ეკონომიკა

“თავისუფალი ტურისტული ზონა” – ახალი ინიციატივა ინვესტორებისთვის

23 მაისი, 2012 •
“თავისუფალი ტურისტული ზონა” – ახალი ინიციატივა ინვესტორებისთვის

საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვით ინვესტორს შეუძლია მიმართოს საქართველოს მთავრობას თხოვნით, რომ მიწას, რომელსაც ის ფლობს, “თავისუფალი ტურისტული ზონის” სტატუსი მიენიჭოს. თუკი მთავრობა ინვესტორის სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას, ინვესტორი 15 წლის განმავლობაში ქონებისა და მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება. რას ნიშნავს ხელისუფლების ახალი ინიციატივა და რის ხარჯზე აპირებს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებას.


საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის დროს, როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” საპარლამენტო მდივანი კახა ურიადმყოფელი ამბობს, კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა. “ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით ერთადერთი კითხვა დაისვა – სახელმწიფო შეუქმნის თუ არა მსგავს პირობებს ინვესტორებს?


ახალი კანონპროექტის მიხედვით, თუკი ინვესტორი მიიღებს “თავისუფალი ტურისტული ზონის” სტატუსს, სახელმწიფო ვალდებული იქნება, თავის თავზე აიღოს კერძო ქონებამდე მისასვლელი ინფრასტრუქტურის მოწყობა. იქნება ეს კომუნიკაციები თუ გზა. ამ შემთხვევაში სახელმწიფო დაფიქრდება, უღირს ინვესტორისთვის ამ სტატუსის მიცემა თუ არა. თუკი სახელმწიფოს უღირს, მაშინ ინვესტორი 15 წლის მანძილზე ქონებისა და მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება”, – ამბობს კახა ურიადმყოფელი. მისი განმარტებით, აქამდე თავისუფალ ტურისტულ ზონებს და ბიზნესშეღავათებს კანონი აწესრიგებდა. თუმცა ახალი კანონპროექტით არ არის დაკონკრეტებული, რა ქონების, რა რაოდენობის მიწის მფლობელს შეეძლება მოითხოვოს სახელმწიფოსგან განსაკუთრებული სტატუსი.      

 

“რამდენი უნდა იყოს შეძენილი მიწა ან ქონება, კანონპროექტში დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ ინვესტორმა მინიმუმ მილიონი ლარი უნდა დახარჯოს. ამ კანონის მიღების მიზანი ის არის, რომ ინვესტორმა მეტი ფული დახარჯოს”.  

 

შეუძლიათ თუ არა სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფოსგან “თავისუფალი ტურისტული ზონის” სტატუსის მოთხოვნა? ტერმინი “ინვესტორი” გულისხმობს პირს, რომელიც არის მეწარმე სუბიექტი, რომელიც აშენებს სასტუმროებს და ხელს უწყობს მის ფუნქციონირებას. აქედან გამომდინარე, სასტუმროების მფლობელებსაც შეუძლიათ მოითხოვონ სახელმწიფოსგან ახალი სტატუსი.   

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მარტო ქონების გადასახადით ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში 2010 წელს რვა მილიონი ლარია შესული, 2011 წელს კი, ათი მილიონი ლარი.  ამიტომ, რამდენად იქნება ახალი საკანონმდებლო ცვლილება სახელმწიფოსთვის მომგებიანი და რა სახსრებით შეივსება ბიუჯეტი, თუკი ინვესტორები ქონების და მოგების გადასახადისგან გათავისუფლდებიან? ეკონომიკის ექსპერტის დავით ნარმანიას აზრით, `ამ ცვლილებებს ვერ დავარქმევთ ეკონომიკურ პოლიტიკას. პოლიტიკას, როგორც წესი, სიმწყობრე უნდა ახასიათებდეს. ერთი ვექტორის მიმართულებით უნდა იყოს ძირითადი სვლა. საქართველოში კი ჯერ კანონი მიიღეს, შემდეგ კანონში თავები შეცვალეს, მერე ცალკეული ზონები გამოაცხადეს დასაშვებად. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ვერ ხედავს, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ცვლილებებმა. აქ მთავარი ორიენტირი,მაინც ხელისუფლების დაუძლეველი სურვილია, მიიღოს ინვესტიცია, რაც, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის. მაგრამ მხოლოდ ასეთი ფასადური ცვლილება ვერ შეცვლის ვითარებას, ბიზნესგარემოს ფუნდამენტური რეფორმა სჭირდება. კითხვას, როგორ უნდა შეივსოს ბიუჯეტი, პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს. ერთი მხრივ, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ინვესტორი მოიზიდოს, მაგრამ, მეორე მხრივ, საპირისპირო რამეს აკეთებს, ანუ არათანმიმდევრულ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე. ხელისუფლება ალბათ ადმინისტრირების გამკაცრებით აპირებს ბიუჯეტის შევსებას”.

 

საქართველოში ინვესტიციების 90 პროცენტი ოფშორიდან არის შემოსული. ამ ზონაში დარეგისტრირებული ბიზნესმენების ვინაობა და ფულის წარმომავლობა უცნობია. ოფშორული ზონებიდან შემოსული ბიზნესის მიმართ ეკონომისტების დამოკიდებულება სკეპტისტურია. მათ მიაჩნიათ, რომ შეიძლება ეს იყოს არალეგალურად მოპოვებული ფული, რომელსაც ბიზნესის სახით საქართველოში ათეთრებენ: “გამორიცხული არ არის, რომ ეს კანონი ოფშორიდან შემოსული ფულის სასარგებლოდ იყოს გათვლილი. სახელმწიფო ოფშორული ზონიდან შემოსულ კომპანიებს ერთ ლარად აძლევს ქონებას. ეს ფული შეიძლება არის არა უცხოური ინვესტიცია, არამედ რომელიმე მაღალჩინოსნის ფარული ბიზნესი. ახალი სტატუსის მინიჭების შემთხვევაში სწორედ ეს ჯგუფი მიიღებს დამატებით საგადასახადო შეღავათებს, ანუ ორმაგ მოგებას”.

ბათუმი
ბათუმი

მასალების გადაბეჭდვის წესი