ეკონომიკა

რატომ შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში

12 დეკემბერი, 2012 • • 2315
რატომ შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში

სამი კვარტლის მონაცემებით, 2012 წელს ქვეყანაში 684 მილიონი დოლარი შემოვიდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2010 წლის სამ კვარტალში ქვეყანაში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. მესამე კვარტალში შემოსული კაპიტალის მოცულობამ 226 მილიონი აშშ დოლარი შედგინა. 2011 წლის 3 კვარტლის მონაცემებით, ინვესტიცების მოცულობა 775 მილიონი დოლარი იყო. მესამე კვარტალში – 317 მილიონი დოლარი.

რამ განაპირობა ინვესტიციების კლება და როდის დასრულდება საინვესტიცო პაუზა?

„ახალი ეკონომიკური სკოლის“ ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე ინვესტიციების მოცულობის ვარდნას ქვეყანაში მთავრობის შეცვლას და წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს უკავშირებს:  

„ინვესტიციებზე მოქმედებს მთავრობის მიდგომა. წინასაარჩევნოდ გაცემული ყველა დაპირების გადახედვა მოხდა. გადასახადები არ მცირდება, ახალი ვალდებულებებია აღებული, ბიუჯეტი ბუნდოვანია. აღმოჩნდა, რომ ბევრი ხარვეზი იყო წარსულში, წარმატებული ქვეყნის იმიჯი დაინგრა. კომპლექსში გვაქვს სურათი, რომ ცუდი იყო წარსული, გაუგებარია მომავალი, არ ჩანს ფიგურა, რომელიც ამას გამოასწორებს. ეკონომიკის 7- პროცენტიანი ზრდის და 8- მილიარდიანი ბიუჯეტის შესრულების პერსპექტივა არ არის. ბიუჯეტი იზრდება და ვალების აღება გრძელდება. ქონების გადანაწილება მიმდინარეობს. “

პაატა შეშელიძის პროგნოზით, 2013 წელს შესაძლოა ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდეს: 

„მთავრობამ აიღო აქცენტი სამართლიანობის აღდგენაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი პრიორიტეტი ეკონომიკა კი არ არის, არამედ ადამიანების გასამართლება. ამან დაძაბა მდგომარეობა. კეთდება მწვავე პოლიტიკური შეფასებები. მთავრობის ქმედება  გასაგები და მისაღები ყოველთვის არ არის. პოლიტიუკურად საერთაშორისო იმიჯს სხვა მოსაზრება აყალიბებს.“  

შეშელიძის პროგნოზით, საინვესტიციო პაუზა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ეს პროცესები არ იქნება დასრულებული: „მთავრობის აქცენტები არის  შესაცვლელი. ხელისუფლებას არ აქვს სახე. დილას განცხადებებს აკეთებენ და საღამოს უარყოფენ. არ არის  გამოკვეთილი მიდგომა, მთავრობაში კომპასი არ აქვთ“.  

„ილიაუნის“ ლექტორი, ექსპერტი  ირაკლი ლექვინაძე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს:  

„წინასაარჩევნო პერიოდის ბოლო ერთი თვე განსაკუთრებული სიმწვავით და პოლიტიკური ოპონირებით გამოირჩეოდა. არავის არ ეცალა ეკონომიკისთვის და ბიზნესს  ჰქონდა გარკვეული შიშები და მოვლენების ესკალაციის მოლოდინი. ეს არჩენების შემდეგაც გრძელდება. გარდამავალი პერიოდია და ბიზნესს ინვესტირებისათვის უფრო მეტი სიცხადე სჭირდება.“   

რაც შეეხება 2013 წლის პროგნოზს, ლექვინაძის შეფასებით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი კომუნიკაცია ექნება ხელისუფლებას ბიზნესთან: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს საგადასახადო ტვირთის დამძიმება. დღეს პრობიზნესური რიტორიკა არ არის და აქცენტი სოციალურ თემებზე კეთდება.“

სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის დარგებზე ასე გადანაწილდა: შემოსული კაპიტალის 24 პროცენტი საფინანსო სექტორში განთავსდა, 21 პროცენტი- ენერგეტიკის სექტორში, 17 პროცენტი- ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში, 14 პროცენტი- გადამამუშავებელ მრეწველობაში, 5 პროცენტი- მშენებლობაში, 4 პროცენტი- სოფლის მეურნეობაში.

ლექვინაძის შეფასებით, პირდაპირ ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს:

„ჩვენ შიდა რესურსი პრაქტიკულად არ გვაქვს. მოსახლეობას დანაზოგების დაბალი მაჩვენებელი აქვს, ხოლო დიდი ნაწილი ვალდებულებებშია და ბანკებზეა დამოკიდებული. მთავარია, შეიქმნას სივრცე და ინვესტორებისათვის მომგებიანი და კომერციულად გამართული პირობები. ინვესტორები უფრო იაფი დანახარჯებით რეგიონალურ ბაზრებზე გასვლით უნდა დავაინტერესოთ. თუ ჩვენ აქ მოსულ ინვესტორს არ მივეცით იმის პირობა, რომ ის რეგიონალურ ბაზარზე იმუშავებს, მაშინ საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა რთული იქნება, რადგან შიდა ბაზარი მწირია. თუ რუსეთის ბაზარი გაიხსნება, ეს იქნება დამატებითი შანსი ბიზნესისთვის და ეკონომიკური აქტივობების გაიზრდება.“ 

2012 წლის მესამე კვარტალში საქართველოდან უცხოეთის 19 ქვეყანაში 60 მლნ. აშშ დოლარის კაპიტალი გავიდა. ყველაზე მეტი კაპიტალის გადინება ჩეხეთში მოხდა – 38,323 მლნ. აშშ დოლარი.  შემდეგ მოდის საუდის არაბეთი – 6 მლნ. აშშ დოლარი, შვედეთი – 5,050 მლნ. აშშ დოლარი, შვეიცარია – 3,357 მლნ. აზერბაიჯანი – 2,229 მლნ. უკრაინა – 1,803 მლნ. ნორვეგია – 1,020 მლნ.

კაპიტალის გადინება დაფიქსირდა ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის: სენტკიტს-ნევისი – 724 ათასი, ყაზახეთი – 453 ათასი, იორდანია – 359 ათასი, ლიტვა – 216 ათასი აშშ დოლარი.

2012 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან 117 მლნ. აშშ დოლარი, 2012 წლის მეორე კვარტალში კი 23 მლნ. აშშ დოლარი გავიდა.

ექსპერტების შეფასებით, ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი იმ ფონზე, როცა ფულადი გზავნილების კუთხით ქვეყანაში 120 მილიონი დოლარი შემოვიდა.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ქვეყანაში მოქმედმა  უცხოურმა ბიზნესებმა დივიდენდები ქვეყნის გარეთ გაიტანეს. 

სოსო არჩვაძე ინვესტიციების შემცირებას არჩევნებს და მსოფლიო საფინანასო ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციას უკავშირებს: „არჩევნები ერთ–ერთი გარემოებაა, მაგრამ არა ერთადერთი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთელ მსოფლიოში არის რეცესია და ეკონომიკური ზრდის ტემპები დაეცა. ბიზნესის დაინტერესება ინვესტიციების შემოტანის კუთხით გართულდა.“ 

სოსო არჩვაძის შეფასებით, საქართველოს ბაზარი არც ისეთი დიდია, რომ რესურსების მობილიზაცია მოახდინოს:

„საქართველო გამოყენებული იქნას როგორც პლაცდარმი მსოფლიო ბაზარზე გასვლისათვის. თუ ამის შანსი არ არის, მაშინ ქვეყანაში კაპიტალის განთავსების მოტივაცია კლებულობს. მარტო არჩევნებით ნუ ავხსნით ამ გარემოებას, ეს მთელ მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენებით არის განპირობებული.“

 უცხოური ინვესტიცების გარდა, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ექსპერტი შიდა რესურსებშიც ხედავს:

„მეტისმეტი ასოცირება არ უნდა გაკეთდეს ინვესტიციებზე. ინვესტიციები არ არის ის პანაცეა, რამაც რადიკალურად უნდა შეცვალოს მდგომარეობა. გვაქვს სხვა რესურსები, რისი რაციონალურად გამოყენებაც შეიძლება. როცა გარე რესურსი კლებულობს, მაშინ უნდა გავაკეთოთ აქცენტი შიდა რესურსების გამოყენებაზე. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში 2012 წელს მოგების გადასახადის სახით ბიუჯეტში მობილიზებული იქნება 900 მილიონი ლარი. მაგრამ ჩვენთვის მოგების გადასახადი არის 15 პროცენტი და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკა 6 მილიარდი ლარის მოგებას მიიღებს. მთავარია, ეს სახსრები რაციონალურად იყოს გამოყენებული. მეწარმეს, ბიზნესს უნდა გაუჩნდეს ინიციატივა, რომ ეს მოგება გამოიყენოს რეინვესტირებისათვის. შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, მოახდინოს წარმოების დივერსიფიცირება და გაზარდოს თავისი მონაწილეობა ბაზარზე.“

მასალების გადაბეჭდვის წესი