ეკონომიკა

საგადასახადო შეღავათები კონიაკის მწარმოებლებს

25 აპრილი, 2012 •
საგადასახადო შეღავათები კონიაკის მწარმოებლებს

შემოსავლების სამსახური სპირტიანი სასმელების ადგილობრივ მწარმოებლებს აქციზის გადასახადზე შეღავათებს უწესებს.  საკონიაკე სპირტი აქციზის გადასახადით  იმ შემთხვევაში აღარ დაიბეგრება, თუ  მწარმოებლი  პროდუქტს ალკოჰოლური სასმელების იმ კომპანიას მიაწვდის, რომელიც აქციზურ პროდუქციას აწარმოებს.

აქციზის გადასახადზე შეღავათების ამოქმედებამდე ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც კონიაკს ასხამენ, 1 ლიტრ ნედლეულზე აქციზის გადასახადს 4,60 ლარს იხდიან. საქართველოში კონიაკის წარმოება ორმაგი აქციზით იბეგრება. საგადასახადო კოდექსის თანახმად, აქციზის გადასახადი 1 ბოთლ მზა პროდუქტზე 40 თეთრია.  

საკონიაკე სპირტის წარმოების ბაზარი მაღალი გადასახადის გამო საქართველოში ვერ ვითარდება. კონიაკის მწარმოებელი კომპანიები აცხადებენ, რომ მათ ნედლეული ძირითადად საფრანგეთიდან შემოაქვთ.  

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ჯაბა ებანოიძე  „ნეტგაზეთთან“  საუბარში ამბობს, რომ საკონიაკე სპირტზე აქციზის გადასახადის გაუქმების იდეა მთავრობამ მოიწონა და მალე ეს ინიციატივა საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება.

„აქციზის გადასახადი გაუქმდება იმ შემთხვევაში, თუ კონიაკის სპირტის მიწოდება ხდება ღვინის ქარხნიდან ალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში. ქართული კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ კონიაკს, სპირტის შეძენის დროს აქციზის გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. 1 ლიტრზე  4 ლარი და 60 თეთრი საკმაოდ მაღალი განაკვეთია,“– ამბობს ებანოიძე.

მისი თქმით, კონიაკის მწარმოებელი კომპანიები ახალ ინიციატივამდე აქციზის გადასახადს კონიაკის ექსპორრტზე გატანის შემთხვევაში იბრუნებდნენ.

„ქართული კომპანიების უმეტესობას თავისი პროდუქციის 90 პროცენტი გააქვს ექსპორტზე. მათ სპირტის შეძენის დროს უწევდათ დამატებითი დაფინანსების მოძიება, რათა აქციზის გადასახადი დაეფარათ და შემდეგ ის უკან დაებრუნებინათ. ამ ცვლილებით საკონიაკე სპირტის მიწოდებას აქციზისგან ვათავისუფლებთ.  კომპანიებს აღარ მოუწევთ დამატებით თანხის მოძიება. თავის ფულად რესურსებს  მოახმარენ წარმოებას და ექსპორტის ზრდას, რათა  უფრო დიდი ნიშა მოიპოვონ ბაზარზე“, – ამბობს ებანოიძე.

მისი თქმით, საკონიაკე სპირტზე აქციზის გადასახადის გაუქმების შედეგად სახელმწიფო არაფერს არ კარგავს, რადგან რასაც მეწარმეები იხდიდნენ აქციზზე, პროდუქციის ექსპორტზე გატანის შემდეგ მათ უკან უბრუნდებოდათ.

ებანოიძე იმედოვნებს, რომ ქართულ საკონიაკე სპირტზე ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა გაჩნდება.   

კომპანია „კახეთის ტრადიციული მეღვინეობის“ გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ  მისი საწარმო იყენებდა ქართულ სპირტსაც, მაგრამ ძირითადი საკონიაკე მასალა საფრანგეთიდან ჩამოჰქონდა:

„ჩვენმა კომპანიამ, 2011 წლის  მონაცემებით, პროდუქციის 28 პროცენტი გაიტანა უკრაინის ბაზარზე. შემოსავლების სამსახურის ახალი ინიციატივა როცა მოექცევა საკანონმდებლო ჩარჩოში, დარგს განვითარებაში დაეხმარება და არჩევანს ქართულ ნედლეულზე გავაკეთებთ.“

ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, კომპანიამ ექსპორტზე 2010 წელს 1 მლნ 200 ათასი ბოთლი კონიაკი გაიტანა. 2011 წელს – 2 მლნ 400 ათასი ბოთლი. 2012 წელს ექსპორტი 4 მილიონ ბოთლს გაუტოლდება.

„კონიაკის სპირტზე აქციზის გადასახადის გაუქმება წარმოების ზრდაში დაგვეხმარება. საექსპორტო პოტენციალის ზრდა ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია,“– ამბობს ჩხაიძე. 

კომპანია „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“ ბაზარზე 10 წლია საქმიანობს. კონიაკის ექსპორტს 12 ქვეყანაში ახდენს, თუმცა კონიაკის ექსპორტის მიმართულებით სტრატეგიული ბაზარი უკრაინაა. უკრაინაში კომპანიის  ბრენდი „ძველი კახეთი“ არის წარმოდგენილი.  

კომპანია „თბილღვინოს“ დირექტორი  გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ რასაც კონიაკის მწარმოებლები სპირტის აქციზში იხდიდნენ, ის თანხა დაეზოგებათ: „კომპანიები გააფართოებენ წარმოებას და გააიაფებენ პროდუქციას“.

კომპანია „სარაჯიშვილის“ აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბუბუტეიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ  საკონიაკე სპირტზე აქციზის გადასახადის გაუქმება კომპანიისთვის საკმაოდ  მნიშვნელოვანია:

„ნედლეულზე აქციზის გადასახადის გაუქმების შედეგად  დაგვეზოგება 1,5 მილიონი ლარი. გამოთავისუფლებული თანხა მიმართული იქნება სხვა ინვესტიციებში.“

ბუბუტეიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე საკონიაკე სპირტს ხუთი კომპანია მცირე მოცულობებით აწარმოებს:

„საქართველოში საკონიაკე სპირტის წარმოების მაჩვენებელი დაბალია. აქციზის გადასახადის გაუქმება არის  ძალიან მასშტაბური გადაწყვეტილება. ეს დიდი შეღავათი იქნება კონიაკის მწარმოებელი კომპანიებისთვის და ბიძგს მისცემს საკონიაკე სპირტის წარმოებას. ადგილობრივი წარმოებით მოთხოვნილი რესურსის შევსებას დაახლოებით  2 წელი დასჭირდება,“ – ამბობს ბუბუტეიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი