ეკონომიკა

როდის და როგორ ჩამოყალიბდება სოფლის მეურნეობის განვითარების მილიარდიანი ფონდი

26 ნოემბერი, 2012 • • 1578
როდის და როგორ ჩამოყალიბდება სოფლის მეურნეობის განვითარების მილიარდიანი ფონდი

“ზუსტი ვადების თქმა რთულია, როდის შეიქმნება და ამოქმედდება, თუმცა ფონდი იქნება უწყებათაშორისი. ეს იმდენად დიდი დატვირთვის მქონე სტრუქტურაა, რომ მას ეყოლება საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. ფონდის საბჭოში შევა ეკონომიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო. არ გამოვრიცხავ, თუ იქნება ჩართული გარემოს დაცვის სამინისტრო,“ – აცხადებს „ნეტგაზეთთან“ საუბარში სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე.  

 

კირვალიძის თქმით, ფონდი რეალურ ქმედებას 2013 წლიდან დაიწყებს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მისი სტრუქტურა დეკემბერში ან ახალი წლის დასაწყისში შეიქმნას:

 

„ფონდის მმართველი საბჭო იქნება მისი ზოგადი პრინციპების მმართველი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ფონდს უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი მენეჯმენტი. ის არ  შეიძლება იყოს სამინისტროს ნაწილი. ფონდი უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა იმოქმედოს სახელმწიფოს სტრატეგიის მიხედვით“.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ხდება სახნავ–სათესი სავარგულების რაოდენობის  დადგენა:

 

„მილიარდიანი ფონდი მოემსახურება სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებას. ძირითადი არის ხვნა–თესვა და დამატებითი ტექნიკის შემოყვანა. ამიტომ უნდა გაირკვეს, საკუთრებაში ვის რამდენი მიწა აქვს, რომ გადავიდეთ კონკრეტიკაზე, ეს შრომატევადი პროცესია.“

 

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის ერთმილიარდიანი ფონდის შექმნას სასოფლო–სამეურნეო მიწების კერძო საკუთრებაში რეგისტაციის პროცესი აფერხებს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის  ერთმილიარდიან ფონდთან დაკავშირებით კომენტარი 22 ნოემბერს „რედისონში“, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა:   

 

„საქართველოში მიწა პირად საკუთრებაში არ აქვს დარეგისტრირებული მოსახლეობის 80 პროცენტს. ყველაზე დიდი შეფერხება გვაქვს, რადგან  მიწები არ არის დარეგისტრირებული. გვინდა უპრეცედენტო საგაზაფხულო ხვნა–თესვის შექმნა. ამაზე ვმუშაობთ აქტიურად. იუსტიციის სამინისტროსთან ერთად სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს და ამ პროცესებს მივიყვანთ ბოლომდე. კონკრეტულად უნდა გაირკვეს, რა ფართობია. ამის გარეშე სხვა ქმედებებზე ვერ გადავდივართ“ .

 

ივანიშვილის განმარტებით, გაზაფხულზე საქართველოში უპრეცედენტო ხვნა–თესვა დაიწყება:

 

„საგაზააფხულოდ უკვე ვამზადებთ პროექტს, ამ ფონდიდან როგორ გავხარჯოთ თანხები. ვაპირებთ ახალი ტრაქტორებისა და მოტობლოკების შემოტანას, გაზაფხულამდე რომ მოხდეს დამატებითი ტექნიკის შემოტანა. ირიგაციის და დრენაჟის პროგრამები  შეჩერებული იყო. სარწყავი საშუალებები პრობლემაა ყველა რეგიონისთვის.“

 

“საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, ერთმილიარდიანი ფონდი დამოუკიდებლად  შეიქმნება:

 

„მას არ ექნება კავშირი საპარტნიორო ფონდთან  და სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციებს განახორციელებს. მიმაჩნია, რომ ეს არის უზარმაზარი სექტორი, სადაც ეფექტურად შეიძლება ინვესტიციების განთავსება. საქართველო სასოფლო–სამეურნეო აგრარული ტიპის ქვეყანაა. პრობლემები გვაქვს იმ კუთხით, რომ ქვეყნის მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტი ცხოვრობს სოფლად, ხოლო მათი მონაწილეობა მთლიან შიდა პროდუქტში 7–8 პროცენტს უახლოვდება“. 

 

რა ვადებში ჩამოყალიბდება სოფლის მეურნეობის ფონდი და ვის დაექევმდებარება, ამ საკითხზე ინფორმაციას არც ირაკლი კოვზანაძე ფლობს:

 

„ეს ფონდი ჩამოყალიბების პროცესშია. არ ვიცი, სტრუქტურა როგორი იქნება.  ვიცი მხოლოდ ის,  რომ დიდი სამუშაოები მიდის ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად.“

 

კოვზანაძის განმარტებით, „საპარტნიორო ფონდიდან“ ერთმილიარდიან ფონდში დაფინანსება არ მოხვდება:

 

„საპარტნიორო ფონდი მილიარდიანი ფონდისგან დამოუკიდებლად სოფლის მეურნეობის სექტორში მნიშვნელოვან ინვესტიციებს აკეთებს. ჩვენ გვაქვს „ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის კომპანია“, რომელსაც ვაფინანსებთ. ეს კომპანია უზრუნველყოფს ჩვენი მოსავლის გარკვეული კატეგორიის ექსპორტს. ეს არის ბოსტნეული, ხურმა და სხვადასხვა პროდუქცია, რომლის ექსპორტის ბაზრებიც არის დსთ–ს სივრცე და ევროპა. ამ მიმართულებით კარგად ვმუშაობთ.“ 

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფონდის ასამოქმედებლად საერთაშორისო პროექტების თანხებია მოზიდული:

 

„შვეიცარიის განვითარების სააგენტო 11 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 4- წლიანი პროექტის დაწყებას გეგმავს, რომელიც ქვემო ქართლის და სამცხე–ჯავახეთის რეგიონებში კარტოფილის და რძის პროდუქტების წარმოების განვითარებას უზრუნველყოფს.“ 

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ერთმილიარდინი ფონდის პრიორიტეტების შესახებ განმარტავენ, რომ „ფონდის ფარგლებში გათვალისწინებულია სოფლის მეურნეობაში გრძელვადიანი და შეღავათიანი კრედიტების გაცემის მექანიზმის შექმნა. დაგეგმილია მცირემიწიანი ფერმერების ხელშეწყობის პროგრამის მომზადება. სასოფლო–სამეურნეო კოპერაციის ხელშეწყობა, სოფლად ინფრასტრუქტურის განვითარება, ირიგაციის და დრენაჟის სისტემის მოწესრიგება. სოფლის მეურნეობაში ჩართული კომპანიებისა და ფერმერებისათვის შეღავათიანი კრედიტების უზრუნველყოფა, კომერციული სასოფლო–სამეურნეო პროექტებისათვის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის დაფინანსების უზრუნველყოფა, სასოფლო–სამეურნეო დაზღვევის მექანიზმების ხელშეწყობა“.

 

სოფლის მეურნეობის სექტორის ექსპერტი, აგრარიკოსი პაატა კოღუაშვილი ამბობს, რომ ერთმილარდიანი ფონდის პრიორიტეტებში ახალი არაფერია: 

 

„ეს პრიორიტეტები დიდი არის  დაწერილი და ცნობილი. ამ ყველაფერს სჭირდება სტრატეგიის შემუშავება. მთავრობამ სოფლის მეურნეობის ფონდის გარდა უნდა შექმნას ლიზინგის და სამეწარმეო მობილიზაციის ფონდი.“  

 

პაატა კოღუაშვილი მთავარ პრიორიტეტად აგროსექტორის დაკრედიტებას მიიჩნევს: „კრედიტები სჯობს გავცეთ ცივილურად. ამისთვის საჭიროა შეიქმნას სპეციალური აგროსაკრედიტო სისტემა. ეს არის კოპერაციული ტიპის სისტემა, რომლის მთავარი პრინციპია ურთიერთდახმარება და სოლიდარული პასუხისმგებლობა.“  

 

ექსპერტის თქმით, ეს იქნება არამომგებიანი საბანკო სისტემა, რომელიც 3–4 პროცენტად გასცემს სესხებს აგროსექტორისთვის:

 

„სექტორის გასავითარებლად გაიცემა გრძელადიანი 15-წლიანი სესხი და გადახდა დაიწყება 5 წლიდან. მიღებული მოგება დაბრუნდება საწესდებო კაპიტალში, რითაც აგროსაკრედიტო სისტემა განვითარდება და გაფართოვდება.“    

 

„ქართული ოცნება“ საზოგადოებას სოფლის მეურნეობის განვითარების ერთმილარდიანი ფონდის შექმნის შესახებ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაპირდა. 

 

2013 წლის ბიუჯეტის პროექტით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსების მოცულობა  218.9 მლნ ლარია. სამინისტროს ბიუჯეტი 2012 წელს 148.9 მლნ ლარი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი