ეკონომიკა

სატრანსპორტო მომსახურება 21 % – ით გაძვირდა

5 მარტი, 2012 •
სატრანსპორტო მომსახურება 21 % – ით გაძვირდა

2012 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0,2  პროცენტი შეადგინა. საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი კი 6,2 პროცენტს გაუტოლდა. მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია მომსახურების სერვისის და ტრანსპორტის გაძვირებამ.

თებერვლის თვის სტატისტიკით, ფასები 2,7 პროცენტით გაიზარდა სასტუმროების, კაფეების და რესტორნების ჯგუფზე, რამაც ინფლაციაში 0,12 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები 0,7 პროცენტით გაიზარდა, რამაც ინფლაციის მაჩვენებელში 0,09 პროცენტული პუნქტი შედგინა. 1,9 პროცენტით გაძვირდა საწვავ–საპოხი მასალები, 1,3 პროცენტით საჰაერო ტრანსპორტი, 2,8 პროცენტით საზგადოებრივი კვების დაწესებულების სერვისი.

12 თვიან პერიოდში ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ქვეჯგუფებზე: სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 7,1 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მაჩვენებელში – 3,5 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ხილსა და ყურძენზე (34,5 პროცენტი), ბოსტნეულზე, ბაღჩეულზე, კარტოფილსა და სხვა ბოლქვოვნებზე(20,3 პროცენტი), შაქარსა და სხვა ტკბილეულზე (15,6 პროცენტი). ფასები გაიზარდა ხორცისა და ხორცპროდუქტების ქვეჯგუფზე(15,0) პროცენტით.

12 თვიან პერიოდში არსებული სტატისტიკით, ფასები 12,4 პროცენტით გაიზარდა ტრანსპორტზე. ამ ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მაჩვენებელში 1,2 პროცენტული პუნქტი შედგინა. ამ ჯგუფში, ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა სატრანსპორტო მომსახურების ქვეჯგუფზე (21,1 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოტაციის ქვეჯგუფზე (5,6 პროცენტი).

მასალების გადაბეჭდვის წესი