ეკონომიკა

გამომცემლობები კრიზისში

22 მაისი, 2013 • 1520
გამომცემლობები კრიზისში

“ნეტგაზეთი” რამდენიმე გამომცემლობას ესაუბრა, რომლებსაც შეეხოთ განათლების მინისტრის ბრძანება სასკოლო სახელმძღვანელოების დაბეჭდვის უფლების ჩამორთმევის შესახებ. გამომცემლობებისთვის ეკონომიკური კრიზისი მწვავე აღმოჩნდა, რადგან მათ მიერ გამოცემულ წიგნებში სასკოლო სახელმძღვანელეობის წილი დიდი მოცულობის იყო.


შეწყვეტილმა ფინანსურმა სარგებელმა გამომცემლობას ისეთი პრობლემები შეუქმნა, როგორიცაა თანამშრომლების გათავისუფლება ან უხელფასო შვებულებაში გაშვება და დაგეგმილი პროექტების განხორციელების გადავადება ან უარის თქმა.


გათავისუფლებული თანამშრომლები


გამომცემლობა “დიოგენეში”, რომელმაც ნოემბერში ოფისისთვის იჯარით აღებული 250 ათასი დოლარის ოდენობის სესხი უნდა დაფაროს, 30 ადამიანი მუშაობს, ამათგან 6 ადამიანი უკვე უხელფასო შვებულებაშია:


“იძულებული გავხდით, თანამშრომლების ნაწილი უხელფასო შვებულებაში წასულიყო და ნაწილს შეუმცირდა ხელფასი 20–40–%–მდე. თუ გამწვავდა ფინანსური კრიზისი, სხვებსაც მოუწევთ უხელფასო შვებულებაში გასვლა, ან საერთოდ დაკარგავენ სამუშაო ადგილებს,“ – ამბობს თამარ ლებანიძე, „დიოგენეს“ დირექტორი.


გამომცემელი ლაშა ბერაია ამგვარი საჭიროებების წინაშე ჯერ არ დამდგარა. თუმცა იგი არ გამორიცხავს, რომ ორი თანამშრომლის გათავისუფლება მოუწიოს.


კახმეგ კუდავას გამომცემლობა “ინტელექტიდან” თანამშრომლები ჯერ არ დაუთხოვია. მის საკუთარ სტამბაში, რომელშიც ლიტერატურას ბეჭდავდა, დასაქმებული 25 ადამიანი ახლა უმუშევარია.


“სტამბა გაჩერებულია. სტამბის თანამშრომლების რაოდენობა არის 25 და არიან უხელფასო შვებულებაში. “ინტელექტი” ალბათ გაძლებს ორი წელი, ინერციით. ჩვენ გვაქვს მხატვრული ლიტერატურა და ისინიც ხომ უნდა გავყიდოთ?!”– ამბობს კახმეგ კუდავა.

 

შეჩერებული პროექტები


კახმეგ კუდავა სექტემბრისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების გამოსაცემად ემზადებოდა. მისი თქმით, მან 100 ტონა ქაღალდი იყიდა, რომელზეც სახელმძღვანელოებს ვეღარ დაბეჭდავს. ამას გარდა, „ნობელიანტების“ სერიის გამოცემას გარკვეული დროით გადავადება ელის.


მან “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ 80 ტომი დაბეჭდილია, 10 ტომი გამზადებული აქვს, ხოლო დანარჩენი ათი  ტომის დასაბეჭდად ფინანსები ჯერ გამოყოფილი არ აქვს.


„წელს უნდა დაგვემთავრებინა “ნობელის პრემიის ლაურეატების” სერია. თუ [თანხა] მექნა, გავაგრძელებ, თუ არ მექნა, რა უნდა ვქნა?”– ამბობს კახმეგ კუდავა, “ინტელექტის” დირექტორი.


გამომცემლობა „დიოგენე“ „ვინი პუჰის“ ახალ თარგმანს ჯერჯერობით ვერ ბეჭდავს, რომელიც 16 ათასი დოლარი ღირს.


თამარ ლებანიძე საუბრობს იმაზე, რომ მხატვრული ლიტერატურიდან მომგებიანი მხოლოდ ბესტსელერებია. სხვა წიგნების გამოცემა, დიდი ფინანსების საჭიროების გარდა, დიდ რისკებთანაა დაკავშირებული:


„რომელიმე ავტორის ფოტოს გამოქვეყნების უფლებაც გვაქვს საყიდელი და მინიმუმ ასი დოლარი ჯდება ერთი ფოტოს გამოქვეყნება. იყო შემთხვევა, როცა 1,500 დოლარიც მოგვთხოვეს. ძალიან დიდ ხარჯებთანაა თანამედროვე ლიტერატურის გამოცემა დაკავშირებული.“


ლაშა ბერაიას მიერ სასკოლო სახელმძღვანელობის თავიდან გრიფირებისთვის და გადასამუშავებლად გაღებულ თანხას სარგებელი არ მოუტანია:


„ბევრი პროექტი პროცესშია, მაგრამ სამომავლო პროექტები შევამცირეთ მნიშვნელოვნად, სანამ გაირკვევა სიტუაცია. ეს გაირკვევა სექტემბერ–ოქტომბერში.”


ლაშას თქმით, წიგნის გაყიდვის პროცესი რამდენიმე წელი იწელება და თანხა, რომელსაც გამომცემელი „რისკიანი პროექტის“ დაფინანსებაზე ხარჯავდა, უკან სწრაფად არ უბრუნებდებოდა. სახელმძღვანელოებიდან შემოსული თანხა, მისი თქმით, „შიდა სესხი, მხარდაჭერა” იყო.


„დიოეგენეს“ და “ლოგოს პრესს“ ლონდონის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობაზე უარის თქმა მოუწიათ. მათი თქმით, წიგნის ბაზრობებზე გადმოსათარგმნ წიგნებს არჩევენ.


„საერთაშორისო წიგნის ბაზრობებში გამომცემლობის მონაწილეობა არის სრულიად აუცილებელი, რომ საერთაშორისო კონტაქტები განმტკიცდეს. ჩვენ კონტრაქტების უმრავლესობას ვათანხმებთ სწორედ საერთაშორისო ბაზრობებზე,“ – ამბობს თამარ ლებანიძე.


„მე მივდივარ წელიწადში მინიმუმ ორჯერ წიგნის ბაზრობებზე, სადაც ვხვდები ჩემს პარტნიორებს, რომლის წიგნებსაც ვარჩევ გამოსაცემად და მთავაზობენ ძალიან ბევრს. ჯამში, თითოეული ბაზრობიდან ჩამოსვლის მერე შეიძლება მქონდეს, ასე, ერთ ორმოცდაათ წიგნზე შემოთავაზება”,- აცხადებს ლაშა ბერაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი