ეკონომიკა

ნოტარიუსებს უფლებები გაეზარდათ

27 მარტი, 2012 •
ნოტარიუსებს უფლებები გაეზარდათ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პარალელურად, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებებისა და კომპანიების რეგისტრაციის უფლება ნოტარიუსებსაც მიენიჭათ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება უკვე განხორციელდა.

საჯარო რეესტრის ელექტრონულ მონაცემთა ბაზებთან წვდომის უზრუნველსაყოფად, დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს- საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა მოაწერეს ხელი.

“აღნიშნული სიახლე მომხმარებელს საშუალებას აძლევს, როგორც სანოტარო, ისე საჯარო რეესტრის მომსახურება ერთ სივრცეში მიიღოს. მაგალითად, ნოტარიუსთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, მომხმარებელს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას, აღარ მოუწევს საჯარო რეესტრში მისვლა; ნოტარიუსი თვითონ მოახდენს საკუთრების უფლების რეგისტრაციას და ამონაწერსაც გასცემს“–აცხადებენ საჯარო რეესტრის სააგენტოში.

ნოტარიატში დანერგილი სიახლეები მომხმარებელთა მომსახურების გამარტივებაზეა ორიენტირებული. მოქალაქე სანოტარო ბიუროში ამოწმებს გარიგებას, არეგისტრირებს ქონებაზე უფლებას, იღებს ამონაწერს და სააღსრულებო ფურცელს. ცნობისათვის, სააღსრულებო ფურცლის მიღება სასამართლოს გარეშე ნოტარიუსისგან 2009 წლიდან გახდა შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი