ეკონომიკა

TI საქართველო: 2013 წელს მთლიანი სარეკლამო შემოსავლები შემცირდება

28 ივნისი, 2013 •
TI საქართველო: 2013 წელს მთლიანი სარეკლამო შემოსავლები შემცირდება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ გამოთვლებით, რეკლამაზე გაწეულმა მთლიანმა დანახარჯმა 2012 წელს დაახლოებით 54 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამ თანხაში შედის დაახლოებით 8 მილიონი აშშ დოლარიც, რომელიც პოლიტიკურმა პარტიებმა რეკლამაზე დახარჯეს.

თუმცა, ამავე ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს მთლიანი სარეკლამო შემოსავლები შემცირდება: მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში უკვე შემცირებულია სარეკლამო დანახარჯები, რასაც ერთვის ამავე პერიოდში დაფიქსირებული შენელებული ეკონომიკური ზრდა (1.7%).


ანგარიშის მიხედვით, სარეკლამო დანახარჯების ყველაზე დიდი ნაკადი – 72% კვლავაც სატელევიზიო სექტორში მიედინება და ამ თანხების თითქმის 95% თბილისში დაფუძნებულ ტელევიზიებზე მოდის. ამის მიუხედავად, 2012 წელს ტელეარხების მთლიანმა წმინდა სარეკლამო შემოსავალმა დაახლოებით 1.5 მილიონი აშშ დოლარით იკლო. ამასთან, 2012 წელს „რუსთავი-2“-ისა და „იმედის“ სარეკლამო შემოსავლები შემცირდა, მაგრამ იმატა „მაესტროს“, „კავკასიისა“ და „მეცხრე არხის“ სარეკლამო შემოსავლებმა.

ანგარიშის მიხედვით, 2012 წელს შედარებით გაიზარდა რადიოკომპანიების სარეკლამო შემოსავლები. 2012 წელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის წარდგენილი მონაცემების მიხედვით, რადიოსადგურების შემოსავალმა შეადგინა დაახლოებით 5.8 მილიონი აშშ დოლარი, აქედან სარეკლამო შემოსავლების წილია 5.5 მილიონი აშშ დოლარი.


“პრესა სარეკლამო ბაზრის ყველაზე სუსტი რგოლია. გაზეთების ტირაჟი კვლავაც არ იზომება, თუმცა, ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, ქართული ბეჭდური გამოცემების ტირაჟი ძალიან დაბალია. საქართველოს ყველაზე მსხვილი გაზეთი „კვირის პალიტრა“ აცხადებს, რომ მისი ტირაჟი ყოველკვირეულად 63 ათასია. გავრცელებული ცნობებით, ისეთი ცნობილი ყოველდღიური გამოცემების ტირაჟი, როგორებიც „რეზონანსი“ და „24 საათია“, 5 ათას ეგზემპლარს არ აღემატება”, – ნათქვამია ანგარიშში.

 

ამავე ანგარიშის მიხედვით, მთლიანი სარეკლამო დანახარჯების 5%-ს ბეჭდური მედია იღებს. ანგარიშში გამოყოფილია ჟურნალ “ტაბულას” სარეკლამო შემოსავლები, კერძოდ, აღნიშნულია, რომ “2012 წელს „ტაბულამ“ ინტერნეტ და აიპი ტელევიზიის პროვაიდერ კომპანია „სილქნეტთან” კონტრაქტი გააფორმა. კონტრაქტის პირობებით, Silk TV-ის აბონენტებს ჟურნალი უფასოდ გადაეცემოდათ. მკითხველთა რაოდენობა გაიზარდა, რასაც რეკლამის ფასისა და სარეკლამო შემოსავლების ზრდაც მოყვა. შარშან ჟურნალმა 350 ათასი ლარის ოდენობის სარეკლამო შემოსავლები მიიღო. თუმცა, „ტაბულა“ ფინანსურად სრულად დამოუკიდებელი მაინც ვერ გახდა. ახლა „ტაბულა“ ტელეარხის მომზადების პროცესშია, ჟურნალი კი ახლა უკვე თვეში ერთხელ გამოდის”.

 

Publicis Hepta-ს გათვლებით, 2012 წელს ბეჭდურ მედიაში რეკლამაზე 2.8 მილიონ აშშ დოლარი დაიხარჯა.

 

“მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის 12 პროცენტისთვის ინტერნეტი მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღების მთავარ ან რიგით მეორე წყაროდ იქცა, რეკლამის დამკვეთები ონლაინ- რეკლამისთვის მაინც ძალიან მცირე – სულ რაღაც 2 პროცენტს ხარჯავენ”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიშში.

 

ამასთან, ანგარიშში მოყვანილია Publicis Hepta-ს მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2012 წელს facebook-მა საქართველოდან 250.000-დან 300.000-მდე აშშ დოლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო: 

 

“ანუ ინტერნეტ რეკლამაზე დახარჯული თანხების დაახლოებით 20-25 პროცენტი facebook-ზე მიდის და, შესაბამისად, ქართულ ვებგვერდებს არ ხმარდება”, – აღნიშნულია ანგარიშში.

 

ანგარიშის მიხედვით, საინფორმაციო ვებსაიტები ხშირად მთელ თავიანთ რესურსს ჟურნალისტებისა და რედაქტორთა ჯგუფების შექმნას ახარჯავენ:

 

“მათ არ აქვთ მარკეტინგული ჯგუფი და რეკლამის მოზიდვასაც ვერ ახერხებენ. ამის მაგალითია გაზეთ „ბათუმელების“ მიერ შექმნილი ახალი ამბების ვებგვერდი netgazeti.ge, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის ჟურნალისტურ პროდუქტს სთავაზობს, მაგრამ მცირე სარეკლამო შემოსავლები აქვს და დონორების მხარდაჭერის გარეშე ფინანსური პრობლემების წინაშე დგება. თუმცა არსებობენ მომგებიანი ონლაინ მედიაგამოცემებიც. „მედია პალიტრა“, რომელიც სხვა ვებგვერდებთან ერთად ipn.ge-ს, ambebi.ge-ს და palitratv.ge-ს ფლობს, აცხადებს, რომ კომპანიამ ონლაინ რეკლამებიდან შემოსული თანხები 2012 წელს გააორმაგა. ახლა ონლაინ სარეკლამო შემოსავალი ჰოლდინგის საერთო სარეკლამო შემოსავლის 22 პროცენტს შეადგენს, რითაც ჩამორჩება ბეჭდურს (66 პროცენტი) და უსწრებს რადიოს (12 პროცენტი)”, – ნათქვამია ანგარიშში.


Publicis Hepta-ს მონაცემებით, ონლაინ მედიარეკლამაზე 2012 წელს 1.2 მილიონ აშშ დოლარი დაიხარჯა.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს მსოფლიოში სარეკლამო დანახარჯების 4.1- პროცენტიანი ზრდაა მოსალოდნელი. ZenithOptImedia-ს პროგნოზით, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების ბაზრები გაიზრდება (საშუალოდ 8 პროცენტით). განვითარებული ბაზრები კი ევროზონის კრიზისის გამო მხოლოდ 1 პროცენტით გაიზრდება.

 

“2013 წელს ქართული სარეკლამო ბაზარზე კერძო სექტორის დანახარჯების კლებას ელიან იმ მიზეზით, რომ წლის პირველი სამი თვის განმავლობაში კომპანიებმა შეკვეცეს სარეკლამო ბიუჯეტები და შემცირდა ეკონომიკური ზრდაც. ახლა ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როდის ირწმუნებენ ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები, რომ საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის სტაბილური გარემოა შექმნილი. როგორც კი კერძო სექტორში ინვესტიციები მოიმატებს, სარეკლამო დანახარჯებიც გაიზრდება”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიშში.

 

ორგანიზაციამ რამდენიმე რეკომედაციაც შეიმუშავა:

 

– სასურველია, რომ კანონმდებლებმა გააუქმონ მაუწყებლობის შესახებ კანონში 2011 წელს შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლებს ყოველ ერთ საათში რეკლამის გაშვებისთვის გამოყოფილი მაქსიმალური დრო გაეზარდათ. პრაიმ-თაიმის დროს რეკლამისთვის გამოყოფილ დროზე ლიმიტის შემცირება ნაციონალურ მაუწყებლებზე ტარიფების სტაბილურობასა და მდგრად ზრდას შეუწყობს ხელს. ეს, საბოლოო ჯამში, წაახალისებს რეკლამის დამკვეთებს გაამრავალფეროვნონ საკუთარი სარეკლამო დანახარჯები, მცირე ტელესადგურებს კი მისცემს საშუალებას, უფრო თანაბარ პირობებში შეძლონ კონკურენციის გაწევა.

 
– პარლამენტმა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან (GNCC) კონსულტაციების შედეგად, უნდა განიხილოს რეკლამის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის საკითხი იმ მიზნით, რომ აღნიშნული რეგულაცია ე.წ.
Product Placement-საც (გადაცემაში რეკლამის განთავსება) შეეხოს, რომელსაც მოქმედი კანონი საერთოდ არ სცნობს. ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს მაუწყებლებისთვის მოთხოვნის წაყენება, რომ მათ Product Placement-ის გამოყენების შესახებ გაფრთხილება გადაცემას დასაწყისში ან დასასრულს დაურთონ. ამ გზით მაუწყებლები უზრუნველყოფენ იმას, რომ არ მოხდება მაყურებლის შეცდომაში შეყვანა, როდესაც გადაცემაში გამოჩნდება სტუმარი, ან ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სარედაქციო მასალა – მიმოხილვა და რეპორტაჟი, რომელთა ეთერში მოხვედრისთვისაც სინამდვილეში ფულია გადახდილი.
 
 
– პარლამენტმა უნდა იმსჯელოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანაზე, რათა დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდეს სოციალური რეკლამა, რომელსაც არა კომერციული, არამედ მხოლოდ სოციალური ღირებულება აქვს. გარდა ამისა, კონკრეტულად უნდა გაიწეროს ტერმინის – სოციალური რეკლამის – განსაზღვრებაც, რათა არ მოხდეს მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.
 
 
– პარლამენტმა კონსულტაციები უნდა გამართოს GNCC-თან და ახლად შექმნილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისთან და იმსჯელოს ანტი-სპამრეგულაციის შემოღების შესახებ, რაც მომხმარებლებს მობილურ ტელეფონზე არასასურველი სარეკლამო შეტყობინების მიღების შეზღუდვის საშუალებას მისცემს.
 
 
„საერთაშორისო გამჭვირვლობა – საქართველოს” ანგარიში ასახავს კვლევას, რომელიც ამ ორგანიზაციამ განახორციელა. ანგარიში ეფუძნება როგორც საჯარო ჩანაწერებსა და ხელმისაწვდომ საჯარო და კომერციულ მონაცემებს, ასევე, სარეკლამო და მედიასექტორში მომუშავე 30-ზე მეტ პროფესიონალთან და წამყვანი ქართული კომპანიების მარკეტინგის დირექტორებთან ჩაწერილ ინტერვიუებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი