ეკონომიკა

საქართველოში კარტოფილის მწარმოებელმა რეგიონებმა ბაზარი დათმეს

30 აპრილი, 2012 •
საქართველოში კარტოფილის მწარმოებელმა რეგიონებმა ბაზარი დათმეს

საქართველოში კარტოფილის მწარმოებელმა ძირითადმა რეგიონებმა სამცხე-ჯავახეთმა და ქვემო ქართლმა საბაზრო პოზიციები დათმეს. სამცხე–ჯავახეთში 2011 წელს  კარტოფილის კულტურას კომბოსტო ჩაენაცვლა. ქვემო ქართლში კი კარტოფილის ნათესები შემცირდა.

ადგილობრივ ბაზარზე ქართული კარტოფილის პოზიციების შესუსტებით  იმპორტიორებმა ისარგებლეს. საქართველოში კარტოფილის იმპორტი ეგვიპტიდან, გერმანიიდან, ირანიდან, ნიდერლანდებიდან, პაკისტანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან ხდება. ბაზარზე ლიდერის პოზიცია თურქეთს აქვს. 2011 წელს ამ ქვეყნიდან იმპორტმა 46 962 900 ტონა შეადგინა. 2010 წელს საქართველოს ბაზარზე, 1 036 700 ტონა კარტოფილის იმპორტით, სომხეთი ლიდერობდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2011 წელს ქვეყანაში კარტოფილის წარმოების შესახებ არსებული მონაცემები მუშავდება. 2010 წელს კარტოფილის მოსავალმა 228 ათასი ტონა შეადგინა;. 2009 წელს – 216,8 ათასი ტონა; 2008 წელს ქვეყანაში მიღებული კარტოფილის მოსავალი 165 ათასი ტონა იყო, რაც  რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.

2010 წელს სამცხე-ჯავახეთში მიღებულმა კარტოფილის მოსავალმა 128,5 ათასი ტონა შეადგინა. 2009 წელს რეგიონში 144,1 ათასი ტონა კარტოფილი აწარმოეს, 208 წელს კი – 105,1 ათასი ტონა.    

2011 წელს სამცხე–ჯავახეთში კარტოფილის ნათესები შემცირდა და ეს კულტურა კომბოსტომ ჩაანაცვლა.

ახალციხის რაიონის სოფელ ვალეს მკვიდრი, ფერმერი გედევან გოზალიშვილი ამბობს, რომ სამცხე–ჯავახეთში კარტოფილის ფართობის შემცირება საბაზრო პოლიტიკამ განაპირობა:

“2011 წელს გლეხებმა და ფერმერებმა კარტოფილის ნაცვლად კომბოსტო დათესეს. 2010 წელს 1 კილოგრამი კომბოსტო 1,40 ლარი ღირდა. კარტოფილის ფასი უფრო დაბალი იყო. კომბოსტო იმის იმედად დათესეს, რომ მიღებულ მოსავალს მაღალ ფასში გაყიდდნენ. თუმცა მოსავალი იმდენად ჭარბი იყო, რომ კომბოსტოს მყიდველი არ გამოჩნდა და პროდუქტი გაუფუჭდათ.“

მისი თქმით, ვალეში სახნავ–სათესი მიწა 800 ჰექტარია. კარტოფილი დაახლოებით 230–250 ჰექტარზე ითესება. 2012 წელს ეს კულტურა 300–350 ჰექტარზეა დათესილი. 2011 წელს, კომბოსტოს ჭარბი მოსავლით მიყენებული ზარალის გამო, ფერმერებმა სტარტეგია შეცვალეს.  

გედევან გოზალიშვილის ინფორმაციით, ვალეში 1 ჰექტარი მიწა 15 მეასედებად არის დაყოფილი. ფერმერები და გლეხები კარტოფილს მცირე ნაკვეთებზე თესავენ, რადგან ამ კულტურის მოსაყვანად გაწეული ხარჯი საკმაოდ მაღალია:

„ხუთი-ექვსი მცირე ნაკვეთიდან ვალეში კარტოფილი ერთ ან ორ ნაკვეთზე ითესება. კარტოფილს მორწყვა სჭირდება. მცირე ნაკვეთზე კარტოფილის თესვის, მოხვნის, სასუქების, დაქირავებული მუშახელის ხარჯი 500 ლარია. 1 კილოგრამი სათესლე მასალა 2,60 ლარი ღირს.  მცირე ნაკვეთზე კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა 3 ტონაა. მიღებული მოსავლიდან ორი ტონა არის საკვები, დანარჩენი კი – საფურაჟე“, – ამბობს გედევან გოზალიშვილი.

სტატისტიკის თანახმად, ქვემო ქართლში 2010 წელს კარტოფილის მოსავალმა  63,3 ათასი ტონა შეადგინა. 2009 წელს ეს მაჩვენებელი 35,3 ათასი ტონა იყო, 2008 წელს კი – 24,9 ათასი ტონა. 2011 წლის მონაცემები რეგიონში კარტოფილის მოსავლის შესახებ მუშავდება. თუ ბოლო წლების სტატისტიკას 2006 წლის მაჩვენებელს შევადარებთ (69,8 ათასი ტონა), კარტოფილის მოსავლის რაოდენობა შემცირებულია.

დმანისის რაიონის, სოფელ ჯავახის მკვიდრი, ფერმერი ჯონდო ადუაშვილი ამბობს, რომ კარტოფილის ნათესები მის რეგიონშიც მცირდება:

„ფერმერები და გლეხები კარტოფილს, ძირითადად, 1 ჰექტარზე თესავენ. დმანისის რაიონის სოფლებში სახნავ-სათესი მიწის მხოლოდ  25 პროცენტია ათვისებული“.

მისი თქმით, კარტოფილის ნათესების შემცირებას, სათესლე მასალის სიძვირესთან ერთად, ხვნა-თესვაზე გაზრდილი ხარჯები განაპირობებს:

“გლეხები დასათესად ძველ თესლს იყენებენ და მცირე მოსავალს იღებენ. დმანისის მუნიციპალიტეტი ზღვის დონიდან 1500 მეტრზეა. ჩვენთან გაზაფხული გვიან დგება, შემოდგომა – ადრე. აგროვადებში ვართ შევიწროვებული. ტექნიკა მოძველებულია. გვაქვს სარწყავის პრობლემა. ძნელია იმ მოცულობის მოსავალი აიღო, რომ ყველა ხარჯი დაფარო და აგროსესხის პროცენტიც გადაიხადო. ამიტომ ფერმერები კომბოსტოს და ლობიოს დათესვას ამჯობინებენ“, – ამბობს ჯონდო ადუაშვილი.

1 ჰექტრის მოხვნა სოფელ ჯავახში 150 ლარი ღირს. ტრაქტორის ნაკვეთამდე მიყვანის (მეტრაჟის) გადასახადი 1 მეტრზე 1,5 ლარია.

„ნაკვეთში ტექნიკა რომ მიიყვანო და ერთხელ რომ მოხნა, ათჯერ უნდა მიხვიდე ტრაქტორთან. 1 ჰექტრის ერთჯერადად მორწყვა 75 ლარი ღირს, რასაც სათესლე მასალის ხარჯიც ემატება,“ – ამბობს ჯონდო ადუაშვილი.

ფერმერის გათვლებით, 1 ჰექტარზე კარტოფილის დათესვას, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 10 000 ლარი სჭირდება:

“1 ჰექტარზე 3-დან 5 ტონამდე კარტოფილი უნდა დათესო, რომ 30 ტონა მოსავალი მიიღო. თუ კარტოფილის ფასი 50 თეთრი იქნება, ფერმერი მიღებული მოსავლის შედეგად 15 ათას ლარს მიიღებს. მოგება 5 ათასი ლარია. ეს იმ შემთხვევაში, თუ მოსავალს ადგილზე გაყიდის” – ამბობს ჯონდო ადუაშვილი.

ადგილობრივი სათესლე კარტოფილის დეფიციტი და იმპორტირებულის მაღალი ფასი, ის ძირითადი პრობლემაა, რამაც საქართველოში ამ კულტურის  ნათესების შემცირება განაპირობა.  

საქართველოში სათესლე კარტოფილის იმპორტს კომპანიები – „ევროპლანტი“ და „აგრიკო“ ახორციელებენ. კომპანია „აგრიკოს“ ვალეში შპს „სასოფლო საკონსულტაციო სამსახური“ წარმოადგენს. სამსახურის ხელმძღვანელი გურამ ჯინჭველაძე ამბობს, რომ კარტოფილის თესლის ძირითადი მომწოდებლები  ჰოლანდია და გერმანიაა.

„კარტოფილის თესლი „აგრიკოსგან“ შემოგვაქვს. 2012 წელს 1 კილოგრამი ელიტა კლასის სათესლე მასალის ფასი 2,60 ლარია. ხარისხი არის მაღალი და ამ სათესლე მასალით, ძირითადად, ვალეს და სამცხე–ჯავახეთის სოფლებს ვამარაგებთ. თესვის სეზონზე სათესლე კარტოფილზე მოთხოვნა 200–300 ტონას შეადგენს,“ – ამბობს ჯინჭველაძე.

ვალეს და ჯავახის ფერმების თქმით, კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი გასაღების ბაზარია:

„ბაზრებში და დიდ მარკეტებში თურქეთიდან შემოტანილი კარტოფილი იყიდება. თურქული კარტოფილის ფასი დაბალია, ამიტომ იმპორტირებულს კონკურენციას ვერ ვუწევთ. მიღებულ მოსავალს, ძირითადად, ახლობლებზე და თბილისიდან ჩამოსულ ვაჭრებზე ვყიდი. პროდუქტი ბაზარზე ვერ გამაქვს, რადგან დამატებითი ხარჯი მემატება,“ – ამბობს ჯონდო ადუაშვილი.

გედევან გოზალიშვილის ინფორმაციით, წარმოებულ კარტოფილს ისიც ადგილზე ყიდის, რადგან ტრანსპორტირების ხარჯი პროდუქტს კიდევ უფრო აძვირებს და იმპორტირებულთან კონკურენციაში მარცხდება:

„ვალეს კარტოფილი იმდენად ხარისხიანია, რომ იყო შემთხვევები, როცა პროდუქტი ჩვენგან თურქებმა პირადი მოხმარებისთვის იყიდეს. თურქული  კარტოფილი ჩვენს ბაზარზე გამართული ტექნოლოგიების და დაბალი ფასის გამო დაწინაურდა, თორემ ხარისხით ქართული  სჯობს“.  

ადგილობრივი კარტოფილის დეფიციტის ფონზე მისი ფასი იზრდება. სტატისტიკის თანახმად,  2008 წელს 1 კილოგრამი ქართული კარტოფილის საბაზრო ფასი 86 თეთრი იყო, 2009 წელს – 79 თეთრი, 2010 წელს – 89 თეთრი. თურქული და სომხური კარტოფილის შემოტანის და რეალიზაციის ფასი გაცილებით დაბალია. ადგილობრივ ბაზარზე 1 კილოგრამი თურქული კარტოფილი 70-75 თეთრი ღირს. ქართული ახალი კარტოფილის ფასი 4–5 ლარია.

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ კონსულტანტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ნუკრი მემარნიშვილი ამბობს, რომ ქართული კარტოფილი ადგილობრივ ბაზარზე პოზიციებს იმ შემთხვევაში დაიბრუნებს, თუ სათესლე მასალის პრობლემა მოგვარდება:

„ფერმერს ძვირადღირებული ჰოლანდიური თესლის ყიდვა მაღალი ფასის გამო უჭირს. ისინი  ადგილობრივ წვრილ კარტოფილს თესავენ  და იღებენ ძალიან დაბალ მოსავალს. კარტოფილს აქვს დიდი პოტენციალი, თუ სამთავრობო დონეზე ამ კულტურის გასავითარებლად პროგრამა შემუშავდება. უნდა შეიქმნას მეთესლეობის სპეციალიზებული მეურნეობები. შემოტანილი ჰოლანდიური კარტოფილის ერთი კილოგრამი თესლის ფასი 2,50-2,60 ლარია. ეს საკმაოდ ძვირია. 1 ჰექტარზე მოსავლის მისაღებად 2,5-3 ტონა სათესლე მასალა უნდა დაითესოს“.  

სოფლის მეურნეობის სამინიტროში აცხადებენ, რომ 2012 წელს კარტოფილის სათესლე მასალასთან დაკავშირებით რაიმე სპეციალური პროგრამის განხორციელება არ იგეგმება.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე კარტოფილის იმპორტი იზრდება. 2011 წელს ქვეყანაში 13,885 მლნ. აშშ დოლარის კარტოფილის იმპორტი განხორციელდა. 2011 წლის მაჩვენებელი 2010 წლის მონაცემს (714 ათასი აშშ დოლარი) 19–ჯერ აღემატება.  2012 წლის იანვარ–თებერვალში ქვეყანაში 1,7 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების კარტოფილის იმპორტი განხორციელდა.

 მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი