ეკონომიკა

67.000 ოჯახი ქონების დაკარგვის მოლოდინში

8 მაისი, 2012 •
67.000 ოჯახი ქონების დაკარგვის მოლოდინში

აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა  რეესტრში 67 ათასი აქტიური პირი იძებნება. მოვალეთა რეესტრის ჩანაწერების სტატისტიკა  განუხრელად იზრდება. 2011  წლის ბოლოს  არსებული მაჩვენებელს ამჟამინდელი  7 ათასით აღემატება.

მოვალეთა ზრდის ფონზე სახელმწიფო ბიუჯეტში აღსრულების ეროვნული ბიუროს შენატანები იზრდება. 2011 წელს გადარიცხვის მოცულობა  110 მილიონამდე გაიზარდა, როცა 2008 წელს ეს მაჩვენებელი 10 მილიონს შედგენდა.

2010 წლის 1 იანვრიდან,  მოვალეთა ელექტრონული რეესტრის ამოქმედების შემდეგ, სულ 123 ათასი პირია დარეგისტრირებული.

მოვალეთა რეესტრში დარეგისტრირების შემდეგ მოვალეს  ეზღუდება საკუთრებაში არსებული უძრავი და  მოძრავი რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების განკარგვა.  მოვალე პირი ვერ მოახდენს რეგისტრაციას  დაქვემდებარებული ქონების ნებისმიერი სახით განკარგვას.  ამ შემთხვევაში კრედიტორი მხარის ინტერესები დაცულია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი მოვალეთა რეესტრის მონაცემების ზრდის დინამიკას ბოლო წლებში განვითერებულ მოვლენებს უკავშირებს:  „2008 წლის ომის შემდგომ ადამიანების დიდი ნაწილი გარკვეულწილად აღმოჩნდა იმაზე უფრო მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, ვიდრე მანამდე იყო. შესაბამისად, ვერ შეძლო აღებული ვალდებულებების დაფარვა“.

აბაშიშვილის შეფასებით, 2008 წლის ჩათვლით, მომხმარებლები აქტიურად ტვირთავდნენ უძრავ ქონებას იპოთეკით:„ბოლო სამი წლის განმავლობაში  ქონებით უზრუნველყოფილი მომხმარებლები იშვიათად იღებდნენ.  მოსახლეობის საშუალო ფენას სერიოზული აქტივის შესაძენად ჭარბი ფული არ აქვს. 98 პროცენტი უძრავი ქონების შესაძენად იყენებს საბანკო კრედიტს. საქრთველოში რთული სიტუაციაა, რადგან იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არის მაღალი. თუ სესხზე განაკვეთი ევროპასა  და ამერიკაში  3–7 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, ჩვენთან განაკვეთი ორმაგია. მოქალაქეებს შემოსავალი დაბალი აქვთ და მისი 80 პროცენტი სესხის უზრუნველყოფაზე იხარჯება“,–ამბობს აბაშიშვილი.

მოვალეთა რეესტრში მოხვედრის შემდეგ  ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ქონება, გარდა იმ ქონებისა, რომელიც ჩამოთვლილია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში. არ დაყადაღდება პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები, რომლებიც აუცილებელია მოვალისთვის თავისი პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და საოჯახო მეურნეობისათვის; ასევე, მოვალის ოჯახის 4 კვირის საკვები; თუ ოჯახს საკვების ერთი თვის მარაგი არ გააჩნია, მაშინ არ დაყადაღდება მათი შეძენისთვის საჭირო თანხა, თუმცა ამ თანხის განსაზღვრისთვის საჭირო საკვების დასახელება კანონში ჩამოთვლილი არ არის.

მოვალეს არ დაუყადაღდება წვრილფეხა საქონელი შეზღუდული რაოდენობით, ანუ თუ მოვალეს რამდენიმე მეწველი ძროხა ჰყავს, ერთს დაუტოვებენ, დანარჩენს დაუყადაღებენ; ასევე მოექცევიან ღორს, ცხვარსა და თხას. აღმარსულებელი, ადამიანებისგან განსხვავებით, პირუტყვისთვის 3 თვის საკვების მარაგსა და მის შესაძენ თანხას ითვალსიწინებს.

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) აღმასრულებელი დირექტორი დათო ნარმანია მოვალეთა რეესტრის ზრდას ქვეყანაში მიმდინარე ბიზნესპროცესებს უკავშირებს: „ამ ვალებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ბიზნესგარემო და ბიზნესებს შორის ურთიერთობა. ბიზნესი აძლევს ადამიანებს მოგებას და საშუალებას, რომ  გაისტუმრონ ის ვალდებულებები, რაც მათ წინაშე არსებობს.  როცა ბიზნესის ურთიერთობები ირღვევა და კაპიტალის ხელმისაწვდომობის პრობლემები არსებობს, მაღალია და მკაცრია ადმინისტრირება, ასეთ პირობებში როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები ვერ აკეთებენ სწორ გათვლებს.  ისინი ოპტიმისტურად უყურებენ თავიანთი ბიზნესის მომავალს, თუმცა საპირისპირო სურათი ხვდებათ. ამიტომ ჩნდება სულ უფრო მეტი მოვალე  რეესტრში და ვალის რაოდენობაც იზრდება.“

დავით ნარმანია მოვალეთა რეესტრის ზრდას ძვირ იპოთეკას და სესხებზე არსებულ მაღალ საპროცენტო განაკვეთებს უკავშირებს: „ჩვენთან მაღალია საპროცენტო განაკვეთები როგორც კომერციულ ბანკებში, ისე არასაბანკო დაწესებულებებში.  აქედან გამომდინარე, მომხმარებლებს უჭირთ ვალის გასტუმრება“– ამბობს ნარმანია.

მისი თქმით, მოვალეთა რეესტრის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლამ და აღრიცხულმა სტატისტიკამ აჩევნა ის პრობლემები, რაც ამ სექტორში არსებობდა.       

მასალების გადაბეჭდვის წესი