ეკონომიკა

რა ღირს ბინის დაქირავება თბილისში

1 თებერვალი, 2013 • • 5949
რა ღირს ბინის დაქირავება თბილისში

ბინის გაქირავების სეგმენტში უძრავი ქონების საგენტოები აქტიურად მუშაობენ. სასურველი ბინის მოძებნა, როგორც აგენტების, ისე  ონლაინ და ბეჭდური განცხადებებით არის შესაძლებელი.

 

„ერდო ჯგუფის“ აგენტი ლაშა მაისურაძე ამბობს, რომ გაქირავების სეგმენტში თბილისის ცენტრალურ უბნებზე მუშაობა უფრო მომგებიანია:

 

“ქირას რაც შეეხება, ძირითადად, ცენტრალურ უბნებზე – საბურთალოზე, ვაკეში, აღმაშენებელზე, ვერაზე და რუსთაველზე ვმუშაობთ”.

 

მაისურაძის ინფორმაციით, ცენტრალური უბნებიდან გაქირავების სეგმენტში ყველაზე მოთხოვნადი ვაკეა:

 

„უცხოელები, ძირითადად, ქირით ბინებს ვაკის მიმდებარე ტერიტორიაზე ითხოვენ. კარგად ქირავდება ოროთახიანი ბინები ავეჯით, გათბობით, ტელეფონით და ინტერნეტით. კეთილმოწყობილი ბინების ქირა უცხოელებისთვის 700–800 დოლარია. ზოგჯერ გაქირავების ფასი 1000 დოლარსაც აღწევს.“

 

უძრავი ქონების აგენტების შეფასებით, ბინის გაქირავების ტარიფი ყველაზე მაღალი ვაკეშია. აგენტები ამბობენ, რომ ვაკის შემდეგ ყველაზე მოთხოვნადია აღმაშენებელის გამზირი. ამ უბანში, ახალ კორპუსებში და რესტავრირებულ სახლებში ბინის ქირა ვაკის ფასებს უტოლდება.

 

„აღმაშენებელზე, ძირითადად, პრესტიჟულ ბინებს თურქეთის მოქალაქეები ქირაობენ, რადგან მათ ბიზნესი და ოფისები, ძირითადად, ამ ქუჩაზე აქვთ. ვაკე  უცხოელების მოთხოვნას გაქირავების ბაზარზე აკმაყოფილებს. მოთხოვნა სტაბილურდება მიწოდებით. ფასებს ცენტრალურ უბნებში მიწოდება არეგულირებს. ბინის გაყიდვების ბაზარი გაჩერდა, თუმცა გაქირავების ბაზრის დინამიკა არ შემცირებულა,“ – ამბობს „ერდო ჯგუფის“ ბინების გაქირავების აგენტი.   

 

უძრავი ქონების აგენტების ინფორმაციით, საბურთალოზე, ძირითადად, ერთოთახიანი ბინები ქირავდება. ბინებს, ძირითადად, ინდოეთის, პაკისტანის და ეგვიპტის მოქალაქეები ქირაობენ. ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს, ძირითადად, ვაკე იზიდავთ.

 

აგენტების შეფასებით, გაქირავების ფასები ვაკესა და საბურთალოს შორის განსხვავდება. ამ უბანში ფასები უფრო დაბალია. საბურთალოზე ერთოთახიანი კეთილმოწყობილი ბინის გაქირავების ფასი 250–300 დოლარია.

 

„საბურთალოზე ბინები ნორმალურ მდგომარეობაშია. აქ გასაქირავებელ ბინებში  ევრორემონტი არ არის გაკეთებული. მოთხოვნა ძირითადად სუფთა ბინებზეა,“ – ამბობს მაისურაძე.  

 

უძრავი  ქონების სააგენტო „რენტელსი“ ბინების გაქირავების სეგმენტში VIP-კლიენტურას ემსახურება.

 

„ჩვენი კლიენტურა არის შეზღუდული, შესაბამისად, ბიუჯეტიც არის მაღალი. ჩვენ ვემსახურებით დიპლომატიურ კორპუსს და, შესაბამისად, ბინის გაქირავების  ფასებიც 1 000 დოლარიდან იწყება,“ – ამბობს „რენტელსის“ ადმინისტრატორი.

 

მისი თქმით,  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ბინებს, ძირითადად, ვაკე, ვერა, სოლოლაკში ქირაობენ. მოთხოვნაა საკუთარი ბინებზე  და კორპუსის ევრორემონტიან ბინებზე. გაქირავების ფასი 1000–2500 დოლარია.  

 

Makler.ge-ის აგენტი გიორგი ჩუბინიძე ამბობს, რომ რაც უფრო პრესტიჟულია კორპუსი, მით უფრო ძვირია ქირის ფასი: სოლოლაკშიც და ვერაზეც ახალაშენებულ კორპუსებში ბინების ქირა 500–1000 დოლარია. პრესტიჟულ უბნებში, სოლოლაკში და ვერაზე ბინებს ირანის და ეგვიპტის მოქალაქეები ქირაობენ. ისინი, ძირითადად, თვეში 500–დან 1000 დოლარს იხდიან.

 

უძრავი ქონების სააგენტო „მადალინა“ ახმეტელის მეტროსთან მდებარეობს. სააგენტო, ძირითადად, გლდანი–ნაძალადევის რაიონზე მუშაობს. „მადალინას“ ადმინისტრატორის განმარტებით, გლდანი–ნაძალადევის რაიონში ბინის ქირის ფასს მისი ხარისხი და მდებარეობა განსაზღვრავს:

 

„გლდანი-ნაძალადევში ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, რომელი მიკრორაიონია, რა პროექტია. კორპუსებში ბინის გაქირავების ფასი 300 ლარიდან იწყება.“

 

„მადალინას“ მენეჯერი ამბობს, რომ ბინის გაქირავების ფასი გაიზარდა. გლდანში ბინებზე მოთხოვნა მაღალია, თუმცა უცხოელები ნაკლებად ინტერესდებიან. ბინებს, ძირითადად, ადგილობრივები ქირაობენ.

 

უძრავი ქონების სააგენტო „სერვისი“ გაქირავების ბაზარზე ისანი-სამგორის რაიონში საქმიანობს. „სერვისის“ მაკლერი ნინო სირბილაძე ამბობს, რომ მოთხოვნა ბინების გაქირავების სეგმენტში საკმაოდ მაღალია.

 

„გაქირავების ფასები გაიზარდა და 300 ლარს უდრის. ამაზე დაბალ ფასში კორპუსში ბინას ვერ იქირავებ. ისეთი რაიონია, ბევრი სავაჭრო ობიექტი მდებარეობს და მოთხოვნა მზარდია.“    

 

ბინების გაქირავების სეგმენტში არის კიდევ ახალი პროდუქტი, სამ ან ოროთახიან ბინაში ქირავდება ერთი ოთახი დიასახლისთან ერთად. ამ სერვისით ბინების გაქირავების ფასი, ძირითადად, 200 ლარია და მისი მომხმარებლები სტუდენტები არიან.

 

გაქირავების სეგმენტში ასევე მოთხოვნადია კერძო ბინები. კერძო, ეზოიანი სახლის გაქირავების ფასი 450 ლარია. გარეუბნებში ასევე ქირავდება პატარა სტუდიო- ბინები 350 ლარად.

 

ქალაქის გარეუბნებში, იტალიურ ეზოებში ქირავდება ერთოთახიანი ბინები, სადაც სველი წერტილები ეზოშია, რემონტი ძველია და არ არის ავეჯი. აქ ბინის ქირის ყოველთვიური ფასი 100–150 ლარია.

 

უძრავი ქონების აგენტების შეფასებით, საკმაოდ კარგად მუშაობს ბინების ერთი დღით გაქირავების სერვისი. ბინების ფასი ერთი დღით, გარეუბნებში და ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე 35–50 ლარია, ცენტრალურ უბნებში კი – 35–70 დოლარი.   

მასალების გადაბეჭდვის წესი