2013 წლის 28 თებერვალს “ნეტგაზეთმა” წერილობით გამოითხოვა, ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობას, სს “საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიასა”, შპს “აჭარის ენერგო კომპანიასა” და მეორე მხრივ, “ენერგო პრო ეი.ეს”-სა და სს “ენერგო პრო ჯორჯიას” შორის 2007 წლის 5 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება “ჰიდროელექტროსადგურების და ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების აქტივების ნასყიდობის” თაობაზე.
“ხელშეკრულების 9.10.7 მუხლი ითვალისწინებს მხარეების შეთანხმებას “წინამდებარე ხელშეკრულების” საგანთან ან მის მიერ გათვალისწინებულ გარიგებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საზოგადო განცხადების შინაარსზე, დროსა და ფორმაზე, გარდა იმ განცხადებისა, რომელთა გაკეთებასაც შესაბამისი კანონმდებლობა მოსთხოვს რომელიმე “მხარეს” ან მის აფილირებულ პირებს,” – ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ჩვენთვის 5 მარტს გამოგზავნილ საპასუხო წერილში. აღნიშნული წერილი სააგენტომ გაუგზავნა სს “ენერგო პრო ჯორჯიას” და სთხოვა კომპანიას, ეცნობებინა მისი მოსაზრება მოთხოვნილი ხელშეკრულების საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის თაობაზე.
“ენერგო პრო ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა რადოსლავ დუდოლენსკიმ 6 მარტს წერილობით უპასუხა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელშიც ნათქვამია:
“2007 წლის 5 თებერვალს გაფორმებული ჰიდროელექტროსადგურების და ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულების 9.10.7 მუხლის შესაბამისად სს “ენერგო პრო ჯორჯია” არ არის თანახმა გაიცეს 2007 წლის 5 თებერვალს დადებული ჰიდროელექტროსადგურების და ელექტროენერგის გამანაწილებელი კომპანიების აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა”.
აღნიშნულ წერილზე დაყრდნობით, 12 მარტს “ნეტგაზეთის” წერილობით მოთხოვნას სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შემდეგი პასუხი გასცა:
“სს “ენერგო პრო ჯორჯია” არ არის თანახმა გაიცეს 2007 წლის 5 თებერვალს დადებული ჰიდროელექტროსადგურების” და ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა”.
“ნეტგაზეთმა” დღეს, 2 აპრილს, მოახერხა “ენერგო პრო ჯორჯიას” გენერალურ დირექტორთან რადოსლავ დუდოლენსკიმ დაკავშირება. ჩვენს შეკითხვაზე, თუ რატომ ასაიდუმლოებს კომპანია ნასყიდობის ხელშეკრულებას, დუდოლენსკიმ ასეთი პასუხი გასცა:
“ეს ხელშეკრულება გასაიდუმლობულია იმის გამო, რომ „ენერგო პროს“ ჩეხეთის სახელმწიფო ბანკი აფინანსებდა. მათ აქვთ სტანდარტული მოთხოვნა, რომ საპრივატიზაციო ხელშეკრულება კონფიდენციალური იყოს. ეს არის ერთგვარი პოლიტიკური დაზღვევა, ამიტომ ეს მოთხოვნა კონფიდენცილურობის შესახებ კონტრაქტში ჩაიწერა.”
დუდოლენსკის თქმით, საპროვატიზაციო კონტრაქტს ახალმა ხელისუფლებამაც გადახედა, “მაგრამ იქ ისეთი ვერაფერი ვერ იპოვა”:
“ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებებს და ანგარიშს ვუგზავნით ეკონომიკის სამინისტროს”, – ამბობს “ენერგო პრო ჯორჯიას” გენერალური დირექტორი “ნეტგაზეთთან” საუბარში.
ხელშეკრულების გარეშე შეუძლებელია იმის დადგენა, რა ვალდებულებები აქვს “ენერგო პრო ჯორჯიას” და ასრულებს თუ არა კომპანია მათ პირნათლად.
რა პირობით მიყიდა საქართველოს მთავრობამ ორი სადისტრიბუციო კომპანია და 6 ჰესი “ენერგო პროს” 2007 წელს 312 მილონის ნაცვლად 132 მილიონ დოლარად, უცნობია.
ერთადერთი ცნობა, რაც საპრივატიზაციო პირობების შესახებ ცნობილია, ის არის, რაც მაშინდელმა პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა განუცხადა მედიას 2007 წლის იანვრის ბოლოს. მისი თქმით, მთლიანი პაკეტის ღირებულება, საბოლოო ჯამში, 427 მილიონი დოლარი იყო: აქედან 132 მილიონი დოლარი ბიუჯეტში უნდა გადაეხადა “ენერგო პროს”, 120 მილიონი დოლარი ახალი ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად უნდა ჩაედო, დანარჩენი 175 მილიონი დოლარი კი – სადისტრიბუციო და გენერაციის ობიექტების რეაბილიტაციისათვის.
დუდოლენსკი უარყოფს, რომ კომპანიას ახალი ჰესის მშენებლობისთვის 120 მილიონი დოლარი უნდა ჩაედო საქართველოში:
“ჩვენ საპრივატიზაციო კონტრაქტში არ გვქონდა ჰესის აშენების ვალდებულება. როგორც „თელასს“ აქვს ტარიფში ჰესის აშენების კომპონენტი, ჩვენს კონტრაქტში მსგავსი არაფერია.”
დუდოლენსკის თქმით, ცალკე მემორანდუმი აქვს კომპანიას გაფორმებული ჰესის საკითხზე, თუმცა კომპანიამ ამ ვალდებულების შესრულებაზე უარი თქვა:
“რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურს, აქ გვქონდა ცალკე მემორანდუმი, მაგრამ ამაზე უარი ვთქვით. არ ვაშენებთ. დაგვჭირდა ჩვენს მფლობელობაში არსებული 14 ჰიდროსადგურის რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის შემდეგ წარმოება 35 მეგავატით გაიზრდება. ჩვენი მიზანია მოვახდინოთ მფლობელობაში არსებული ჰესების რეაბილიტაცია, ვიდრე განვახორციელოთ ინვესტიცია ახალ სადგურში. როცა ეს ყველაფერი დასტაბილურდება, უკვე ვიფიქრებთ ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე. ჩვენ გვაქვს დიდი ჰიდროელექტროსადგურები აქ და დაგვჭირდა მეტი ინვესტიცია, ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ ქსელში მდგომარება არასახარბიელოა. 2007 წლიდან ყველა ჩვენი ფინანსური რესურსი მივმართეთ ქსელის რეაბილიტაციაზე.”
“ენერგო პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის როგორც დისტრიბუციაში, ისე გენერაციაში, 240 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა კომპანიამ.
გასაიდუმლოებულია კიდევ ერთი დოკუმენტი – მემორანდუმი, რომელიც საქართველოს ახალმა მთავრობამ გასული წლის ბოლოს გააფორმა “ენერგო პრო ჯორჯიასთან” და რომლის საფუძველზეც სამთვიანი ვადით შემცირდა ელექტროენერგიის ტარიფები აბონენტებისთვის. ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის განცხადებით, ეს ვადა გახანგრძლივდა ორი თვით, თუმცა რის ხარჯზე ხდება ტარიფების შემცირება, შესაბამის დოკუმენტს მთავრობა ასევე არ ასაჯაროებს.
რამდენიმე კვირის წინ “ენერგო პრო ჯორჯიაში” “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ტარიფების შემცირება კაპიტალდაბანდებების ხარჯზე მოახერხეს. შეკითხვაზე, თუ როგორ აისახება ეს კომპანიის მიერ განსახორციელებელ ინვესტიციებსა და გამრიცხველიანების პროცესზე, რომელიც 2017 წელს უნდა დასრულდეს, რადოსლავ დუდოლენსკი პასუხობს:
“ეს კომპლექსური საკითხია. ტარიფი შემცირდა იმის გამო, რომ მოვახდინეთ ფინანსური რესურსების რესტრუქტურიზაცია. 2007–2008 წლებში ჩვენ ხარჯებს ვახორციელებდით გაწერილი გეგმის მიხედვით. იქ ნახტომები არ გვაქვს. ინვესტიციები გაგრძელდება. ელექტროსადგურების რეაბილიტაციაზე 2013 წელს დაიხარჯება 8 მილიონი ლარი. რაც დავგეგმეთ 2007– 2008 წლებში, ჩვენ ვაგრძელებთ. 2013 წელს, ჯამში, ვგეგმავთ 30–35 მილიონი ლარის ინვესტირებას, რაც მანამდეც იყო დაგეგმილი.”
“ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიით ამარაგებს აჭარის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის რეგიონებში 971 000 აბონენტს. ამასთანავე, კომპანია საქართველოში 15-მდე ჰესის მფლობელია, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 470 მეგავატამდეა.
კომპანია, რომელიც 2006 წლის 31 ივლისს 100 ათასლარიანი საწესდებო კაპიტალით დარეგისტრირდა, დღეს საქართველოს ენერგოდისტრიბუციის ბაზრის 61%-ის და ელექტროენერგიის გენერეციის ბაზრის 17%-ის მფლობელია.
“ენერგო პრო ჯორჯია” ჩეხური Energo Pro a.s.-ის შვილობილი კომპანიაა. ჩეხური კომპანიისთვის საქართველო რიგით მეორე ქვეყანაა ბულგარეთის შემდეგ, სადაც მან საზღვარგარეთ ექსპანსიის პოლიტიკის ფარგლებში დაიწყო საქმიანობა, “ჩეხეთის ექსპორტ ბანკის” ფინანსური მხარდაჭერით.
“ენერგო პროს” საქმიანობის შესახებ “ნეტგაზეთის” მასალა ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
