პარლამენტში „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონპროექტის მესამედ მოსმენის ზუსტი თარიღი ამ დრომდე უცნობია. საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის“ წევრის გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით: „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენაზე გატანა გართულდა: „პროექტის დამტკიცება პარლამენტში იმიტომ ჭიანურდება, რომ მთავრობა ცდილობს მონოპოლიებთან არსებული რეალობა კანონს მოარგოს“.
კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში 2011 წლის ოქტომბერში შევიდა. პირველი მოსმენა პლენარულ სხდომაზე დეკემბერში შედგა, მეორედ პროექტს კენჭი 2012 წლის თებერვალში უყარეს. გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კანონპროექტის დამტკიცება საკანონმდებლო ორგანოში 6 თვის მანძილზე გაჭიანურდა.
მთავრობის საპარლამეტო მდივანი „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებდა, რომ „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ პროექტს პარლამენტი მარტში დაამტკიცებდა. ხუროშვილი ამბობს, რომ კანონპოექტი საგაზაფხულო სესიაზე აუცილებლად დამტკიცდება.
„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ მომზადებული კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ კანონი „კონკურენციისა და სახელმწიფო ქონების შესყიდვების სააგენტომ“ უნდა აღასრულოს, რომელიც 2012 წლის იანვარში ორი სააგენტოს (თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს) შერწყმის საფუძველზე ჩამოყალიბდა.
ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ვირჯინი კოსული ამბობს, „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონპროექტზე საქართველოს მთავრობა 2 წლის განმავლობაში მუშაობდა: „ეს კანონპროექტი ბევრად უფრო გაუმჯობესებელი ვარიანტია, ვიდრე ადრე იყო. მასში კონკურენციის არსი არის ჩადებული. თუმცა საკმაოდ რთულია, რომ კანონპორექტი იყოს სრულყოფილი. ვიმედოვნებ, ის დაიხვეწება. კონკურენცია საკმაოდ მნიშვნელოვანია, როცა კომპანიებს შორის კონურენცია სამართლიანია, მომხმარებელიც დაცულია, რადგან ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ფასები დაბლა მოდის“.
ვირჯინი კოსულის თქმით, ის ხშირად ისმენდა მოსაზრებას, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და რაში სჭირდება კონკურენციის პოლიტიკა? „პატარა ქვეყნები არ არიან დაცული იმისაგან, რომ კონკურენცია არ იყოს გადანაწილებული. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ბაზრები განვითარებულია, ყველგან ხდება დისციპლინარული წესების მიღება. შესაძლებელია ამ წესებში გარკვეული განსხვავება იყოს, მაგრამ თავისუფალი კონკურენციის არსი ერთია“– ამბობს კოსული.
„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“კანონპროექტში ძირითადი დავის საგანი მერვე მუხლია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ წარმომადგენელი ნათია კუტივაძე ამბობს, რომ
„მე-8 მუხლი განსაზღვრავს ხელშეკრულებებს, რომლებიც უმნიშვნელოდ ზღუდავენ კონკურენციას და რომლებსაც არ არეგულირებს კანონი. კანონპროექტის თანახმად, ასეთ ხელშეკრულებად მიიჩნევა ჰორიზონტალური ხელშეკრულება, რომლითაც მხარეების ერთობლივი საბაზრო წილი ბაზარზე არ აღემატება 25%-ს, ხოლო ვერტიკალური შეთანხმების დროს თითოეული მხარის საბაზრო წილი არ უნდა აღემატებოდეს 40%-ს. იმ შემთხვევაში კი, როცა რთულია განსაზღვრა – ჰორიზონტალურია თუ ვერტიკალური შეთანხმება, საერთო საბაზრო წილი არ უნდა აღემატებოდეს 40%-ს“.
მისი თქმით, ეს პროცენტული მაჩვენებლები არ ემთხვევა ევროკავშირის საკანონმდებლო პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, ჰორიზონტალური ხელშეკრულების დროს კომპანიების საერთო-საბაზრო წილი არ უნდა აღემატებოდეს 10 პროცენტს, ხოლო ვერტიკალური შეთანხმების დროს – 15 პროცენტს. ევროკავშირისვე კანონმდებლობით, თუკი შეთანხმების კლასიფიცირება რთულია, მაშინ ასეთ დროს ამ კომპანიების საერთო-საბაზრო წილი არ უნდა აღემატებოდეს 10 პროცენტს.
ეკონომიკის მეცნიერებათა პროფესორი ქეთი ლაფაჩი ამბობს, რომ ყველაზე მგრძნობიარე და არაჯანსაღი კონკურენცია საქართველოში ფარმაცევტულ სექტორშია, რადგან ეს სფერო ინტეგრირებულია სამედიცინო მომსახურებასა და დაზღვევასთან. „არსებობს მაგალითები, როცა წამალი არ მიყიდეს მომხმარებელს, რადგან ის კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიაში არ იყო დაზღვეული. ასევე ბანკები სამომხმარებლო კრედიტს არ აძლევენ ავტომანქანია ყიდვის მსურველს, თუ ის ავტომობილს კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიაში არ დააზღვევს“.
ლაფაჩის შეფასებით, მთავრობის დღევანდელი კურსი კონკურენციის პოლიტიკაში არ შეესაბემება ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. „მთავარია ზუსტად განისაზღვროს სააგენტოს სტატუსი, რადგან ფორმარული ცლილიებების შედეგად დაუბალანსებელი სტატუსის შემთხვეში სააგენტო ვერ იმუშავებს“.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, ლინა ღვინიანიძე კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს. „ სააგენტოს მუშაობაში აქტიური როლი მთავრობას ენიჭება. მთავრობა ამტკიცებს სააგენტოს პრიორიტეტულ მიმართულებებს, პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარეს“– ამბობს ღვინიანიძე.
სააგენტოს მიერ საქმეზე მოკვლევა არ დაიწყება, თუ წარმოდგენილი საჩივარი ან განცხადება არ შეესაბამება მთავრობის მიერ სააგენტოსათვის დამტკიცებულ პრიორიტეტულ მიმართულებებს. ღვინიანიძის განმარტებით, ეს საკმაოდ სერიოზული ხარვეზია.
საია-ს შეფასებით, აღნიშნული ჩანაწერი არაგონივრულად ზღუდავს მომჩივანის თუ განმცხადებლის უფლებებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სააგენტოს დამოუკიდებლობის საკითხსაც. ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ პარლამენტში კანონპორექტის განხილვისას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საიას) რეკომენდაციები არ იყო გაზიარებული.
