სამინისტროს ცნობით, საქართველოს ხელისუფლებასა და კომპანია GR-ENERGY LIMITED-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ამ კომპანიას 18 თვის განმავლობაში 32 პოტენციური ჰესის პროექტზე წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევები უნდა ჩაეტარებინა.
“კომპანია GR-ENERGY LIMITED-მა 23 პროექტის განხორციელებაზე უარი განაცხადა და მხოლოდ 9 ჰესის მშენებლობის დამატებით შესწავლაზე გამოთქვა მზადყოფნა. აქედან, კომპანია ყაზბეგის რაიონში ერთ ჰესს ააშენებს”, – აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.
ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორის ან ცალკეული დაინტერესებული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჰესების რაოდენობასა და მათი მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.
დღეს ასოციაცია “მწვანე ალტერნატივამ” წარმოადგინა ახალი კვლევა – „ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმებისა და შეთანხმებების სამართლებრივი ანალიზი“.
“საქართველოს მთავრობა აწარმოებს ინტენსიურ კამპანიას ჰიდროენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების მოსაზიდად. ამჟამად დადებულია 20-ზე მეტი ურთიერთგაგების მემორანდუმი ან/და ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და ქართულ ან უცხოურ კომპანიებს (კონსორციუმებს) შორის მცირე, საშუალო და დიდი ჰესების მშენებლობის პროექტებზე; ჰესების ნაწილის მშენებლობა უკვე
დაწყებულია, ნაწილი კი დაგეგმვის ეტაპზეა”, – ნათქვამია კვლევის ანალიზში.
კვლევის ანალიზის შედეგად ასოციაცია ასკვნის, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე პროექტების განხორციელების შედეგად, საქართველოს ბიუჯეტი უშუალო და პირდაპირ ეკონომიკურ სარგებელს კონკრეტული მოგების სახით არ მიიღებს, თუმცა ამ ენერგოპროექტებიდან გარკვეული არაპირდაპირი (ძირითადად, ეკონომიკური ხასიათის) სარგებელი საქართველოს, სავარაუდოდ, მაინც ექნება.
კვლევის ანალიზში სხვა საკითხებზეცაა საუბარი, თუ რა ტიპის სარგებელი ან ზიანი შეიძლება მოიტანოს ამ ენერგოპროექტების განხორციელებამ საქართველოში. მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ დიდია ალბათობა, ამ ენერგოპროექტების განხორციელებას მოჰყვეს ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით, მიწის საკუთრებისა და სარგებლობის უფლებების დარღვევები.
“საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული მემორანდუმებისა და შეთანხმებების საფუძველზე განსახორციელებელი ენერგოპროექტები ნებისმიერ შემთხვევაში გავლენას იქონიებს ქვეყნის ბუნებრივ, სოციალურ და კულტურულ გარემოზე. განხორციელებულმა პროექტებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეუქმნან ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს მრავალ რეგიონში. პროექტების საჭიროებისთვის შესაძლოა მოხდეს გარკვეული ოდენობის მიწის ნაკვეთების ექსპროპრიაცია; შემცირდეს ტყის, ტრადიციული საძოვრების და სასოფლო-სამეურნეო მიწების რაოდენობა, რაც ნეგატიურად აისახება ადგილობრივი თემების სოციალურ მდგომარეობაზე. აღნიშნული რისკების შემცირების მიზნით შესაბამის კომპანიებთან გაფორმებულ მემორანდუმებში მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების სათანადოდ გათვალისწინებას”, – ნათქვამია კვლევის ანალიზში, რომელიც “მწვანე ალტერნატივამ” მოამზადა.