიანებას, არადა, ამ დავალიანებას კიდევ საურავები დაარიცხეს,” – ამბობს ნიკოლოზ მაისურაძე.
ახლა ცენტრს 32 ათასლარიანი საგადასახადო დავალიანება აქვს, რის გამოც მათი ანგარიშები დაყადაღებულია.
“წესით, ეს ცენტრი უნდა გადავიდეს სახელმწიფო სტრუქტურაში, გარემოს დაცვის სამინისტროში, რადგან ქვეყნის ტკივილია ოდნ-ები, ხალხის ჯანმრთელობას ეხება საქმე”, – ამბობს ნიკოლოზ მაისურაძე.

საგადასახადო პრობლემების მოგვარების შემთხვევაში, რეციკლირების ცენტრებში კიდევ ერთი ტონა ფრეონის დასაწყობება იქნება შესაძლებელი, თუმცა ამის შემდეგ ქვეყანამ ფინანსური სახსრები იმისთვისაც უნდა მოიზიდოს, რომ ნივთიერებების ევროპაში გატანა მოახერხოს, რადგან მათი უსაფრთხოდ განადგურება მხოლოდ ევროპის რამდენიმე ქვეყანაშია შესაძლებელია.
“მონრეალის ოქმის შედეგია ის, რომ ამ დროისათვის ფრეონების 95% ამოღებულია ხმარებიდან მსოფლიოს მასშტაბით”, – ამბობს ნოე მეგრელიშვილი. თუმცა, მისივე თქმით, ამ ოქმით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტურად განხორციელების შემთხვევაშიც კი, ოზონის შრის აღდგენა მხოლოდ 2050 წლისთვის იქნება შესაძლებელი.
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, გია ცაგარეიშვილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს მაცივარაგენტების იმპორტიორი კომპანიების ლიცენზირებას, ხელოსნების სავალდებულო სერტიფიცირებას და კონკრეტული ოდნ-ების შემოტანის აკრძალვას, საშემდგომო სესიაზე შევა პარლამენტში.


