ეკონომიკა

GEDF-ი შვიდი ჰესის მშენებლობას გეგმავს

10 ივლისი, 2013 • 1061
GEDF-ი შვიდი ჰესის მშენებლობას გეგმავს

შესაბამის მემორანდუმს ბანკის გენერალურმა დირექტორმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ხელი უკვე მოაწერეს. მეორანდუმის მიხედვით, პირველ ეტაპზე (12–14 თვე) “საქართველოს ბანკი” 85- პროცენტიან თანადაფინანსებას გაიღებს ჰესების ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისთვის, რაც ჰიდროლოგიურ, გეოლოგიურ, გარემოზე ზემოქმედების, ეკონომიკურ და ადგილობრივი სოციალური ეფექტის დეტალურ შეფასებას გულისხმობს. ხოლო დანარჩენ 15%-ს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი” (GEDF) დააფინანსებს.

 

GEDF-ი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შვიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. ჰესების ჯამური დადგმული სიმძლავრე 180 მეგავატს შეადგენს, ხოლო პროექტების საერთო საინვესტიციო ღირებულება 300 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრება.

 

“ჰესების ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, ანუ პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, მიღებული შედეგებიდან გამომდინარე იგეგმება ყველა ეკონიმიკურად მომგებიანი ჰესის მშენებლობა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ და მსგავსი პროექტებისთვის მსოფლიოში მიღებულ გარემოს დაცვისა და სოციალური ზემოქმედების სტანდარტებს. ჰესების მშენებლობა, ძირითადად, უცხოური ინვესტიციებით განხორციელდება, რომელსაც „საქართველოს ბანკი“ და GEDF-ი ერთობლივად მოიზიდავენ”, – ნათქვამია პრესრელიზში, რომელსაც ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

ამ პროექტების წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების დოკუმენტები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით უკვე მომზადებულია. 

 

სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” აქციების ასივე პროცენტი სახელწმიფოს საკუთრებაშია.

მასალების გადაბეჭდვის წესი