ეკონომიკა

ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულება შესაძლოა ვილნიუსის სამიტზე გაფორმდეს

4 დეკემბერი, 2012 • • 1179
ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულება შესაძლოა ვილნიუსის სამიტზე გაფორმდეს

„მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გასულ კვირას ბრიუსელში გაიმართა. საკმაოდ ინტენსიური პროცესია და დინამიკურად მიმდინარეობს. ძალიან კარგი ატმოსფეროა მოლაპარაკებების დროს. ხელშეკრულების სხვადასხვა თავების განხილვა პარალელურ რეჟიმში მიდის. ასევე არის საუბარი ტარიფების შესახებ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ პროდუქტებით ვაჭრობის თემაზე. ზუსტი დროის თქმა, როდის დასრულდება მოლაპარაკება, რთულია, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს იქნება 2013 წლის ბოლოსთვის დასრულებული. არ არის გამორიცხული, რომ ვილინიუსის სამიტისთვის ხელშეკრულების დეტალებზე საუბარი დასრულებული იყოს,“ – ამბობს ვირჯინია კოსული.

 

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის მოთხოვნებს ითვალისწინებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში:  

 

„საკმაოდ პროგრესი შეინიშნება და წინ გადადგმული ნაბიჯები აშკარაა. ქართულ მხარეს აქვს მოლაპარაკებები ევროკავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებით. კონკურენციის პოლიტიკა ერთ–ერთი პრიორიტეტია ამ ხელისუფლების ფარგლებში. კონკურენციის კანონის გადახედვა მიმდინარეობს და მოხდება ცვლილებები. არის საუბარი იმაზეც, რომ შეიქმნას ძალიან ძლიერი კონკურენციის სააგენტო, რომელსაც ჩვენც მივესალმებით და მხარს დავუჭერთ. მოლაპარაკება, ეს არის ხანგრძლივი პროცესი და გვესმის, რომ ამას გარკვეული ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რომ მზაობა იქნება ხელისუფლების მხრიდან და ამას მივესალმებით.“

 

ვირჯინია კოსულის ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა ბრიუსელში საქართველოს დელეგაციასთან სავაჭრო ხელშეკრულების თემაზე 2013 წლის იანვარში გაიმართება.

 

საქართველო–ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს ხელმძღვანელის კოტე ზალდასტანიშვილის განცხადებით, ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება ძალიან  მნიშვნელოვანი შეთანხმებაა ევროკავშირთან:

 

„ჩვენ ვსარგებლობთ GSP+ ით, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტირებულ 7 200 დასახელების პროდუქტს ათავისუფლებს იმპორტის გადასახადისაგან. თუმცა ამან ის ეფექტი არ მოიტანა, რასაც ველოდით. ევროკავშირთან ვაჭრობისას არის სატარიფო და არასატარიფო ბარიერები. თუ GSP+ –მა მოგვიხსნა სატარიფო ბარიერები, ქართული პროდუქტი არასატარიფო ბარიერებამდე ვერც კი მივიდა. თუ პროდუქცია არ აკმაყოფილებს გარკვეულ სტანდარტებს, ნორმებს, ის ეგრევე იკრძალება ევროკავშირის ბაზარზე და, ბუნებრივია, ვერ იყენებს იმ შეღავათს, რაც გათვალისწინებულია GSP+ –ით. სწორედ ამ არასატარიფო ბარიერების დაძლევაში დაგვეხმარება თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნა ევროკავშირთან.“

 

კოტე ზალდასტანიშვილის შეფასებით, ეს საკმაოდ რთული შეთანხმებაა:  

 

„საჭირო იქნება დიდი ძალისხმევა, როგორც ხელისუფლების, ისე კერძო სექტორის მხრიდან. მეწარმეებს ამ შეთანხმებით ექნებათ ევროკავშირის ბაზარზე  შეღწევის შესაძლებლობა. ამავე დროს მეწარმემ უნდა იცოდეს, რომ მას გარკვეული რეფორმების გატარება დასჭირდება წარმოებაში. პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს, რაც დამატებით ინვესტიციებთან არის დაკავშირებული. ამ შეთანხმების დადება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე მარტივად დამკვიდრდება. ამის შემდეგ იწყება მთავარი ეტაპი, კონკურენცია. პროდუქცია უნდა იყოს ხარისხიანი, შესაბამისი ფასით უნდა შევიდეს ბაზარზე. “

 

გორის საკონსერვო ქარხანა ბრენდ „კულას“ ქვეშ ხილისა და ბოსტნეულის წვენებს და კონსერვებს აწარმოებს. კომპანიის მარკეტინგის დირექტორი გაიანე ეგანიანი ამბობს, რომ „კულას“ ბრენდი ევროკავშირის ბაზარზე, კერძოდ, პოლონეთში და ჩეხეთში უპრობლემოდ გავიდა:

 

„ახლა დავდეთ ხელშეკრულება ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანიასთან, რომელსაც პროდუქცია გააქვს ევროკავშირის ქვეყნებში. ბარიერი არ გვქონია. თუმცა პროდუქციის უფრო დიდი პარტიები გაგვაქვს დსთ–ს ბაზარზე: უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში ბელორუსში.“

 

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება.

 

ვირჯინია კოსულის განცხადებით, საქართველოს  სოფლის მეურნეობის სექტორი მოლაპარაკებების დროს პრიორიტეტული იქნება.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე ამბობს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო პერიოდში სამინისტრო აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში:

 

“დიდი იმედი გვაქვს, რომ 2013 წელს ვილნიუსის სამიტზე შევძლებთ და ხელს მოვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას საქართველოსთვის ევროკავშირთან. ევროკავშირის ბაზარი ჩვენი პროდუქციის რეალიზაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე უფრო საინტერესო და სტაბილური ბაზარია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექნება წამყვანი როლი ამ თვალსაზრისით, ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს. ერთი წლის განმავლობაში უნდა შევქმნათ საწარმოები და მეწარმეებისათვის მიშვნელოვანი იქნება ყველა იმ რეგულაციის ცოდნა და ყველა იმ წინაპირობის დაცვა, რომელსაც ევროკავსირის ბაზარი ითხოვს“.

  

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012 წლის იანვარ–ოქტომბერში ევროკავშირი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია. ევროკავშირის წილი იმპორტში 31 პროცენტია, 25 პროცენტი კი დსთ–ს ქვეყნებზე მოდის.

 

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან ექსპორტის 15 პროცენტი ევროკავშირის ბაზარზე მოდის, 52 პროცენტი კი – დსთ–ს ბაზარზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი