
საქართველო–სამხრეთ კორეის ბიზნესფორუმი სასტუმრო ქორთიარდ–მერიოტში დღეს დასრულდება.
ფორუმის ფარგლებში სამხრეთ–კორეული კომპანიებს ადგილობრივი ბიზნესები საინვესტიციო პროექტებს წარუდგენენ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია 2012 წელს სამხრეთ კორეასთან ახალი ეკონომიკური ურთიერთობების დაწყებას პროგნოზირებს.
მინისტრმა ამ საკითხზე სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საქართველო-სამხრეთ კორეის ბიზნეს-ფორუმის გახსნისას ისაუბრა:
“წელს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კორეაში იყო ჩასული, სადაც კორეის პრემიერთან ძალიან პოზიტიური შეხვედრა გამართა, რასაც შედეგად დღევანდელი ბიზნეს-ფორუმი მოჰყვა”.
საქართველო-სამხრეთ კორეის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სამხრეთ კორეა საკვანძო ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბდა.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა ფინანსთა მინისტრის სპეციალური პრეზენტაცია, რომელზეც მან ქვეყნის ეკონომიკა, საფინანსო სისტემა და საქართველოში ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს მიმოიხილა.
ბიზნესფორუმის ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და სამხრეთ კორეის სავაჭრო პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც პალატის ხელმძღვანელები კახა ბაინდურაშვილი და დონგ გეუნ ლი მოაწერენ ხელს.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი კახა ბაინდურაშვილი ბიზნესფორუმისგან კონკრეტულ შედეგებს ერთ თვეში ელოდება: „ეს სამხრეთკორეული კომპანიების პირველი ვიზიტია საქართველოში. სამხრეთ კორეა ინვესტიციების განხორციელების მაჩვენებლის მიხედვით მსოფლიო ათეულში შედის. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სამხრეთკორეელი ინვესტორები დავაინტერესოთ“.
ბაინდურაშვილის თქმით, სავაჭრო სამრეწველო პალატა ბიზნესკომპანიებს კონკრეტულ პორექტებს სთავაზობს. „თბილისს დაახლოებით 120–მდე კორეული კომპანია სტუმრობს, რომლებიც ძირითადად სამშენებლო და ენერგოსექტორში საქმიანობენ. კომპანიების პრიორიტეტია ინვესტიციების მართვა. ალბათ, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება მუშაობა პორექტებზე და ერთი თვის შემდეგ გვექნება კონკრეტული შედეგები“– ამბობს ბაინდურაშვილი.
სამხრეთკორეული კომპანიები უცხოეთის ბაზარზე საკმაოდ აქტიურები არიან. საქართველოში საქმიანობს ავტომობილების მწარმოებელი „ჰიუნდაი“. „ეს კომპანია საკმაოდ აგრესიულად შემოვიდა ბაზარზე და მოკლე დროში დიდი ნიშა დაიკავა როგორც პირველადი, ისე მეორადი მანქანებით ვაჭრობის სეგმენტში. სამხრეთკორეული კომპანიები ბაზარე სწრაფად შემოდიან და კაპიტალს წარმატებულად აბანდებენ“ – ამბობს სავაჭრო–სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი.




