ეკონომიკა

აჭარაში ჰესების კასკადს ნორვეგიულთან ერთად ინდური კომპანია ააშენებს

20 თებერვალი, 2013 •
აჭარაში ჰესების კასკადს ნორვეგიულთან ერთად ინდური კომპანია ააშენებს

დღევანდელ შეხვედრაზე, “ტატა ჯგუფის” ხელმძღვანელის გარდა, მონაწილეობდა ნორვეგიული კომპანიის Clean Energy Invest-ის წარმომადგენელი, რომელთანაც ჯერ კიდევ საქართველოს წინა მთავრობამ გააფორმა მემორანდუმი მდინარე აჭარისწყლის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის და ოპერირების პროექტის განხორციელებაზე.

 

როგორც ირკვევა, აჭარაში ჰესების კასკადის პროექტს, რომლის ღირებულება 700 მილიონამდე აშშ დოლარია, “ტატა ჯგუფთან” ერთად ნორვეგიული კომპანია განახორციელებს. კასკადის შემადგენლობაში იქნება – შუახევი ჰესი, კორომხეთი ჰესი, ხერთვისი ჰესი და სხალთა ჰესი.

 

“მოლაპარაკებებს აწარმოებენ ნორვეგიულ კომპანიასთან, რომელსაც აჭარისწყლებზე აქვთ ოთხი ჰიდროელექტროსადგურის აშენების მემორანდუმი გაფორმებული საქართველოსთან და “ტატა ჯგუფს” აქვს ინტერესი, გახდეს ამ კომპანიის მეწილე, ასე ვთქვათ, ერთად ააშენონ ეს ჰიდროელექტროსადგურები, რომლის საერთო ინვესტიცია 700 მილიონს შეადგენს”, – აცხადებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

 

“ეს ყველა დიდი ინვესტიციაა, რომელიც განხორციელებულა საქართველოში ერთი კომპანიის მიერ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა “ტატა ჯგუფის” დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ. მისივე თქმით, 2016 წლის 4 აპრილისთვის არის ჩანიშნული გრაფიკში პირველი ობიექტის გახსნა ამ ინვესტიციის ფარგლებში.

 

“დარმწუნებული ვარ, მანამდე ეს ჯგუფი საქართველოში კიდევ სხვა ინტერესს ნახავს, რამეთუ ჩვენ შევუქმნით მათ იდეალურ პირობებს კაპიტალის დასაცავად”, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

 

„ტატა ჯგუფი“ მსოფლიოს 50 წამყვან კორპორაციათა სიაში შედის, მას მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. იგი მოიცავს 114  კომპანიას, რომლებიც ბიზნესის 8 სექტორის მიმართულებით მუშაობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი